Google+

სიახლეები

15.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღვინის ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა

ჩემო ძვირფასებო!

მინდა მოგესალმოთ აქ, კახეთში, ამ უმშვენიერეს დღეს!

განახლებული თელავი ჩვენთვის, მთელი საქართველოსათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია.

ახლა ვენახიდან მოვდივარ - თუ გინდათ მტერს გული გაუსკდეს, ხოლო თქვენ გაგინათდეთ, ხოდაშენში, დათო ბურნაძის ვენახში უნდა ჩახვიდეთ.

მინდა დათო ბურნაძის ვენახში დავპატიჟო საქართველოს დიდი "ქომაგი" პრეზიდენტი პუტინი - მივესალმებით თუ ჩამოვა და ჩვენს ღვინოს დააგემოვნებს.

მსურს აქ დავპატიჟო რუსეთის სანიტარული ინსპექცია, ყველა რუსი გენერალი, რომლებსაც ასე "შესტკივათ" საქართველოზე გული; მსურს ემბარგოს ყველა ინიციატორი ჩამოვიყვანო, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიგონონ კახეთის ხმა, კახეთიდან გაჟღერებული საქართველოს ხმა და ნახონ, რომ საქართველო არ ტყდება, საქართველო არ იჩოქებს და საქართველოს დამარცხება შეუძლებელია!

კახეთმა ეს დაამტკიცა შარშან და დაამტკიცებს წელსაც.

ერთი რამ სრულიად ნათელია, ემბარგოს მიუხედავად, წელს კახეთში ყურძნის მთელი მოსავალი დაბინავდება, შესაძლოა იმ ფასად ვერ ჩავაბაროთ რა ფასის მიღებაც გვსურს, შესაძლოა ისეთი შემოსავალი ვერ მივიღოთ, როგორი მოლოდინიც იყო, მაგრამ მთელი მოსავალი დაბინავდება.

შესაძლო,ა ზოგიერთი ფულს იმაში იღებდეს, რომ ტელევიზიით ვენახის ჩეხვა აჩვენოს, მაგრამ ასეთი ძალზე მცირე პროცენტია.

ძირითადად, აქ სხვა ხალხია, ისინი დღე და ღამე შრომობენ იმისათვის, რომ მოსავალი მოიყვანონ და შემოსავალი მიიღონ, საკუთარი თავი გააძლიერონ და ოჯახები ფეხზე დააყენონ.

ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს დამმარცხებელი არანაირი ძალა არ არსებობს!

ჩვენ ახლა დიდი ერეკლე მეორის ძეგლისა და სახლის წინ ვიმყოფებით.

ხმლის ქნევაში ერეკლე მეორეს ბადალი არ ჰყავდა, ერეკლე მეორეს, მტრის მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ომი არ წაუგია.

იცით როდის დამარცხდა საქართველო? - მაშინ, როდესაც აღა მაჰმად ხანი ჩვენი ქვეყნის კარიბჭეს მოადგა, მეფე ერეკლე სოფელ-სოფელ დადიოდა და ქუდზე კაცს იბარებდა, საქართველოს მოღალატეები კი, მარკოზაშვილის ნაძირალა რაზმელები მეფის საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდნენ, ხალხს დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ და თავის გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

მინდა აქ შეკრებილ ხალხს, ათი ათასობით ადამიანს გკითხოთ - რომელი გზა გირჩევნიათ, მეფე ერეკლეს გმირული გზა, თუ მარკოზაშვილისა?

დღეს მარკოზაშვილებს ტელესადგურები და ფული აქვთ, მათ სხვა ხერხითაც შეუძლიათ ზემოქმედება, მაგრამ მათ არა აქვთ მთავარი რამ - ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

ჩემო მეგობრებო, მსურს გითხრათ, რომ დღეს საქართველო ისე ძლიერია, როგორც არასდროს; არც დავით აღმაშენებლის დროს, არც თამარ მეფისა და ერეკლეს დროს საქართველოს არ შეეძლო გამოეყვანა იმხელა ლაშქარი რამდენის გამოყვანაც შეუძლია დღეს.

ჩვენ გვყავს ასობით ათასი რეზერვისტი და საუკეთესოდ მომზადებული პროფესიული ჯარი, გვყავს წელში გამართული პოლიცია, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო აპარატი; რაც მთავარია, იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ვვითარდებით და ფეხზე ვდგებით.

ნახეთ როგორ იცვლება ჩვენი ქალაქები, ნახეთ როგორ ვაშენებთ თელავს, როგორი გახდა სიღნაღი, როგორ გავაკეთებთ გურჯაანს, საგარეჯოს, ქუთაისს, ზუგდიდს, ბათუმს...

