Google+

სიახლეები

16.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყულევში ახალი ტერმინალი გახსნა

მოგესალმებით ყველას!

მივესალმებით აზერბაიჯანიდან ჩამოსულ მინისტრებს!

მინდა მივესალმო იმ ხალხს, ვინც ჩვენთან ერთად აშენებდა ამ ახალ ტერმინალს, საქართველოს ამ ახალ საზღვაო კარიბჭეს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ქართული ეკონომიკისთვის და საქართველოს განვითარებისთვის.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობისთვისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ის გეგმები, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ, ილჰამ ალიევთან ერთად დავსახეთ, სრულდება.

არაფერი არ არის ისეთი ტკბილი, სასურველი და ნანატრი, როგორც იმის ასრულება, რასაც ჩვენი ქვეყნებისთვის ვისახავთ მიზნად.

ეს ტერმინალი განლაგებულია ხობის რაიონში, სამეგრელოში.

აფხაზეთში 1992-93 წლებში უცხო ძალის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად, სამეგრელო ეკონომიკურ ჩიხად გადაიქცა.

აქ ცხოვრობს საოცარი, შრომისმოყვარე, ძალიან გულგახსნილი და ხელგაშლილი ხალხი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასიც იცის და სხვისი შრომის დაფასებაც.

ეს ხალხი, ადგილობრივი საზოგადოება (ძალიან არ მიყვარს სიტყვა მოსახლეობა, ეს სიტყვა არის სტატისტიკა. ხობში, მიმდებარე რაიონებსა და რეგიონებში - გურიაში აჭარაში, მთელ საქართველოში ცხოვრობს საზოგადოება), ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულად და უსამართლოდ დაიჩაგრა, მისი ნაწილი ჯერ კიდევ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ხალხის სიღარიბიდან ამოყვანა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების დამკვიდრება, ჩემი ცხოვრების მიზანია.

ჩემთვის პირადი შეურაცხყოფა და დიდი უბედურებაა, რომ სამეგრელოში, ან გურიაში სიღარიბე იყოს გაბატონებული.

ჩემთვის მიუღებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობისა და სიღარიბის დაღი ჰქონდეთ.

ჩემი და ჩემი თანამებრძოლების ამბიციაა, რომ ფოთი, ბათუმი, ქუთაისი და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქი სრული დასაქმების ქალაქებად გადავაქციოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში, ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია მუშაობა, ჰქონდეს სამსახური.

აქ ცხოვრობს ხალხი, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და უვლიან საკუთარ კარ-მიდამოს, ალამაზებენ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებს.

ეს არის ისტორიული კოლხეთის გული, კოლხეთი კი ევროპული ცივილიზაციის აკვანია.

ამას წინათ, სტუმრად გვყავდა ავსტრიის ბოლო იმპერატორის შვილი, ცნობილი ევროპელი პოლიტიკური მოღვაწე ერცჰერცოგი ოტო ჰაბსბურგი.

იგი ჰყვებოდა თუ როგორ იბრძოდნენ კომუნისტების წინააღმდეგ ქართველი ოფიცრები 30-იან წლებში ესპანეთში. მან ამ ოფიცრების რამდენიმე ათეული გვარი გაიხსენა.

როგორც ირკვევა, კომუნისტური რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ეპიზოდს, ქართველი ოფიცერი ამილახვარი მეთაურობდა და იგი ამ ბრძოლის დროს დაიღუპა. როდესაც ამ ოფიცრებს წარმომავლობის შესახებ ეკითხებოდნენ, ისინი პასუხობდნენ, რომ ოქროს საწმისის ქვეყნიდან იყვნენ.

ევროპის სწორედ ამ ძალზე მნიშვნელოვანმა მოღვაწემ აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ადგილი, სადაც ევროპული ცივილიზაციის აკვანი დაირწა.

ეს ადგილია სწორედ ამ ისტორიული კოლხეთის გული.

ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოს განვითარება და მისი რეინტეგრაცია ამ რეგიონში.

ომების შედეგად ჩვენ ჩიხად გვაქციეს.

