Google+

სიახლეები

26.01.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება

მე იძულებული გავხდი შვეიცარიაში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შემეწყვიტა, სადაც სახელმწიფო ლიდერებთან და გავლენიან პოლიტიკოსებთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა დანიშნული.

ჩავთვალე, რომ დღეს ჩემი ადგილი არის იქ, სადაც ჩემს ხალხს ყველაზე მეტად ვჭირდები, თუმცა გამომგზავრებამდე მსოფლიოს ყველა წამყვან ტელეკომპანიასთან ვრცელი გასაუბრება მოვასწარი.

მსოფლიოს ყველა წამყვან ტელევიზიაში საქართველოში მიმდინარე ბარბაროსობაზე მთელი დღის განმავლობაში ვრცელი რეპორტაჟები გადაიცემა.

დღეს ჩვენთვის სოლიდარობა გადამწყვეტია იმისათვის, რათა თავზეხელაღებულ ხალხს გონზე მოსვლა ვაიძულოთ.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდი მთავრობის ყველა რგოლს, ჩვენს ენერგეტიკოსებს ამ დღეებში საერთოდ არ დაუძინიათ. სიტუაციის დასარეგულირებლად ასობით ადამიანი მუშაობს.

მინდა მადლობა ვუთხრა ქალაქის ხელისუფლებას, თუმცა ქალაქში ბევრი ხალხია და ავტობუსების რაოდენობამ უნდა მოიმატოს.

მე ჩვენი ხალხის ორგანიზებულობით და სიტუაციის სწორი აღქმით მოხიბლული ვარ.

მოვიხიბლე ტელევიზიით გასული სიუჟეტით, სადაც სკოლის მოსწავლეს პატარა ხელებით შეშა მოჰქონდა და ამბობდა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს გადავიტანთ.

კატეგორიულად მინდა გავაფრთხილო ყველა რჯულის "სპეკულიანტი" - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს უბედურება ვინმემ ნავთის და გაზის ფასის მკვეთრად გაძვირებისთვის და ხელის მოთბობისთვის გამოიყენოს. ამ "სპეკულიანტებს" ხელებს დავუმოკლებთ, ამიტომ ამის კეთებას არავის ვურჩვეთ.

დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან ერთ-ერთმა ლიდერმა გვირჩია, რომ საქართველომ მუხლებზე დაიჩოქოს.

იმ პირობებში, როცა საქართველოს საგრძნობი ნაწილი ჩამქრალია, მინდა იცოდნენ, რომ საქართველო არ დაიჩოქებს. ეს ხალხი ჩვენი ერის დაჩოქილ მდგომარეობაში ნახვას ვერ ეღირსება. ჩვენ უფრო დიდი ერი ვართ, ვიდრე ამ პატარა კაცუნებს წარმოუდგენიათ, იმიტომ რომ ბევრად უფრო რთული მდგომარეობისთვისაც გაგვიძლია.

ჩვენ ამჯერად არა ჩვენმა კორუმპირებულობამ დაგვარტყა და არა იმან, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით. არამედ იმან, რომ წელს პირველი ზამთარი იყო, როდესაც საქართველოს ელექტროენერგიის პრობლემა არ ჰქონდა, იმის გამო, რომ ჩვენ ამ სექტროში წესრიგი დავამყარეთ, რამდენიმე ასეული ადამიანი დაკავებული იქნა. ჩვენ ავაშენეთ ჰესები და რამდენიმე თვით ადრე სხვა ალტერნატივის ძებნა დავიწყეთ.

იმ პროგნოზების მიუხედავად, რომ საქართველო დაინგრეოდა და დაიქცეოდა, ჩვენ წლევანდელი წელი აღმშენებლობის წელიწადად გამოვაცხადეთ, ამ ბოღმიანმა ადამიანებმა დაინახეს, რომ თურმე ჩვენ არ ვტყუოდით. ჩვენ მართლა ვაშენებთ, ვზრდით ბიუჯეტს, ვამცირებთ კორუფციას, ვითარდებით სწრაფად, ვიდრე დიდი სახელმწიფოები.

სწორედ ამ დროს უხეში მეთოდით დაგვარტყეს, ააფეთქეს თავის ტერიტორიაზე, რომ ყველასთვის ყველაფერი ნათელი ყოფილიყო.

ასეთი დარტყმა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩეხეთზე, ბალტიის ქვეყნებზე, მაგრამ ჩვენ აგვირჩიეს, რადგან ჰგონიათ, აქ გაწყვეტენ ჯაჭვს და საქართველო ვერასოდეს გახდება დამოუკიდებელი.

