Google+

სიახლეები

11.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმებულ ქარტიასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

მოგესალმებით!

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და ჩვენთვისაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ეკონომიკის გადარჩენა და განვითარებაა, საქართველო აგრძელებს წარმატებული ნაბიჯებით სვლას საერთაშორისო არენაზე.

როგორც იცით, გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გავაფორმეთ ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ჩვენს ურთიერთობაში ადრე არასდროს არ ყოფილა გამოყენებული ტერმინი "სტრატეგიული პარტნიორობა" და, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს პოზიციების გაძლიერებისკენ, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისკენ.

ამავე დროს, ნურავის ნუ ექნება ილუზია იმის თაობაზე, რომ ეს ან რაიმე სხვა დოკუმენტი ერთჯერადად, სწრაფად და ერთბაშად გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს.

ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია უცხო, აგრესიული ძალის მიერ და ეს ძალა აგრძელებს აგრესიულ თამაშებს არა მარტო საქართველოსთან, არამედ უკვე, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში დავინახეთ, ევროპის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან.

არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გუშინ ვაშინგტონში ხელმოწერილ დოკუმენტს ანიჭებს ისტორიულ მნიშვნელობას. მინდა საგანგებოდ ჩამოვთვალო ეს ფაქტორები.

პირველი - საქართველო საკუთარი არსებობის მანძილზე, პირველად უახლეს ისტორიაში იწყებს დამკვიდრებას საერთაშორისო სისტემაში. ადრე ყველა ეს მცდელობა წარუმატებლად დაგვირგვინდა -

მინდა გავიხსენო სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში; გავიხსენებ ასევე უამრავ წერილს, რომლებსაც ქართველი მეფეები და მათ შორის ქართლ-კახეთის ბოლო მეფე ერეკლე მეორე დახმარებისა და რაიმე სახის სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების იმედით ევროპული სახელმწიფოების მონარქებს სწერდა; მინდა გავიხსენო ნოე ჟორდანიასა და სოციალ-დემოკრატების მცდელობა მოეხდინათ საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო სისტემაში და მიეღოთ საერთაშორისო დაცვის გარანტიები. თუმცა როგორც საქართველოს მიმართ გასულ წელს განხორციელდა, ეს მცდელობა მსგავს გარემოებებში საქართველოს ოკუპაციით დასრულდა; ასევე მინდა გავიხსენო, ბატონი ზვიად გამსახურდიას უდიდესი მცდელობა ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, რაიმე სახის გარანტია მიგვეღო და თავიდან აგვეცილებინა ბევრი ნეგატიური ფაქტორი და პროცესი, რომლებიც საქართველოში გარე ძალის ხელდასმით შემდეგ პერიოდში განვითარდა.

ამ დოკუმენტის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ამ დოკუმენტით საქართველო მნიშვნელოვნად უახლოვდება ევრო-ატლანტიკურ სივრცეს.

მინდა შეგახსენოთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას წინ უძღოდა სწორედ მსგავსი დოკუმენტის გაფორმება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესია და წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ეს არის საქართველოს ნატო-სა და ევროატლანტიკური სივრცესთან დაახლოების უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი და ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი.

ამ მემორანდუმის მესამე დატვირთვა არის ის, რომ თუკი მსოფლიოში ან ქვეყნის შიგნით ვინმეს რამე ეჭვი ჰქონდა, ამ მემორანდუმით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს აქვს წარმატებები, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ჩვენ გვყავს დემოკრატიული საზოგადოებრიობა.

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ამ გზაზე რაიმე შეფერხება უნდა გვქონდეს. პირიქით, უნდა გავაგრძელოთ სვლა არა იმის გამო, რომ ვინმე მიგვითითებს ამისკენ, არამედ იმის გამო, რომ ეს გეზი ჩვენი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება. დემოკრატია და თავისუფლება ხელს უწყობს საზოგადოებაში შიდა ენერგიის გამოთავისუფლებას, საზოგადოების ღირსების ამაღლებას, საზოგადოებას ხდის უფრო დაცულს, პროგნოზირებადს და წარმატებულს.

დემოკრატია ჩვენს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს.

