Google+

სიახლეები

06.04.2009
ეგვიპტელ ინვესტორებთან საინვესტიციო-სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

უწინარეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ ყველას, თქვენი სახით კი მივესალმები ყველა ქუთაისელს.

თქვენთან ბაგრატის ტაძრიდან მოვდივარ. 4 წლის წინათ ჩვენ დავგეგმეთ ტაძრის რეკონსტრუქცია, თუმცა ბევრს ეეჭვებოდა თუ იყო შესაძლებელი მისი აღდგენა. ამიტომ, ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად მოვიწვიეთ საუკეთესო არქიტექტორები, საუკეთესო სპეციალისტები და შევჯერდით საბოლოო პროექტზე.

დღეს ჩემთვის ბედნიერი დღეა. მე ავიტანე და პირველი ქვა დავდე ამ პროექტის დაწყების ნიშნად. ეს ქვები მთელ ქუთაისში ვაგროვეთ, ოჯახ-ოჯახ ვიარეთ, მუზეუმებიდან გამოვიტანეთ და შევთანხმდით, რომ 2011 წელს ბაგრატის ტაძარი დაიბრუნებს თავის პირვანდელ ბრწყინვალებას.

ახლა ვიმყოფებით ავტოქარხნის დასახლებაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. აქედან კი წყალგაყვანილობის სამუშაოების შესამოწმებლად მივდივარ.

აქ ეს სამუშაოები წელს დასრულდება, ხოლო მომავალ წელს საბოლოოდ დამთავდრება ის რაც არასდროს არ მეგონა, რომ შეშესაძლებელი იყო - ქუთაისს მუდმივად ჰქონოდა სასმელი წყალი. ეს კომუნისტებმაც ვერ გააკეთეს. კომუნისტების შემდეგ კი ეს არც არავის უცდია.

მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გაპრეზიდენტების ერთი წლის თავზე,ზოგიერთ რაიონში ორ დღეში ერთხელ მაინც არის წყალი, მაშინ, როდესაც ადრე სამ და ოთხ დღეში ერთხელ და ზოგ რაიონში კვირაში ერთხელ მოდიოდა. ახლა ჩვენ მუდმივად გვექნება წყალი.

ყოველივე ეს ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდება.

როდესაც ავტოქარხნის დასახლებაში პირველად მოვედი, ფული არ გვქონდა, მაგრამ ფასადების შეღებვა დავიწყეთ. მაშინ ბევრმა დამცინა: რა დროს ფასადებია, როცა ხალხს შია, წყურია და გზები არა აქვთო.

ჩვენ ჯერ მაინც შევღებეთ ფასადები. შემდეგ გაგვიჩნდა ფული გზის გასაკეთებლად და გავაკეთეთ კიდეც. შემდეგ მივიღეთ დახმარება და ახლა წყალსადენს ვაკეთებთ.

ამის მიუხედავად, ქუთაისლების სამართლიანი უკმაყოფილება მესმოდა: ჩვენი პრეზიდენტი თბილისდან ბათუმში,ბათუმიდან თბილისში მომავალი მაინც გაჩერდეს ქუთაისშიო.

ქვეყანა ერთბაშად არ შენდება, ჩემო მეგობრებო, აქ კი ხელცარიელი ჩამოსვლა არ მინდოდა.

ახლა ჩამოვედი გარკვეული საჩუქრებით.

პირველი საჩუქარი არის ქარხანა, რომელიც ამჟამად დაშლილია, გემზეა დატვიტთული და საქართველოსკენ მოდის. სამ თვეში ამ ქარხანაში, რომელიც ავტოქარხნის ტერიტორიაზე იქნება, თქვენ გამოუშვებთ პირველ პროდუქციას.

მეორე საჩუქარი არის მეორე ქარხანა, რომელიც ვენტილატორებსა და კონციდიონერებს გამოუშვებს. ამას 2-3 თვე დასჭირდება, მაგრამ ამასაც თქვენ აამუშავებთ და თქვენს ტერიტორიაზე იქნება.

საბოლოოდ, ქუთაისში 12 ქარხანა ჩამოგიტანეთ და ქუთაისი ისევ ხდება ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი.

ეს არის საუკეთერსო საჩუქარი, რომელიც შეიძლება ქუთაისელებს გავუკეთოთ. ამ საჩუქარს თქვენ ვერავინ დაგამადლით, რადგა ჩვენ ხალხს საშუალებას ვაძლევთ მძიმე შრომით ირჩინონ თავი.

დღეს ქუთაისის ინდუსტრიული ზონა იქმნება,რომელიც უახლოეს დღეებში და 1 წლის განმავლობაში სტაბილური, გრძელვადიანი მუდმივი სამსახურით უზრუნველყოფს და დაასაქმებს 5000 ქუთაისელს.