საქართველო პირველად არის იმ სიტუაციაში, როცა მას აღარ ჰყავს"მარაზმატიკული" მთავრობა, მას თავის ხალხზე მზრუნველი, ერთ მუშტად შეკრული, მომქმედი, საზრიანი და პასუხიმგებლობის მქონე მთავრობა ჰყავს.

დამოუკიდებლობა სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება. ეს არის ენერგეტიკული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ეს იყო ბოლო ზამთარი, როდესაც მათ ჩვენზე დარტყმის მიყენება შეეძლოთ.

შემოდგომაზე ამუშავდება გაზსადენი, ვაშენებდით საკუთარ ჰესებს, მათ ეს კარგად იცოდნენ. ჩვენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ვაღწევთ. მეორე კომპონენტი კი ტერიტორიული დამოუკიდებლობაა. საქართველო ძლიერდება და თანაც ისე, რომ ამ საკითხში ადვილი ხელწამოსაკრავი არ იქნება.

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთო. აშკარად მოახლოვდა ის პერიოდი, როდესაც ცხინვალი და რაც მთავარია სოხუმი, ჩვენი ქვეყნის კარგად განვითარებული ქალაქები იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, რაც არ უნდა გაგვითიშონ და გადაგვიკეტონ.

მესამე კომპონენტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა, საქართველო დემოკრატიული ევროპული ქვეყნების თანამეგობრობის წევრია და ამის ფორმალიზება უნდა მოხდეს.

ჩვენ ტერიტორიაზე ვერავინ ვეღარ ისეირნებს ისე, როგორც ადრე, ვერავინ ვერ შეიტანს და გამოიტანს იარაღს, თითქოს ეს სახელმწიფო კი არა, მიტოვებული ტერიტორია იყოს.

სამივე მიზანი განხორციელებადი და რეალისტურ ვადაში მიღწევადია. მსურს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ეს გავიაზროთ.

დღეს ჩვენი შვილების მომავლის საკითხი წყდება - იქნებიან თუ არა ისინი ნახევრად კოლონიური ქვეყნის მოქალაქეები, რომელსაც პატივს არავინ სცემს, თუ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ვიქნებით. ეს საკითხი ახლა წყდება, თავის დროზე ეს ბალტიის ქვეყნებში წყდებოდა, ჩვენთან კი- 9 აპრილს...

ეს თოვლი, რომელიც ჩვენს ქუჩებში დევს, 23 ნოემბრის ცივ სიტუაციას მაგონებს, რომელიც ჩვენ ვაჟკაცურად გადავიტანეთ და ადამიანურ ცხოვრებაზე გადასვლა დავიწყეთ.

თუ ჩვენ მტკიცედ დავდგებით, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე პესიმისტურ, ცხვირჩამოშვებულ საქართველოს ვერ ნახავს. სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, ეს მათ არ უნდა ეღირსოთ.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ნუ გავახარებთ ამ ბნელ ძალებს. ბოროტება და სიკეთე ერთმანეთს ებრძვის. ეს არის კლასიკური ბოროტების მაგალითი, თუ არა ბოროტი, სხვა ვინ გაყინავს ბავშვებს და ქალებს, ბოროტებამ ვერ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ამ ყველაფერს გადავიტანთ და სწრაფ განვითარებას გავაგრძელებთ.

ეს ყველა ნორმალური ადამიანის პრინციპია.

ჩვენ სამხედრო დისციპლინის პირობებში ენერგიულ მოქმედებებს ვაგრძელებთ. შინაგან საქმეთა მინისტრი ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას თავად ხელმძღვანელობს. ენერგეტიკის მინისტრი ირანშია. ირანი გაზის მიწოდებას საგანგებო რეჟიმში გვთავაზობს, ჩვენ ამისთვის ინფრასტრუქტურა უკვე შევქმენით.

ის ბოლო ბერკეტი, რომელიც ამ დაჩლუნგებულ ძალას ჩვენს წინააღმდეგ კიდევ გააჩნია ვერასოდეს ვერ უნდა გამოიყენოს.

ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მთავრობა თავის კაბინეტებში ცხოვრობს, ვინც კარვებშია - კარვებში იქნება... არც ერთი მათგანი არ დაისვენებს, სანამ სწრაფ გამოსავალს არ მოვძებნით.

ეს არის გზა, რომელიც ბნელეთის მოციქულების მოცილებაში დაგვეხმარება.

ამ თემაზე პირველი დღიდან ვფიქრობ, ამიტომ დაგვარტყეს ისე უხეშად, დათვურად, როგორც მათ ჩვევიათ. მთავარი, რასაც ისინი ვერ ნახავენ, ეს ჩვენი შიში და სისუსტეა, ამისთვის კი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)