მეოთხე - ამ დოკუმენტის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, როგორც ვთქვი, ამ ურთიერთობაში ადრე არასდროს არ ყოფილა ნახსენები ტერმინი "სტრატეგიული". ამერიკა ამ სიტყვას ძალზე იშვიათად იყენებს ძალიან ცოტა ქვეყნის მიმართ. თუმცა ყოველთვის, მისთვის ამ ტერმინს კონკრეტული პოლიტიკური და სხვა სახის დატვირთვა აქვს.

ამ დოკუმენტით ჩვენ არა მხოლოდ იმის კოდიფიცირება მოვახდინეთ, რაც აქამდე ხდებოდა, არამედ იმის კოდიფიცირებაა, რაც ამიერიდან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში უნდა მოხდეს.

მეხუთე, ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება ამ დოკუმენტს კონსოლიდირებულად ვუჭერთ მხარს.

დღეს მოვისმინე არა მარტო აპოლიტიკური საზოგადოების, არამედ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის მოსაზრებები, გამონათქვამები და კომენტარები ამ ფაქტთან დაკავშირებით. მსურს სიამოვნებით აღვნიშნო, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ყველა ჯგუფის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ამ დოკუმენტს და მხარდაჭერას უცხადებენ მას. ესეც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის როგორც ჩვენი გზავნილი დანარჩენი სამყაროსა და ჩვენი პარტნიორებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დაბოლოს, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ ეს დოკუმენტი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ეკონომიკას. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მუშაობას ვიწყებთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

მინდა ვთქვა, რომ ამ შეთანხმების მხარდამჭერები არიან ახალი დემოკრატიული ადმინისტრაციის მხარდამჭერი ძალების ამერიკის კონგრესში.

საქართველოში ჩამოსული იყო დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ამერიკის კონგრესში, სენატორი კერი, რომელმაც იტვირთა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა.

ამგვარად, ჩვენ ეს დოკუმენტი არ გავაფორმეთ ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მძლავრი და უფრო დიდი ენთუზიაზმით აღსავსე მხარდაჭერა გვაქვს დემოკრატიული ადმინისტრაციისა და კონგრესის დემოკრატიული წარმომადგენლების მხრიდან.

საქართველოში ამერიკის კონგრესის სხვადასხვა დელეგაცია რამდენჯერმე იყო ჩამოსული. მათთან ჩვენ ძალზე საინტერესო დიალოგი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა და მათ სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღგვითქვეს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების და საქართველოს ყველა სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველო მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად, დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით, გაძლიერებული უსაფრთხოების სისტემებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით გაუძლებს იმპერიალიზმის აგრესიას.

თავს ნუ მოვიტყუებთ, საქართველო დღეს არ არის ნორმალურ მდგომარეობაში - ჩვენ ვართ აგრესიისა და ჩვენს მიწაზე აგრესორის ყოფნის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ.

სამწუხაროდ, ეს ჩვენი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ იზოლაციაში დარჩენას აგრესიულ, არასანდო, კორუფციასა და დიქტატურაზე დამყარებულ რეჟიმსა და იმპერიას 21-ე საუკუნეში არავითარი პერსპექტივა არა აქვს.

ჩემი ნათქვამი ყოველდღიურად დასტურდება იმ პრობლემებით, რომლებიც ამ იმპერიის ტერიტორიაზე და მისი პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმის წიაღში წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია იქ მკაცრად კონტროლდება, ამის შესახებ ინფორმაცია სულ უფრო მეტად გამოდის გარეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ უსამართლობა ვერ გაიმარჯვებს!

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი, წარმატებული და მთლიანი ქვეყანა.

დღეს ჩვენი მეორე უმთავრესი მტერი არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

ჩვენი უმთავრესი მიზანი - საქართველო ვაქციოთ ეკონომიკურად წარმატებულ, ძლიერ, დასაქმებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ - სწორედ იმას უკავშირდება, რომ მსოფლიო კრიზისის ნეგატიური შედეგები საქართველოს მთელი ძალით არ დაატყდეს თავს.

ჩვენი მთავრობა მუხლჩაუხრელად მუშაობს და ეძებს გზებს, რათა საქართველო დავიცვათ ეკონომიკური კრიზისის იმ მასშტაბებისგან, რომელიც აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარდა.

