Google+

სიახლეები

25.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის ეროვნული აკადემიის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების

მინდა მივესალმო აკადემიის ახალი პრინციპით დაკომპლექტებულ ოფიცერთა პროგრამის კურსდამთავრებულებს და მსურს მათ მივულოცო ეს დღე.

ამ დღეს ვულოცავ მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს აქ შეიკრიბნენ.

ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილების განხორციელების თვალსაზრისით.

საქართველოში ჩვენ ვქმნით ახალ საზოგადოებას, რომელიც თანამედროვეობას ეფუძნება.

ჩვენ საკუთარი ქვეყნის მოდერნიზებას ძალზე ჩქარი ტემპით ვახდენთ, მაგრამ ამ დროს არ ვივიწყებთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებსა და სახელოვან წარსულს.

ჩვენი წარსული თუნდაც იმიტომაა სახელოვანი, რომ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ქართველმა ერმა ურთულეს გარემოში მოახერხა საკუთარი თავის გადარჩენა, კულტურის განვითარება და ქვეყნის სწორედ იმ საზღვრებში შენარჩუნება, რომელიც ამჟამად გვაქვს.

საქართველოსთვის შეიარაღებული ძალები ორგანული შემადგენელი ნაწილია.

ასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა იმპერიები ჩაგვაგონებდნენ, რომ საქართველოს საკუთარი ჯარი არ სჭირდებოდა. მათ განსაკუთრებულად ეშინოდათ, რომ საქართველოს ჯარი ჰყოლოდა.

თუმცა საკუთარი არმიებისთვის დიდი წარმატებით იყენებდნენ ქართველ ოფიცრებს.

ახლახან ფინეთში ალანდის კუნძულებზე ვიმყოფებოდი, რომელიც თავის დროს გენერალმა პეტრე ბაგრატიონმა რუსეთის იმპერიისათვის დაიპყრო.

ნამყოფი ვარ ისპაჰანში, რომელიც ალავერდ უნდილაძის მიერაა აშენებული.

ქართველები მონაწილეობას ვიღებთ ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში, მაგრამ ერაყელებს არ დავიწყებიათ, რომ მე-19 საუკუნეში მათი ყველაზე წარმატებული მმართველები ქართველები იყვნენ, რომლებსაც საკუთარ ქვეყანასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.

ირანის პრეზიდენტი მიყვებოდა, რომ ირან-ერაყის ომის დროს, სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში, ირანის დასაცავად ყველაზე მეტად თავი სწორედ ფერეიდნელმა ქართველებმა გამოიჩინეს.

როდესაც ამის მიზეზი ვიკითხე, მან მიპასუხა: ისინი რაციით სპარსულად კი არა, ქართულად ლაპარაკობდნენ და ერაყელებს მათი საუბრის გაშიფრვა არ შეეძლოთო. მათი წარმატების მიზეზიც სწორედ ეს ყოფილა.

თუმცა, ვფიქრობ, ეს ასე მარტივად არ იქნებოდა.

მათი წარმატების მიზეზი იყო და მომავალშიც იქნება ის, რომ ისინი ერთი მუჭა გმირული სულისკვეთების მქონე ხალხის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ვერც ერთმა იმპერიამ, ვერც ერთმა დამპყრობელმა და ვერც ერთმა არაკეთილმოსურნემ ვერ დააჩოქა, ვერ დაანგრია და ვერ აღგავა პირისაგან მიწისა.

1921 წელს ჩვენ გვყავდა საუკეთესო გენერალიტეტი მთელ ევროპაში, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო; არ გვყავდა ხალხი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას დაიცავდა; არ გვყავდა პოლიტიკური ელიტა, რომელსაც გაცნობიერებული ექნებოდა თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება; ისინი ვერ გრძნობდნენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე უნდა ჰქონოდათ;

მათ არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენო.

საუკეთესო გენერალიტეტი რომ გვყავდა ამაზე ისიც მიუთითებს, რომ გენერალმა მაზნიაშვილმა, რომელსაც მთავრობისგან ბრძანებაც არ ჰქონია, საქართველოს აჭარა და ბათუმი, აფხაზეთი შეუნარჩუნა.

გენერალმა მაზნიაშვილმა გენერალ კვინიკაძესთან ერთად აიღო ტუაფსე, აღარაფერს ვამბობ სოჭზე, სადაც ახლა ოლიმპიადა იმართება.

არავინ არ გაიგოს ისე, და ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითქოს ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ სოჭზე, მაგრამ ნურავის ნუ ექნება პრეტენზია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სოჭიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა.