დღეს საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად, შუააზიიდან ევროპისკენ ტვირთბრუნვის მთავარი ხაზის მთავარი დამაკავშირებელი ხაზი.

ჩვენ დავიწყეთ დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა ფოთში.

დღეს მე ვხსნი სკოლას, სადაც ხალხს თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის მოამზადებენ, სადაც მოამზადებენ იმ სპეციალისტებს, რომლებიც ამ ზონაში დასაქმდებიან.

ზონა კეთდება, უპირველესად, იმისათვის, რომ ადგილობრივი ხალხი დასაქმდეს, რომ სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში აღარ იყოს სიღარიბე და უბედურება.

ჩვენ ვანვითარებთ ქუთაისის აეროპორტს.

ხვალ ვიწყებთ ქუთაისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, ეს მესამე საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში შენდება.

რკინიგზა, რომელიც 2-3 წელიწადში აშენდება, საქართველოს ჩიხის მდგომარეობიდან ერთ-ერთ მთავარ ადგილად აქცევს, რომელიც შეაერთებს ფოთს და აქაურ რეგიონს აზერბაიჯანთან, შემდეგ ყაზახეთთან, ჩინეთთან ინგლისთან საფრანგეთთან, გერმანიასთან, აღმოსავლეთ ევროპასთან თურქეთთან და ა.შ.

ერთი სიტყვით, მთავარი სატრანსპორტო ხაზი საქართველოზე გავა, რაც ასეულობით ათას დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის.

ხალხს, ვისაც საქართველოში სტაბილურობა არ სურს, მათ არ უნდათ, რომ საქრთველოს მომავალი ჰქონდეს,

ვისაც არ არ სურს საქართველოს განვითარება, კონფლიქტებს გვახვევენ თავს.

საქართველოს მესამე საზღვაო კარიბჭე გაუჩნდა.

ეს არის ბათუმი, ფოთი და ახლა უკვე ყულევი, მაგრამ ბევრად უფრო დიდი ტერმინალი უნდა აშენდეს ოჩამჩირეში; უნდა ამუშავდეს სოხუმის პორტი.

ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს იქ დაცარიელებული, გავერანებული და გაუბედურებული ტერიტორიაა, რომელსაც განვითარებისა და ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, სიმდიდრის ნაცვლად, სთავაზობენ დაჟანგულ რუსულ ტანკებს.

ეკონომიკური განვითარების პირობებში, ის ამ განვითარებისა და წარმატების ნაწილი გახდება.

იმ ხალხს, ვინც აფხაზეთში დარჩა ჩვენ ვთავაზობთ თავისუფალ ეკონომიკური ზონას, რომელიც ენგურის გამოღმა არსებულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან პარალელურად იმუშავებს.

თუმცა ეს იქნება ერთი დიდი ზონის გავრცობა, ერთი ეკონომიკური სივრცის გავრცობა, სადაც არ იქნება კორუფცია, ძალადობა, ადამიანების დაყოფა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, სადაც ეთნიკური აფხაზების უფლებები და მათი იდენტურობა იქნება დაცული მყარად, ისე, როგორც არასდროს.

მინდა ყველას გვესმოდეს, რომ დღეს უცხოეთიდან შემოსული შარლატანები და შემთხვევითი ადამიანები ბოლო ქონებას ართმევენ მათაც, ვინც აფხაზეთში დარჩა.

ეს მიწა მათ არ ეკუთვნით, მაგრამ იმ ქონებასაც ისაკუთრებენ, რომელიც იქიდან გამოძევებულ 500 ათას ადამიანს ეკუთვნის.

გუშინ, აფხაზეთში ეთნიკურ წმენდასა და დევნილთა უფლებებთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისტორიული დეკლარაცია მიიღო.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა აზერბაიჯანის მთავრობას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას. სწორედ ეს არის ნამდვილი ძმობისა და მეგობრობის გამოვლინება.