უკვე ბევრს მივაღწიეთ კიდეც: ჩვენი საბანკო სისტემა არ ჩამოიშალა, ის მუშაობს გამართულად, მთელი რიგი ისეთი პრობლემები, როგორიც მეზობელ ქვეყნებში წარმოიქმნა, ჩვენთან არც კი ყოფილა და იმედია, საქართველოში თანდათან განახლდება კრედიტების გაცემა ძველი მასშტაბით; ქართული ვალუტა მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო სტაბილური და დღესაც სტაბილური და მყარია. ამ მხრივ, ძალზე დიდი განსხვავებაა საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, რომელთაგან უმეტესობამ დაკარგა ვალუტის კურსის ნახევარი, ზოგმა კი 60-70 პროცენტი. ასეთი ქვეყნებია უკრაინა, თურქეთი, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა - თითოეული ამ ქვეყნის ფინანსურმა სისტემამ უდიდესი დარტყმა მიიღო.

შიდა რესურსებითა და დონორთა მნიშვნელოვანი დახმარებით საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 მილიარდ 200 მილიონი ლარის მობილიზაცია შევძელით.

იმ პერიოდში, როდესაც რუსეთსა და უკრაინაში არსებული სახელფასო და საპენსიო დავალიანება მთელ რიგ რეგიონებში აღწევს 20-25 პროცენტს, ჩვენ არა მხოლოდ დროულად გავცემთ ხელფასებსა და პენსიებს საბიუჯეტო სექტორში, არამედ ვზრდით კიდეც. კრიზისის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თუნდაც მცირედით გაეზარდა პენსიები, რადგან ჩვენ დაპირებები გვაქვს შესასრულებელი. პარლამენტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება გაეზარდა სოციალური პაკეტი, რისთვისაც მილიარდ 600 მილიონი ჩაიდო.

გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება და გამოვაცხადეთ კიდეც იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო გახდეს მთავარი ინვესტორი ეკონომიკაში - მილიარდიანი სახელმწიფო პაკეტი! სხვადასხვა სფეროში დაკვეთების მისაღებად კომპანიებისთვის გამოცხადდება ტენდერები და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს თანხა მთლიანად განვათავსოთ ქართულ ეკონომიკაში.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ მოცულობის ტენდერები საქართველოს სახელმწიფოს გასული ორი წლის განმავლობაშიც კი არ გამოუცხადებია. მსოფლიო კრიზისის მიუხედავად ჩვენ ვაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ორი წლის განმავლობაში მთლიანად არ გაგვიკეთებია. ყველას ვთხოვ, ეს კარგად გაითვალისწინოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიციით მინიმუმ 50 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით და თუ ჩვენი პროგნოზები გამართლდა და ამას კერძო სექტორის აქტივობაც მოჰყვა, უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდება.

ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ სირთულეების მიუხედავად, ქართული ეკონომიკა, ქართული საწარმოების უმეტესობა გააგრძელებს ფუნქციონირებას და ეროვნული პროდუქტის შექმნას.

ჩვენ ვიქნებით ქართული ეკონომიკის მთავარი ინვესტორი. ზოგადად, ინვესტიციები მსოფლიო მასშტაბით გაქრა და დღეს თუკი სადმე ინვესტორები კვლავაც დარჩნენ, ისევ საქართველოში. ომის მიუხედავად, ამას არაკორუმპირებულობის, დაბალი გადასახადებისა და სახელმწიფო აპარატის ეფექტიანი ფუნქციონირების წყალობით მივაღწიეთ.

რა თქმა უნდა, ომმა ძალზე დაგვაზარალა, მაგრამ დონორებისგან მიღებული დახმარებები ომის მიერ მოყენებული ზარალის კომპენსირებას ამ ეტაპზე სრულიად ახდენს, უფრო მეტიც, რომ არა ეს დახმარება, მსოფლიო კრიზისი ბევრად უფრო მეტ ზიანს მოგვიტანდა და ჩვენს ეკონომიკას ბევრად ცუდი პერსპექტივა ექნებოდა.

ამიტომ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე ჩვენი პასუხია კიდევ უფრო დაბალი გადასახადები (როგორც იცით ჩვენ შევამცირეთ გადასახადები), უფრო გახსნილი და ლიბერალური ეკონომიკა, სიმშვიდე და სტაბილური სახელმწიფო. სახელმწიფო დაცული უნდა იყოს პოლიტიკური, სოციალური და სხვა რყევებისგან და საზოგადოებასთან კონსოლიდაციით ამას აუცილებლად მივაღწევთ. ახლა, როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება სტაბილურობა დიალოგისა და დემოკრატიის პირობებში და პოლიტიკური ვითარების პროგნოზირებადობა. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონალურ ეკონომიკებსა და სახემწიფოებს შორის საქართველო გამორჩეულად კარგად იქნება.

