Google+

სიახლეები

12.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეა - უპრეცენდენტო ვიზიტით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვია.

მათი ვიზიტი აფხაზეთის გარშემო და რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

ჩვენი ამოცანაა, მოვახერხოთ სამშვიდობო გეგმების განხორციელება, კონფლიქტის თავიდან აცილება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და დევნილების დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე.

მადლობელი ვართ იმ განცხადებებისა, რომლებიც ევროკავშირმა საქართველსთან მიმართებაში გააკეთა, თუმცა ისიც ვიცით, რომ ჩვენს დევნილებს სახლების ნაცვლად დეკლარაციებს ვერ დავურიგებთ და განცხადებებს ვერ ჩავაცმევთ.

ჩვენი ამოცანაა, ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოწესრიგდეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად აღდგეს, ისე, როგორც იურიდიულადაა აღიარებული.

მინდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ბოლო მოქმედებები სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა.

მართალია, განცხადებები უკვე გაკეთდა, მაგრამ ვთხოვთ ევროპის კავშირს, გამოიძიოს რუსული სამხედრო თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრასთან და შეიარაღებული ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული ინციდენტი, გამოიძიოს, შეისწავლოს და ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება რუსეთის სამშვიდობო ჯარების უკანონო გადაადგილების საკითხები, ასევე გვსურს, რომ ევროკავშირი ბევრად უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში.

სრულიად ნათელია, რომ რუსეთის სამშვიდობოები კონფლიქტის ლეგიტიმური მონაწილეები არ არიან.

რუსეთი ამ პროცესში არის მხარე და, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირები არღვევენ საერთაშორისო ქცევის საყოველთაოდ ცნობილ ნორმებს.

ჩვენს სტუმრებს გავაცანი რუსეთში გამოცემული ბროშურა ქალაქ სოჭზე, სადაც უნდა გაიმართოს ოლიმპიადა.

ამ ბროშურის უმეტესი ნაწილი ეძღვნება აფხაზეთს, აფხაზეთის 230 კილომეტრიან ზოლს - როგორც სოჭის ნაწილს.

ბროშურა გამოცემულია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ნატოს ბუქარესტის სამიტამდე, დაბოლოს გამოცემულია მანამ, ვიდრე ბოლოდროინდელი დაძაბულობა დაიწყებოდა.

ეს ნათელს ჰფენს იმას, თუ რა გეგმებია დაწყობილი დიდი ხნით ადრე.

ამავე დროს, მსურს ჩვენს სტუმრებს გადავცე ამერიკის კონგრესის მოხსენება, რომელიც ვაშინგტონში გამოიცა 1955 წელს და რომელშიც 1921 წელს საქართველოს დაპყრობისა და ოკუპაციის თემას შეეხება.

ვინც ამ ბროშურას წაიკითხავს, ნათლად დაინახავს დღევანდელ ვითარებას და დღევანდელობას ბევრი ფაქტორით ამოიცნობს.

ბოლშევიკური ძალები მაშინაც ვითომ ჩაგრული უმცირესობის დასახმარებლად შემოვიდნენ და იმ დროსაც ეს საქართველოს ოკუპაციით და ანექსიით დამთავრდა.

ის, რაც ახლა ხორციელდება უდავოდ არის ანექსიის აქტი - ანქსიისა და ოკუპაციის აქტის პრელუდია.

მაშინ ევროპამ საქართველო მიატოვა, ხმაც არ ამოუღია იმის თაობაზე, რაც აქ მოხდა.

ეს მოხსენებები გამოიცა და დაიბეჭდა იმისათვის და დღეს ჩვენს მეგობრებს გადავცემ იმისათვის, რომ ევროპამ აღარასდროს გაიმეოროს იგივე შეცდომა.

ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება.

საქართველოს ოკუპაციას მოჰყვა შეტევა პოლონეთზე, ბალტიისპირეთის დაპყრობა, სისხლიანი ომი ფინეთში და სტალინისტური რეჟიმის წარმოუდგენელი გაძლიერება.

