Google+

სიახლეები

06.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, ევროპის მოედანზე ახალ მონუმენტს ჩაუყარა საფუძველი

მინდა ყველას გიორგობის დღესასწაული მოგილოცოთ!

ამ შესანიშნავ დღეს, გიორგობის დღესასწაულზე და აჭარის რევოლუციის ორი წლისთავზე, ჩვენი საყვარელი აჭარიდან, ბათუმის ცენტრიდან მსურს თითოეული ქართული ოჯახი მოვიკითხო.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩემთვის იმედის დღეა, რადგან სწორედ დღეს, ბათუმში დიდი პროექტების განხორციელება დავიწყეთ.

ჩვენ დავიწყეთ ბათუმის ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც საქართველოს კარიბჭე, მთელ ევროპასა და მსოფლიოზე გასასვლელი უნდა გახდეს.

ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე ათეული ახალი სასტუმროს, გადამამუშავებელი და სხვა ტიპის საწარმოს მშენებლობა.

დავიწყეთ პროექტების პრეზენტაცია.

ამას გარდა, ბათუმში ყველა სკოლა გავარემონტეთ და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება - ყველა სკოლა შეკეთდება მთელი აჭარის მასშტაბით.

დღეს რამდენიმე ახალი ამბულატორია გაიხსნა, ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს.

ეს ის პროცესია, რომელიც მთელ საქართველოში მიმდინარეობს.

აღმშენებლობა, რომელიც აჭარაში დაიწყო, აუცილებლად გადაედება კახეთს, იმერეთს, რაჭას, გურიას, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთს, ქართლსა და თბილისს და, რა თქმა უნდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.

მინდა გითხრათ, რომ დღეს, იმ მშენებლობების გარდა, რომლებიც ხალხის დასაქმებასა და ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას უზრუნველყოფს, საფუძველს ვუყრით ახალი მონუმენტის მშენებლობას.

ეს აჭარის რევოლუციის ორი წლისთავზე ხდება, მას შემდეგ, რაც აჭარლებმა წარმოუდგენელი გამბედავობა გამოიჩინეს; მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო, თუ რას წარმოადგენს ქართველი ხალხი, მისი გენი, მათი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ის, რომ ჩვენთვის ყოველგვარი დიქტატორული მეთოდი და ჩაგვრა მიუღებელია.

დღეს ამ ადგილზე საფუძველს ვუყრით იმ მონუმენტის მშენებლობას, რომელიც ბათუმელების, ქობულეთელების, ხელვაჩაურელების, ქედელების, ხულოელებისა და აჭარის ყველა ქალაქის, სოფლისა და დასახლებული პუნქტის წარმომადგენლის წარმოუდგენელი სიმამაცისა და გამბედავობის სიმბოლო იქნება.

დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მონუმენტს, რომელიც საქართველოსა და აჭარის აღმშენებლობის სიმბოლო გახდება.

იქნება სიმბოლო იმისა, რომ აჭარას დანარჩენი საქართველოსგან, ვერც ამ საუკუნეში და ვერც მრავალი ასწლეულის შემდეგ, ვეღარავინ ჩამოაცილებს.

დღეს საფუველს ვუყრით მონუმენტს, როგორც იმ გზის სიმბოლოს, კელაპტარსა და ჩირაღდანს, რომელიც ყველას ჩვენს აფხაზეთში დაგვაბრუნებს, გაგვამთლიანებს და ბათუმში დაწყებულ პროცესებს სოხუმში დაასრულებს.

ეს მონუმენტი იქნება აჭარის მომავლის სიმბოლო, თავისუფალ, ერთიან, ბედნიერ, გამთლიანებულ საქართველოში.

საქართველოს მთავრობამ ბევრი იმუშავა და დღეს მთელი აჭარა - ჩოლოქიდან სარფამდე სრულად განათდება- განათდება თითოეული გვირაბი, შესახვევი, გზა.

ეს, ასევე, აჭარის ადგილობრივი მთავრობის, უზენაესი საბჭოს, მისი თითოეული წარმომადგენლისა და თითოეული თქვენგანის დიდი მუშაობის შედეგიცაა.

ამ მოედნიდან ყველამ ერთად დავანახოთ მთელ ქვეყანას, თუ რას ნიშნავს განათებული, გაბრწყინებული აჭარა, როგორც ჩირაღდანი მომავალი განათებული და გაბრწყინებული საქართველოსი!

ამ მონუმენტს ჩვენ ერთად ჩავუყრით საფუძველს და ახალი შადრევნის ჩართვამდე, მთელ აჭარას გავანათებთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)