წაკითხული მაქვს გენერალ დენიკინისა და გენერალ კვინიკაძის მოლაპარაკების ოქმი. დენიკინი ქართველ გენერალს ტუაფსეში მისი ჩასვლის მიზეზს ეკითხება და დასძენს: "ჩვენ ხომ არ მოვდივართ თქვენთან გაგრასა და ზოგადად აფხაზეთში". მართლაც, ისინი შეთანხმდნენ, რომ ქართული არმია დაბრუნდებოდა ფსოუზე, მაგრამ მეორე მხარეს იქნებოდა დემილიტარიზირებული ზონა, რომელშიც არც ქართული ჯარი დაბანაკდებოდა და არც რუსული.

ახლა ვითარება შეტრიალდა - ჩვენს მთავარ არაკეთილმოსურნეს რამდენიმე მთავარი ამოცანა აქვს დასახული:

ერთი - საქართველოს დღევანდელი მთავრობის მოშორება, რადგან ამ მთავრობას 1921 წლის მთავრობისგან განსხვავებით, შეუძლია, აუცილებლობის შემთხვევაში გასცა კიდეც კონკრეტული ბრძანებები და კვლავაც ასე იქნება.

მსურს ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს - მათ, ვისაც საქართველოს შიგნით თუ გარეთ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა სურს!

მეორე - ახლა საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის შემოგდება სურთ. ნეიტრალიტეტის თაობაზე ხელშეკრულებას ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის იმპერიის სახეცვლილ ვარიანტთან - ბოლშევიკურ რისეთთან ხელი მოაწერა 1920 წელს და ექვს თვეში საქართველო ხელახლა იყო ოკუპირებული და დამონებული.

მაშინ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, რადგან შიდა პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ევროპა მაინც ვერ დაგვეხმარებოდა. მათ ისევ დამპყრობლებთან არჩიეს მოლაპარაკების გამართვა იმ იმედით, რომ თუკი საქართველო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა, ეს რუსეთს დააკმაყოფილებდა და მისთვის ეს საკმარისი იქნებოდა.

ასეთივე პრობლემის წინაშე ვიდექით გეორგიევსკის ტრაქტატის დროს. ამ დოკუმენტის გაფორმებით ერეკლე მეორემ საქართველოს სახელმწიფოებრიობა კი არ დათმო, არამედ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არც სპარსეთისკენ იქნებოდა და არც ოსმალეთისკენ; უფრო მჭიდრო კავშირი გვექნებოდა რუსეთთან, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებელობის პირობებში.

თუმცა ვინ აცალა? - ჯერ აღა-მაჰმად ხანს დაანგრევინეს თბილისი და დანარჩენი საქართველო, ხოლო ის, რაც აოხრებული ქვეყნისგან დარჩა, ლანგარზე დადებული მიიღეს.

ამიტომ, მათი ორი მთავარი თემა - საქართველოს არ ჰქონდეს იარაღი და ჯარი და ჰქონდეს ნეიტრალიტეტი, ჩვენგან ორ მტკიცე პასუხს მიიღებს - საქართველოს ექნება თანამედროვე, არამრავალრიცხოვანი, მაგრამ საუკეთესო სტანდარტებით კარგად აღჭურვილი ისეთი შეიარაღებული ძალები, როგორიც არასდროს ჰყოლია თავისი ისტორიის განმავლობაში.

ჩვენ ვიქნებით ყველა სამოკავშირეო ვალდებულების, დემოკრატიული სამყაროს, კეთილმეზობლობის პრინციპების ერთგული და ისეთ ვალდებულებას აღარასდროს ვიკისრებთ, რომელიც ჩვენ და ჩვენს მეგობრებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მომავლის დაცვის საქმეში ხელ-ფეხს შეგვიკრავს.

ეს არის ჩემი პასუხი ყველასთვის, ვინც აპირებს, რომ მსგავსი იდეები ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს.

ჩვენ დიდი ისტორიის მქონე ერი ვართ, ახალი ერები შეიძლება შეცდნენ და წაბორძიკდნენ, რადგან მათ ეს გამოცდილება არა აქვთ.

ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს - ის, რაც ჩვენს სამეზობლოში დღესდღეობით ხდება, საქართველოში ასი, ორასი, სამასი წლის წინათ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს წელთ აღრიცხვამდეც ხდებოდა.

ქართველი ხალხი ყოველთვის პოულობდა გამოსავალს - დღეს მთავრობა და ხალხი სწორ გამოსავალს ერთად პოულობს და სწორედ ეს აღიზიანებს ჩვენს არაკეთილმოსურნეს და იმ ხალხს, ვისაც არ მოსწონს ის რაც დღეს აქ ხდება.

შეიარაღებული ძალები სრულიად ახალი პრინციპით დაკომპლექტდა.

ჩვენ მოვიწვიეთ არა უბრალოდ ის ხალხი, ვისაც არსად არ ჰქონდა წასასვლელი, როგორც ეს წარსულში ხდებოდა (რა თქმა უნდა ეს არ ეხება ბრძოლაგამოვლილ ხალხს და მათ, ვინც ბოლო ათი წლის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მსახურობს), არამედ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა საუკეთესო ნაწილი.