ჩვენ გავაგრძელებთ მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნას და უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ქართული ბიზნესს.

ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ეკონომიკას და გარკვეული თვეების შემდეგ ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული გამოვალთ.

იმ პირობებში, როდესაც კორუფციასა და ძალადობაზე დაფუძნებულ ქვეყნებს პრობლემები შეექმნებათ, იმ ფონზე, როდესაც ამ სახელმწიფოებს თავიანთი ამოცანები ექნებათ გადასაწყვეტი, დარწმუნებული ვარ, ყველა სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტის მიმართულებით საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს.

შეკითხვები

ლიკა ბერაია, ტელეკომპანია "იმედი": ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ქარტიას და ისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე, მაგრამ ოპოზიციის ერთი ნაწილი მაინც კრიტიკულადაა განწყობილი და ხაზსგასმით აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ამ ქარტიით საქართველოს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება რეფორმების შესრულებისა და მედიის თავისუფლების მხრივ. რა გაკეთდება ამ მიმართულებით და რა უფროა ეს ქარტია საქართველოსთვის -ვალდებულება თუ პრივილეგია?

მიხეილ სააკაშვილი:

ვფიქრობ, ამ ქარტიის გაფორმება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო სრულფასოვანი, დემოკრატიული ქვეყანაა. ნებისმიერი სრულფასოვანი დემოკრატია ვითარდება, რათა გახდეს კიდევ უფრო დემოკრატიული, ჰყავდეს უფრო გახსნილი საზოგადოება. ეს ერთადერთი გამოსავალია. მსგავს დოკუმენტებს ავანსად არავინ არ აფორმებს. ამ დოკუმენტით, ჭორები იმის თაობაზე, რომ შეგვისუსტდა მხადაჭერა ან რაიმე შეიცვალა ჩვენს მიმართ, გაქარწყლდა. არ მგონია, რომ ეს ვინმეს უნდა ეწყინოს. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ომი გადავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ აგრესიის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეჩერება, ამ რეგიონიდან ამერიკის გაგდება და ევროპისგან ჩვენი გათიშვა, ყველაფერი პირიქით მოხდა - ამერიკასთან ქარტია გავაფორმეთ, უახლოეს მომავალში ევროპასთან ვაპირებთ ასოციაციის ხელშეკრულების გაფორმებას და ვიმედოვნებთ, რომ ხელს არაფერი შეგვიშლის. ეს ხელშეკრულება აღმოსავლეთის პარტნიორობის დოკუმენტია, რომელიც საგანგებოდ ომის შემდეგ შეიქმნა. ეს იყო, ერთი მხრივ, საქართველოს ინიციატივა, ხოლო მეორე მხრივ, სკანდინავიის ქვეყნების შვედეთის, გერმანიისა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოს წინადადება. ჩვენი ინტეგრაცია იქნება შეუქცევადი. ყველა დარწმუნდა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ქართული საზოგადოება განვითარებული საზოგადოებაა, რომელიც ერთდროულად კამათობს და აწარმოებს დიალოგს, გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდება, მაგრამ სრულ თანხმობას აღწევს გადამწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით და შეუძლია კონსოლიდაცია. თავდაპირველად ცდილობდნენ ხალხის დარწმუნებას, რომ ეს დოკუმენტი არ გაფორმდებოდა. ახლა ამბობენ იმას, რომ ეს დოკუმენტი არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია, მაგრამ ეს სწორედ ის არის რაც გვგონია და რასაც ველოდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ქარტიით ყველა პრობლემა არ გადაიჭრება, ჩვენი პრობლემები თავადვე უნდა მოვაგვაროთ. ამას სჭირდება დრო, მოთმინება, სტრატეგიული განვითარება, ეკონომიკის გადარჩენა და გაძლიერება, აღმშენებლობა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში, მთავარი საკითხები ბევრად უფრო ადრე გადაწყდება, ვიდრე ეს ჩვენს მოწინააღმდეგეს წარმოუდგენია, რადგან ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.