ისევე, როგორც ტრაქტორების აწყობაზე ამქარხანაში 250-300 ადამიანია დასაქმებული,ისე დასაქმდება 5 000 ადამიანი. ამას დაემატება მშენებლობა, რომელსაც მალე განვაახლებთ, სადაც 2-3 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ასევე მეტალურგიაში გაჩნდება 1000 სამუშაო ადგილი.

ჩემი გათვლით, უახლოესი 2 წლის განმავლობაში, ამ ინდუსტრიული ზონის ფარგლებში, ქუთაისში შევქმნით 20-25 ათას, მუდმივ, ანაზღაურებად სამუშაო ადგილს ქუთაისელებისთვის - მათთვის, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს ამას.

მინდა საკუთარ თავს და ყველას საქართველოში, მივულოცო ეს დიდი ეკონომიკური გამარჯვება.

ჩვენი ამოცანა არის ყოველივე ამის შეუქცევადობა და თითოეულ ოჯახამდე მიტანა.

ქუთაისი ყველაზე მეტად დაიჩაგრა, ნგრევის და არასტაბილურობის გამო. აქაურობას ყველაზე მეტი ზარალი და ზიანი მიადგა, არადა აქ განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს.

რამდენიმე დღის წინათ შევხვდი თურქ ინვესტორებს, რომლებმაც ბათუმში ჩამოიტანეს დიდი საწარმო, რომელიც გამოუშვებს ორი დიდი სპორტული ბრენდის "პუმას" და "ლოტოს" პროდუქციას, წარწერით "დამზადებულია საქართველოში". მათ დამატებით 600 ადამიანი აიყვანეს, და კიდევ 400 ადამიანს ასაქმებენ. მათი თქმით, თავდაპირველად ინსტრუქტორები თურქეთიდან ჩამოიყვანეს, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, ინსტრუქტორებად სამი ქუთაისელი მოიყვანეს, რომლებიც თურქებზე გაცილებით კვალიფიციური სპეცილაისტები აღმოჩნდნენ.

თავადაც გამახსენდა, რომ ქუთაისის აბრეშუმი ყველაზე ხარისხიანი იყო ევროპაში.

უცნაურია ის, რომ ამ ხალხს დაახლოებით 17 წლის განმავლობაში არ უმუშავიათ, თუმცა კვალიფიკაცია არ დაუკარგავთ.

დღეს მეუბნებოდა ჩვენი ეგვიპტელი ინვესტორი: ჩვენ ჩამოვიყვანეთ ხალხი, რათა აქაურებს ასწავლონ, მაგრამ ყველა გაოცებულია აქაური მუშა-ხელისა და ინჟინრების მაღალი დონით.

მაგალითად მოვიყვანოთ გაზქურებისა და სარეცხი მანქანების ქარხანა, რომელიც ქუთაისში გაიხსნება. ეს არის ძალიან შრომატევადი პროცესი - გაზქურებს სჭირდება მეტალი, მავთული, საიზოლაციო თუ სხვა აუცილებელი მასალა, რომლის გამოშვებაც აქვე შეგვიძლია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი სამუშაო ადგილი ოთხ სამუშაო ადგილს ქმნის გარშემო მდებარე საწარმოებში.

ეს არის ჩვენი შანსი, რომ საქართველო ზარალისა და ზიანის გარეშე გამოძვრეს ამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან. გამოვიდეს არა დასუსტებული და დამშეული, არამედ გაძლიერებული და ფეხზე დამდგარი. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მაგალითი დანარჩენი ევროპისა და ჩვენს გარშემო რეგიონისთვის.

მე ნამდვილად არაფერს არ ვაზვიადებ.

ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონა შევქმენით. ხვალ ვაპირებ ფოთში არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერო.

ჩვენ ველით, რომ უახლოეს ერთი წლის განმავლობაში ფოთში 100 კომპანია დარეგისტრირდება. თითო კომპანიაში რომ 50-100-მდე კაცი დასაქმდეს, ფოთის სამოსახლეო რესურსი ამას ნამდვილად არ ეყოფა.

ჩემი მოსაზრებით, ქუთაისი უნდა იყოს ნახევარმილიონიანი ქალაქი და თქვენ ნახავთ, რომ ეს უახლოეს წლებში მოხდება.

აქ ხალხი თვითონ ჩამოვა, რადგან აქ იქნება სამუშაო, აქ ხალხი დასაქმდება, გაუჩნდება შემოსავალი და ე.ი. - მომავალი.

უახლოეს სამ წელიწადში ფოთის მოსახლეობა, მინიმუმ, გასამმაგდება. მოსახლეობა ბათუმშიც გაიზრდება - მინიმუმ, გაორმაგდება. ამით,

თბილისის გარდა, საბოლოოდ, კიდევ სამ დიდ, ინდუსტრიულ, მაღალი სერვისისა და საინტერესო ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქს მივიღებთ.