ჩვენ მოვიწვიეთ ის ხალხი, რომლებიც მეცნიერების კონკრეტულ სფეროში კონკრეტულ ცოდნას ფლობს, იცის უცხო ენა და ძალზე ნიჭიერია.

ქართულ საზოგადოებას იმდენი ახალი შესაფლებლობა ეხსნება, რომ თუ დღეს ადამიანს აქვს კვალიფიკაცია და სწავლობს კარგად, სამუშაოს პოვნა და საკუთარი თავის რეალიზაცია არ გაუჭირდება.

თქვენ ეს პროფესია შეგნებულად აირჩიეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრებმა არ ინანონ თქვენი არჩევანი. პირიქით, თქვენმა შთამომავლებმა შემდეგი ათწლებულების განმავლობაში უნდა იამაყონ თქვენით.

ქართველების ამ თაობას (მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს არ ვგულისხმობ) უნიკალური შანსი გვაქვს, რომ დემოკრატიის, თავისუფლების, თავისუფალი შეგნების პირობებში ჩვენი ქვეყნის დიდება და განსაკუთრებულობა დავამტკიცოთ; რომ დემოკრატიული ქვეყანა ყოვლის შემძლეა.

თქვენს შორის, შეიარაღებულ ძალების წამყვან თანამდებობებზე არიან ეთნიკური აფხაზები, ოსები, რუსები... ისინი ბრწყინვალედ მუშაობენ.

ისინი ჩვენთვის ყველანი ქართველები არიან.

ჩვენს ქვეყანას ტრადიციულმა მეზობელმა ასპროცენტიანი ეკონომიკური ემბარგო გამოუცხადა.

ამ პირობებში ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა დაინგრეოდა.

წელს 14 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება და ეს მაშინ, როდესაც რუსეთის, ემბარგოს ავტორის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6,5 პროცენტი იქნება, მით უმეტეს, რომ მას აქვს ნავთობი, რომელსაც ჩვენ ცეცხლის ფასად ვყიდულობთ.

როგორ მოვახერხეთ უფრო სწრაფად განვითარება, ვიდრე ამდენად დიდი რესურსების მქონე ქვეყანამ?

ჩვენი მთავარი რესურსი ხართ თქვენ, ჩვენი ხალხი და თავისუფლება.

ჩვენ დემოკრატიული ქვეყნის შეიარაღებული ძალები ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ოფიცერი გადაწყვეტილებას იღებს არა როგორც რობოტი, არამედ წინასწარი მუშაობს, ემზადება და სწორი გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ სიტუაციაში არ უჭირს, მათ შორის, დამოუიკდებლად მოქმედების დროს.

ყველა სახის შეიარაღებული კონფლიქტი ნერვებისა და ინტელექტის დაპირისპირებაა.

ის, ვისაც აქვს ინტელექტი და უკეთ არის მომზადებული, ყოველთვის გაიმარჯვებს.

"ხერხი სჯობია ღონესა" - მაგრამ ეს ხერხი კი არა, ინტელექტია; ეს არის ცოდნა.

ძალიან მიხარია, რომ წიგნებზე რიგი დადგა.

ჩვენ შევქმენით დიდი სამხედრო ბიბლიოთეკა.

არ შეიძლება საქართველოს შეიარაღებული ძალები ომის წარმოების ხელოვნებას კონსპექტებით სწავლობდეს.

ეს ხელოვნებაა და დიდი ინტელექტუალების მიერ შექმნილი მეცნიერება.

ქართულ ენაზე სამხედრო თემაზე ლიტერატურა არასოდეს არ გვონდა.

ჩვენ ეს ლიტერატურა შევქმენით და ამ ტრადიციას ვამკვიდრებთ.

მე გავიხსენე გენერალ კვინიკაძისა და გენერალ მაზნიაშვილის ამბები.

ქართველემა გენერლებმა საქართველოს დამოუკიდებლობა უნიჭო პოლიტიკოსების გამო დაკარგეს, შემდეგ წავიდნენ პოლონეთში, რომელიც იმ დროს მარშალ პილსუტსკის მეთაურობით ბოლშევიკებს ებრძოდა.

პოლონეთის ჯარში ვერ იმსახურებდი, თუ ამ ქვეყნის მოქალაქე არ გახდებოდი.

პოლონეთის არმიაში მათ უმაღლესი თანამდებობები ეკავათ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა დაიტოვეს.

მათ არა მხოლოდ არ დათმეს საქართველოს მოქალაქეობა, არამედ თქვეს კიდეც, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ საქართველოში. თუმცა იმ თანამდებებოზე დანიშნეს პოლონეთის არმიაში, რომელზეც პოლონელებს დანიშნავდნენ.