ქვეყნებს შორის მეგობრობა ამ კენჭისყრის დროსაც გამოიცდება, ასევე ირკვევა ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც ზეგავლენისა და შანტაჟის მიუხედავად, ყველაზე რთულ მომენტებში დაგვიდგება გვერდზე.

ჩვენი ამოცანაა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში, საქართველოში შევქმნათ ახალი დუბაი და ახალი სინგაპური. ეს ზღაპარი არ არის - აქ აშენდება ასსართულიანი შენობები და ეს სიტყვა დაიმახსოვრეთ, რადგან ამას თითოეული ჩვენგანი მოესწრება.

კოლხეთის ჭაობების დაშრობაზე კომუნისტები ათწლეულების განმავლობაში იმტვრევდნენ თავს და ძალზე მცირე ნაწილი დააშრეს, მაგრამ თქვენ ნახავთ როგორ განავითარებს ამ აუთვისებელ მიწებს თავისუფალი ეკონომიკა.

ნახეთ, წელს როგორ არის დამუშავებული მიწები სამეგრელოში, საწვავის, შხამქიმიკატების, საუქის გაძვირების მიუხედავად.

ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარებით, მაგრამ გაჩნდა ინიციატივა, იმედი, გადამამუშავებელი საწარმოები აშენდა...

დღეს რამდენიმე ახალ საწარმოს ვხსნი და ეს ჩემთვის ბედნიერი დღეა.

საერთოდ, ეკონომიკა ისე მიდის, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს ახალი საწარმოს გახსნის ერთი ღონისძიება მაინც უნდა ჰქონდეს დაგეგმილი დღეში.

მე ვთხოვე ბატონ კოტე კემულარიას, რომელიც წარმოშობით ხობელია, სატრანსპორტო დერეფნების პროექტს ჩადგომოდა სათავეში.

ეს უბრალო დერეფნები არ არის, მათი საშუალებით საქართველოს სტრატეგიული როლი წარმოჩინდება - ჩემი ქვეყანა თვისობრივად კი არ არის დერეფანი, არამედ არის ცენტრი, რომელიც იზიდავს ყველა ინვესტორს, რომლებიც აქ ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოდიან.

სწორედ ამის ჩაკეტვა სურს იმ ხალხს, ვისაც საქართველოში არეულობა უნდა.

მათ უნდათ რომ საქართველო ისევ ჩიხად გადაიქცეს, არავისთვის არ იყოს მიმზიდველი და ისევ გახდეს ადვილი ლუკმა მათთვის, ვისაც მისი შეჭმა სურს. ნურას უკაცრავად!

მიხარია, რომ დღეს ამდენ ახალ სპეციალისტს ვხედავ; მიხარია, რომ თქვენ შორის არის სრულიად სხვადასხვა ასაკისა და სპეციალობის ადამიანები, რადგან საქართველოს სჭირდება ნებისმიერი, ვისაც მუშაობა სურს და ის უნდა მუშაობდეს; ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც რამე იცის, უნდა გამოვიყენოთ; ნებისმიერი, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება უნდა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს.

ბუნებრივი რესურსები საქართველოში არ არის, თუმცა რესურსები ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს აქვს და, რა თქმა უნდა, ემსახურება ასევე საქართველოს ეკონომიკურ დაცვას, განვითარებასა და უსაფრთხოებას.

ჩვენი მთავარი რესურსი ხართ თქვენ, ხალხო!

ჩვენი მთავარი რესურსი არის ის, რომ საქართველოს მთავრობაში აღარ იღებენ ქრთამს, ხოლო ვინც იღებს, ის ისჯება.

ჩვენი მთავარი რესურსია, რომ მაქსიმალურად ვკლავთ ბიუროკრატიას.

ჩვენი მთავარი რესურსია კანონის უზენაესობა - ვინც კანონს არღვევს, ის წარმომავლობის მდგომარეობისა და თანამდებობის მიუხედავად ისჯება და პასუხს აგებს.

ჩვენი მთავარი რესურსია, რომ ჩვენთან ძალიან ადვილია ბიზნესის კეთება.

ოღონდ ვინმემ რამე გააკეთოს და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ.