ეს ყოველივე იმისთვის არ კეთდება, რომ მხოლოდ ჩვენ გაგვეხარდეს, საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვა, რომ მთელი ღვინო ადგილზე, საქართველოშივე გასაღდება - მას თავად დავლევთ ტურისტებთან ერთად, თავად ვისიამოვნებთ, შემოსავლებს მივიღებთ და დავდგებით ფეხზე.

მინდა მოგმართოთ კახელებს - საქართველოს ხერხემალს, თანამედროვე შაჰაბასმა (თქვენ იცით ვისაც ვგულისხმობ) მთავარი დარტყმა მოგაყენათ თქვენ, ღვინის ემბარგო მომართული იყო თქვენს დასამარცხებლად, რადგან ამ თანამედროვე შაჰაბასმა, საქართველოს არაკეთილმოსურნემ კარგად იცის, რომ საქართველოს დამარცხების გზა კახეთზე გადის.

თუ კახეთი გატყდება და დაიჩოქებს საქართველოს საქმე წასულია.

მან კარგად იცის, რომ თბილისში ყოველთვის იყვნენ მარკოზაშვილები, მაგრამ მან დაინახა, რომ კახეთის გატეხვა შეუძლებელია.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი და საქართველოს გაერთიანებას, ჩვენ და სოხუმს, ჩვენ და ცხინვალს ხელის ერთი გაწვდენა გვაშორებს.

ნურავის ნუ მივცემთ ამ ხელის მოკვეთის საშუალებას!

დღეს ცხინვალსა და სოხუმში დასაბრუნებელი გზა გადის არა თბილისიდან დასავლეთისკენ, არამედ თბილისიდან აღმოსავლეთზე - თბილისიდან კახეთზე - თელავზე, გურჯაანზე სიღნაღზე საგარეჯოზე, დიდი ილიას სამშობლოზე.

სოხუმში სწორედ ამ გზით დავბრუნდებით - თელავის ყვარელის ლაგოდეხის გავლით და აუცილებლად წავალთ იქ ყველანი ერთად!

დღეს შიშზე ლაპარაკობს ის, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია, შიშზე ყოველთვის ლაჩარი ლაპარაკობს.

ყველამ კარგად უნდა დაინახოს, რომ საქართველოს ღირსების ქვეყანაა, ხოლო ღირსება არ იცვლება არანაირ ფულზე!

ღირსება არ იყიდება არავითარი სიძნელეების გამო!

ისინი, ვინც ღვინის ემბარგო შემოიღო, გვეუბნებიან - დათმეთ ცხინვალი და სოხუმი და თქვენი ღვინო დაბრუნდება რუსეთის ბაზრებზე.

თანახმა ხართ დათმოთ ცხინვალი და სოხუმი? თანახმა ხართ დათმოთ საქართველო?

ეს არის თქვენი პასუხი მოკოვისათვის და ზოგიერთისთვის თბილისშიც.

საქართველო არ იყიდება!

საქართველოს არ ეშინია!

საქართველო არასოდეს არ დაიჩოქებს!

მსურს ეს გზავნილი აქედან მთელ საქართველოს წავუღო.

არასდროს არ დამავიწყდება შარშანდელი შეკრება თელავში - მაშინ ჯერ კიდევ სუსტები ვიყავით, ჯერ კიდევ ბევრს ეშინოდა და ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ შარშან მთელმა კახეთმა თანამედროვე შაჰაბასს უთხრა, რომ ვერავინ შეგვაშინებს და ვერავინ დაგვაჩოქებს;

- თქვენი არავის არ ეშინია, ჩვენ გავძლიერდებით!

შარშანდლის შემდეგ სიღნაღი ავაშენეთ, შარშანდლის შემდეგ თელავი შენდება, შარშანდლის შემდეგ ჩვენი ჯარი მკვეთრად გაიზარდა, შარშანდლის შემდეგ ეკონომიკა გაიზარდა და რაც მთავარია, შარშანდლის შემდეგ საკუთარი ძალის, საკუთარი მომავლის ვირწმუნეთ.

ყოველივე ეს აქ თელავში დაიწყო და თელავშივე გაგრძელდება!

აი, ეს არის ახალი საქართველო და არა ის ხალხი, რომელიც ტელესტუდიიდან არ გამოდის!

აი ეს არის ჩვენი გაუტეხავი ახალგაზრდა თაობა, რომელშიც ერეკლეს, ჩოლოყაშვილების, ბაგრატიონების, სააკაძეების, გიორგი ჭყონდიდელის, დავით აღმაშენებლის სისხლი ჩქეფს.

აი, ეს არის საქართველო - განსაკუთრებული ქვეყანა განსაკუთრებული აწმყოთი და სრულიად განსხვავებული განსაკუთრებული ერთიანი მომავლით.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

გაუმარჯოს საქართველოს!

გაუმარჯოს კახეთს!

გაუმარჯოს ჩვენს ერთიანობას!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)