პოლონეთის არმიის გენერალურ შტაბში იყვნენ ქართველები, პოლონეთის პრეზიდენტის სამხედრო კანცელარის მეთაური, რაც ყველაზე მაღალი თანამდებობაა, გენერალი თუმანიშვილი იყო.

სწორედ იმ დროს, როდესაც მთელ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარეობდა დავა, მოესპოთ თუ არა მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ძეგლები, პოლონეთის პრეზიდენტმა და მე ვარშავის ცენტრში პოლონეთისათვის თავდადებული ქართველი ოფიცრების ძეგლი გავხსენით.

ეს იყო პირველი ასეთი ძეგლი, რომელიც ქვეყნის გარეთ გაიხსნა.

ქვეყნის გარეთ ჩვენ გვყავდნენ გმირები, დიდი მხედართმთავრები; ჩვენ გვყავდა პეტრე ბაგრატიონი, ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი არმიის მთავრი სამხედრო მეთაური იყო. ყველამ ვიცით, რომ ფორე მოსულიშვილი იტალიის ნაციონალური გმირია, თუმცა ძალზე ცოტა იტალიელმა თუ იცის, რომ ის იყო ქართველი.

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ გამარჯვებული გმირები ვიყოთ.

დღეს საქართველოს ორი ეროვნული გმირი ჰყავს, სამწუხაროდ, წოდება ორივეს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.

ჩვენ სურვილია, სიცოცხლეშივე გვყავდეს გმირები.

ისტორიამ უნდა ასახოს, რომ ადამიანმა გაიმარჯვა, ქვეყანა გააძლიერა, თავისი სახელი დიდებით შემოსა, შვილიშვილები გაზარდა და საკუთარი ცოდნა მათ გადასცა.

ჩვენ სწორედ ასეთ შეიარაღებულ ძალებს ვქმნით.

ყველანი მზად ვართ, რომ საკუთარი ქვეყნისათვის თავი გავწიროთ, რაც

ჩვენი მთავარი რესურსია.

ის, ვინც ბრძოლის დროს პირველი დაახამხამებს თვალს, წაგებული დარჩება.

ჩვენ თვალს გავუსწორებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს და ვიქნებით გამარჯვებული.

ეს აკადემია მთლიანად შეცვლილი და მოდერნიზებულია.

როდესაც თქვენ, საუკეთესო ხალხი უნივერსიტეტებიდან ამ კურსებზე მოხვედით, ერთი ადგილზე ექვსი კაცი მოდიოდა.

დღეს კი, კონკურსის მიხედვით, ერთ ადგილზე თერთმეტი მსურველია. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვალა და როგორი პრესტიჟული გახდა ოფიცერთა პროფესია.

თქვენ შეგიძლიათ აეროპორტის გზაზე გაიაროთ და ნახოთ როგორ შენდება თქვენი სახლები.

რა ტემპითაც ეს სახლები შენდება, ჩვენი შეიარაღებული ძალებიც ასე სწრაფად შენდება.

უახლოეს თვეებში ჩვენ მთლიანად გადავალთ დასავლურ ტექნიკაზე.

ქართველებს ვეღარ ჩაგვიკეტავენ ნაწილებისა და სხვა ტექნიკის შოვნისა თუ ყიდვის წყაროებს, შესაბამისად ვერც ცუდ ხასიათზე დაგვაყენებენ.

ჩვენ ყველაფერს ვშოულობთ და ყველაფერს სტრატეგიულად ვგეგმავთ. ჩვეულებრივი იარაღიდან, ელექტრონული საშუალებებიდან, ჯავშანტექნიკიდან, ავიაციიდან დასავლურ ტექნიკაზე გადავდივართ.

ეს საკმაოდ ძვირი ჯდება.

საქართველოს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ დიდი ფული ხარჯოს, თუმცა ჩვენ საგრძნობ თანხას ვხარჯავთ იმისათვის, რომ ჩვენი არმია სრულად შეესაბამებოდეს მოწინავე თანამედროვე სტანდარტებს.

ჩვენი შენაძენის გამოყენებას კი ადამიანები სჭირდება.

დაქირავებული ოფიცრები და ჯარისკაცები არსად მსოფლიოში საუკეთესო შედეგს ვერ იძლევიან - გული უნდა გქონდეს შენი ქვეყნისათვის და სწორად უნდა გამოიყენო ეს ტექნიკა.

სწორედ ამიტომ ხართ ფასდაუდებელი და დიდი უნარის მქონე ადამიანები.

თქვენ ეს ცოდნა გაქვთ და ამ სფეროში ბევრად უფრო მეტ განათლებას მიიღებთ.

მინდა ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ წარმატებები და გამარჯვებები.

ამ გამარჯვებებს ჩვენ ერთად აუცილებლად მოვიპოვებთ.

ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)