საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდეტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლიდერებმა შეხვედრის დეტალებსა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, კერძოდ, ყურადღება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეს სარკინიგზო მაგისტრალი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ის რეგიონალური თანამშრომლობის ასპექტში უნდა განვიხილოთ, რადგან მას გეოპოლიტიკური და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და რეგიონის უსაფრთხოების გარანტია.
„არავის არ გაუკეთებია საქართველოსთვის იმდენი, რამდენიც აზერბაიჯანმა გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამსახურება, რაც ჩვენს ხალხს უკვე ჩვევად ექცა. მიხარია, რომ აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო ჩამოსული და მნიშვნელოვანია, რომ ისიც დარწმუნდეს ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სტრატეგიული, ნამდვილი გეოპოლიტიკური გადატრიალება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ. ეს არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ბაქო-ლონდონის რკინიგზა. ეს პროექტი რეალურად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე მიმდინარე წელს. ეს არის რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის არის ფანჯარა ევროპაში, ფანჯარა განვითარებისთვის და მართლაც ისტორიული შანსი, რომ საბოლოოდ გავიდეთ ევროპის კონტინენტზე, ისევე როგორც მნიშვნელოვანი შანსი - საქართველოს სხვადასხვა რეგიონების განვითარებისა. ამ რკინიგზის პროექტისთვის ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და გრძელვადიანი კატასტროფა იქნება. ამიტომ სრულად უნდა გამოვრიცხოთ, ამ პროექტის ეჭვქვეშ დაყენება და დღეს ნებისმიერი სხვა ალტერნატივის ამუშავებაზე ლაპარაკი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია. ეს მიმართული იქნება რეგიონალური თანამშრომლობისა და საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენი გზა ევროპისკენ და ნატოსკენ დღეს ასევე გადის აზერბაიჯანთან და თურქეთთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე. ჩვენთვის ეს არის არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ გეოპოლიტიკური გზაც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს წლების განმავლობაში ედგა მხარში და არ არსებობს გარემოებები, რომლებიც ორი მოძმე ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას შეარყევს. მისი თქმით, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც უნდა გაგრძელდეს, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო კვლავ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პარტნიორად რჩება და რეგიონალური უსაფრთხოება სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებაზეა დამოკიდებული. მიმართვისას, მან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის დინამიკურ განვითარებას მიუთითებს.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად არაერთი პროექტი განხორციელდა და ამჟამადაც გრძელება. ეს პროექტები დადებითად იმოქმედებს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მის სტაბილურობაზე. ყარსი-ახალქალქის რკინიგზას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. ჩვენ ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ ვართ მეგობარი ქვეყნები. საქართველო დგას დინამიკური განვითარების გზაზე. თქვენს ქვეყანაში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების მაჩვენებელია. ამ პროექტებს არა მხოლოდ დსთ-ის ქვეყნები სწავლობენ, არამედ თქვენს მაგალითს სხვა ქვეყნებიც იზიარებენ. ჩვენს ქვეყნებს შორის გახორციელებული პროექტები ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნების განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.