იმედია, ისტორია მსგავსი ტრაგედიით არ განმეორდება.

დღეს აქ არა მხოლოდ საქართველოს და მისი ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის საკითხი დგას, არამედ ევროპის მომავლის საკითხი.

ასეთი დიდი გამოწვევების წინაშე, ევროპა ცივი ომის დამთავრების შემდეგ აღარ მგდარა.

ჩვენ განწყობილი ვართ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოწესრიგდეს, რუსეთთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ, საქართველოში სიწყნარემ, მშვიდობამ დაისადგუროს და ჩვენი ქვეყანა სწრაფად განვითარდეს.

ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმა, რომლის გასახორციელებლადაც მზად ვართ.

ეს ძალზე გაბედული, რადიკალური და მოქნილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ზედმიწევნით ითვალისწინებს ეთნიკური აფხაზების ინტერესებს და მიმართულია ამ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისკენ.

მინდა ეს ბროშურები დავურიგოთ ჩვენს მეგობრებს თუნდაც იმისათვის, რომ ეს არასდროს არ განმეორდეს და მათ ინფორმაცია ჰქონდეთ.

ასი წლის წინანდელი მოვლენები ისეა დაწერილი, თითქოს გუშინდელი გაზეთის სტატიას კითხულობდე.

მინდა მადლობა გადავუხადიო ჩვენს სტუმრებს სოლიდარობის ძალზე მნიშვნელოვანი ჟესტისთვის, იმისათვის, რომ საქართველოში ამ პერიოდში ჩამოვიდნენ.

იმედი გვაქვს, სოლიდარობის ეს ჟესტი ევროკავშირის გრძელვადიანი პოლიტიკა გახდება და ევროკავშირი მიიღებს ზომებს, რათა იმ ფირმებმა (ვგულისხმობ რუსულ კომპანიებს), რომლებიც ევროპაში ოპერირებენ, არ აწარმოონ უკანონო იურიდიული საქმიანობა აფხაზეთში; აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული პასპორტები, არ სარგებლობდეს იგივე პრივილეგიებით, რომლითაც დანარჩენი რუსული პასპორტები სარგებლობს; ევროკავშირმა ნათლად განაცხადოს, რომ არასოდეს, არც ერთ გარემოებაში არ სცნობს საქართველოს რაიმე სახის დაყოფას და არასდროს არ სცნობს ეთნიკური წმენდის შედეგებს.

მსგავსი განცხადებები დღესაც კეთდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროცესში ჩაერთვება როგორც შუამავალი და გარანტი. ჩვენ ამას მივესალმებით, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში - სამხრეთ ოსეთში.

ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების გზას ვადგავართ, ევროკავშირთან ძალზე ბევრი საერთო ფასეულობა გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ სოლიდარობის აქტი, რომელიც დღეს ამ ორგანიზაციამ გამოხატა, გადაიზრდება გრძელვადიან, მკვეთრ, მკაფიო, ზუსტ პოლიტიკაში, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს ტერიტორიის ანექსიის და ოკუპაციის მცდელობის შეჩერებას, საქართველოს მიმართ განხორციელებულ უკანონო ძალადობრივი აქტების შეჩერებას, რუსეთის მიერ გადადგმული იურიდიული ნაბიჯების გაუქმებას და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის დადასტურებას.

ეს არის ფუნდამენტური ევროპული პრინციპები და იმედია, ევროპა ამ პრინციპებს ისევე დაიცავს საქართველოში, როგორც ამას ევროპის კონტინენტზე ტერორის წინააღმდეგ ახორციელებს. იმედია, ამას იმაზე ბევრად უკეთესად გააკეთებს, ვიდრე ეს 1921 წელს, ან გასული საუკუნის 30-იან წლებში გააკეთა.

კიდევ ერთხელ, მსურს დიდი მდლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)