თამარ ბაღაშვილი, ტელეკომპანია რუსთავი2: ბატონო პრეზიდენტო, არაერთი შეფასება გაკეთდა ქარტიის ხელმოწერის შემდეგ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, პოლიტიკური ძალები, ძირითადად, ერთიანი არიან შეფასებაში. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ უკვე დაასრულა უფლებამოსილება, ხოლო ბარაკ ობამას ამ დოკუმენტს სათანადოდ დიდ ყურადღებას არ მიაქცევს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ ქარტიაში რაიმე კორექტივა შეიტანოს ამერიკისა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობის მხრივ?

მიხეილ სააკაშვილი:

მიდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს დემოკრატიული ფლანგის წარმომადგენლებთან. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მილიარდ დოლარიანი დახმარების გამოყოფა იყო სწორედ მათი, კერძოდ, ამერიკის ახლადარჩეული ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივა, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ და შემდეგ ევროპამ. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაც არ არის რესპუბლიკელების ინიციატივა, ეს არის ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის კერის ინიციატივა, რომელიც წინა არჩევნების დროს პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ დემოკრატების მხრიდან იყო.

თუკი ყველა ბარაკ ობამას თითოეულ გამოსვლას გადაავლებთ თვალს (მისი გამოსვლები არცთუ ხშირია, რადგან აცხადებს, რომ ამერიკას ერთი პრეზიდენტი ჰყავს), მას ძალზე მკვეთრი და მხარდამჭერი გამონათქვამები ჰქონდა საქართველოს მიმართულებით. ასევე, ამ და ახლადარჩეული ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ ყველა ძირითად საკითხზე ისინი ცვლიან ინფორმაციას და ერთმანეთთან აქვთ სრული კოორდინაცია. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმების პირობებშიც კი არ არსებობს რესპუბლიკური და დემოკრატიული საგარეო პოლიტიკა. არის მხოლოდ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები. ამიტომ არის ამერიკა ძლიერი და ამიტომ არის მასთან ურთიერთობა ამდენად მიმზიდველი ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ამაზე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ - რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს პრობლემას ქარტია ვერ მოაგვარებს, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი ეს დოკუმენტი ერთი წლის წინათ რომ გაფორმებულიყო. ამ დოკუმენტით შევძლებდით ბევრი ცუდი ფაქტის თავიდან აცილებას. ახლა წარსულით სპეკულაცია აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ყოველივე ეს მყარ საფუძველს ქმნის ჩვენი შემდგომი ორმხრივი ურთიერთობისა და, ზოგადად, საქართველოს განვითარებისთვის. ამჟამად, საქართველო აგრესიის პირობებში მყოფი ქვეყანაა და როდესაც ასეთ დოკუმენტს ეწერება ხელი, ყველამ კარგად იცის, რომელ ქვეყანასთან აქვს საქმე, რა ვითარებაზე აქვს ლაპარაკი და რა სახის თანამშრომლობა უნდა ჩამოყალიბდეს ამ ქვეყნებს შორის. აქ არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული პუნქტი, რომლებიც გუშინ საკმაოდ მკაფიოდ გააანალიზეს და ორმხრივ და ხუთმხრივ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. აქ ლაპარაკია ვაჭრობის ბარიერის მოხსნის შესახებ, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების და მშენებლობის თაობაზე, პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ და ა.შ. ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. არჩევიდან პირველივე დღეებში, ძალზე პოზიტიური საუბარი მქონდა პრეზიდენტ ობამასთან და კმაყოფილი ვარ იმით, რომ იგი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, კარგად იცნობს რეგიონის პრობლემატიკას და ჩამოყალიბებული აზრი აქვს თითოეულ საკითხთნ დაკავშირებით. მინდა შევახსენო ყველას, რომ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ჩვენთან მაშინ ჩამოვიდა, როცა გვბომბავდნენ და ჩამოვიდა არა უბრალოდ მხარდაჭერის გამოსახატად, რაც, თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ კონკრეტული პროგრამით. ის, რომ ჩვენი ბიუჯეტი დაბალანსებულია, სწორედ ჩვენი თანამშრომლობის, მემეგობრობისა და სოლიდარობის შედეგია. ეს არ არის სოლიდარობა ჩემი პიროვნების მიმართ, ეს არის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და სამართლიანობის მხარდაჭერა ამ რეგიონში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)