ერთი სიტყვით ჩვენ გვაქვს თავისუფლება და კანონის უზენაესობა - ეს არის ის, რასაც ყველანი ერთად ვქმნით.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ყოველივე ეს ერთმანეთთან კავშირშია - ხალხის დასაქმება, ქართულ ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები, ტერიტორიების განვითარება არა მხოლოდ ინდუსტრიული თვალსაზრისით, არამედ სოფლის მეურნეობის მხრივაც, იაფი კრედიტი ყველასათვის, ვისაც კონკრეტული გეგმა აქვს, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა.

ნახეთ როგორი გზა გაკეთდა ხობის რაიონში, მათ შორის, ამ ტერმინალის მშენებლობის პარალელურად.

როდესაც აქეთ მოვფრინავდი, ვნახე ტერმინალზე აშენებული რკინიგზის ახალი ზოლი.

რამდენი წელია რკინიგზა საქართველოში არ აშენებულა?

ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში სულ უფრო მეტი გაკეთდება.

მარტო რკინიგზაზე, მთელი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, 30-40 ათასი ადამიანი დასაქმდება.

სხვათა შორის, ხალხი არა მარტო რკინიგზაზე დასაქმდება, თბილისში ვაგონშემკეთებელ ქარხანაში დაასაქმებს ხალხს, ელმავალმშენში, რომელიც უნდა ავაღორძინოთ, ზესტაფონის კაბელების ქარხანაში, რომელიც მარტო ამ პროდუქციისთვის შეიძლება რამდენჯერმე გავაფართოოთ.

ეს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაა - ეს არის სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სრული დატვირთვით ამუშავდება, ეს არის ხალხი, რომელიც მშენებლობას ისწავლის და როდესაც სამშენებლო პროცესს საქართველოში დავასრულებთ, საკუთარ ცოდნას, ნიჭსა და უნარს სხვა ქვეყნებში გამოიყენებს.

ჩვენ ვიცით როგორ შეიცვალა ბაქო - ყოველ ჯერზე მართლა აღფრთოვანებული ჩამოდიან იქიდან, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ როგორ იცვლება მთელი საქართველო.

ჩემთვის ზუგდიდის, ბათუმის განვითარება უმთავრესია და არა უბრალოდ განვითარება, არამედ ყველა ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ყველას რომ მიეცეს მკურნალობის, მუშაობის, შვილებისთვის განათლების მიცემის, კრედიტის მიღების საშუალება.

ჩვენ ამით მსოფლიო კონკურენციას მოვიგებთ.

მსოფლიო ეკონომიკაში არის შტორმი - ნავთობის ფასი მკვეთრად გაძვირდა, კრედიტების აღება გაჭირდა.

საქართველოს როგორც არასდროს ისე სჭირდება მოთმინება და გამოცდილი ეკოპჟი, რომელმაც ჩვენი გემები ამ შტორმში უნდა გაიყვანოს.

ამ საქმეში საქართველო და აზერბაიჯანი ერთად უნდა იდგეს, როგორც ეს ყოველთვის იყო ისტორიულად.

ამიტომ, მე მინდა საკუთარ თავსაც და თქვენც მოგილოცოთ დღევანდელი დღე.

მრავალი ასეული მილიონი, რომელიც კოლხეთის დაბლობში, კოლხეთის ერთ დროს დაჭაობებულ ადგილებში იდება, ძალიან დიდ მოსავალს მოგვცემს, ძალიან დიდ განვითარებას გამოიწვევს, ყველაფერს გადავლახავთ, ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერს ავაყვავებთ და ყველა არაკეთილმოსურნის საწყენად და ჩვენი მომავლისა და ხალხის საკეთილდღეოდ ახალი მიღწევებით ახალ სიმაღლეებს დავიპყრობთ.

ჩვენ ყველას დავანახებთ, რომ საქართველოს დროშა ამაყად იფრიალებს, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ღირსების შელახვას, რომ ვერავინ დაარღვევს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანებას და მომავალს ვერავინ წაგვართმევს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)