ქუთაისთან დაკავშირებით მე სხვა გეგმებიც მაქვს - ამ დღეებში აქ საგზაო დეპარტამენტი გადმოდის.

აქ გადმოვიდა და მე გავხსენი, სემეკის ახალი შენობა. პირობა შევასრულეთ, სახელმწიფო უწყებებიდან ნაწილი უკვე გადმოვიდა, მაგალითად, კონტროლის პალატა და სემეკი უკვე გადმოვიდა, საგზაო დეპარტამენტი კი ახლა გადმოდის.

სერიოზული გეგმები კიდევ მაქვს, მაგრამ ამის თაობაზე ჯერ პარლამენტს უნდა დავეკითხო.

ქუთაისი საქართველოს სრულფასოვანი მეორე დედაქალაქი იქნება.

აქ გაივლის სწრაფი რკინიგზა. ჩვენ მილიარდიანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ მომავალი წლიდან. ამ რკინიგზით თბილისიდან ქუთაისში უნდა ჩამოვიდეთ მაქსიმუმ საათსა და 20 წუთში. ჩვენ აქ ავტობანი მოგვყავს 2011 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე საათნახევარში ჩამოხვალ უსაფრთხო გზით. ქუთაისის გარშემო ვიწყებთ ჰიდროელექტრო სადგურების დიდ მშენებლობას. სერიოზულად მოვკიდეთ ხელი ნამახვანჰესის პროექტს. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისს მოებმება დიდი ჰიდროელექტრო კომპლექსი ევროპაში. წელს ასევე ფარავნის მშენებლობას ვიწყებთ.

პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში აშენდება დიდი და მძლავრი ჰესები. ელექტროენერგიის გარდა, ეს ჰესები მოგვიტანს ათობით ათას სამუშაო ადგილს. ხოლო შემდეგ იაფი ელექტროენერგიის მეშვეობით ამოქმედებულ ქარხნებში დასაქმდება კიდევ ათობით და ასობით ათასი ადამიანი.

არ შეილძება ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე.

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ საკუთარი, თანაც იაფი ელექტროენრგია გვქონდეს, როგორიც აქვს ნირვეგიას, დანიას, ფინეთს და სხვ.

დღეს ასევე ვაპირებ რომ შევხვდე ბიზნესმენებს და გავესაუბრო მათ.

რა თქმა უნდა, არის სიძნელეები და გაჭირვება.

რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა, ბოლო 2 თვეში ორჯერ შემცირდა, იმის გამო, რომ რუსეთში არის ეკონომიკური სირთულეები. ჩვენს ეკონომიკაც მძიმე ვითარებაშია. უდავოა, რომ საბანკო სექტორი რთულ ვითარებაშია, ბევრგან გაჩერდა მშენებლობა, მაგრამ თუ ჩვენ მივყვებით ჩვენი ეკონომიკის გადარჩენისა და შენარჩუნების პროგრამას მივყვებით, ამ კრიზისიდან მინიმალური ზარალით გამოვალთ. ჩემი გააზრებული იდეაა, რომ ქუთაისი ვაქციოთ საქართველოს ინდუსტრიულ ცენტრად, საქართველოს მეორე დედაქალაქად. ამას რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ბოლომდე მივიყვან, რადგან აქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც ამას შეძლება; რადგან აქ არიან ისეთი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, როგორებიც სანთლით საძებნია ევროპასა და აზიაში; რადგან აქ არის ტრაციდიციები, რომლებიც არ იქმნება 4-5 წელიწადში; რადგან დღეს აქ გაჭირვებამ დაისადგურა და ხალხს სჭირდება შველა მთავრობისა და ინვესტორების მხრიდან.

გაჭირვება ყველგან არის, მაგრამ მაინც - გაიარეთ ფოთში და ნახავთ, იქ არის იმის პერსპექტივა, რომ იყოს ნამდვილი სამშენებლო ბუმი. ეს აუცილებლად გადმოედება ქუთაისს, რომელიც დღეს გაჩერებულია. ბათუმში დღეს ორჯერ მეტი მშენებლობაა, ვიდრე კრიზისის დაწყებამდე იყო.

პრობლემების მიუხედავად, თბილისში მთელი რიგი შენებლობები განახლდა და ჩვენ ვმუშაობთ საბანკო სექტორთან,რომ განახლდეს ბიზნესის დაკრედიტება.

ჩვენს ბანკებს საკმარისი საკრედიტო რესურსები აქვთ. სავალუტო ფონდიდან, ჩვენ დამატებითი ტრანში მივიღეთ, რადგან ჩვენს რეფორმებს მაღალი შეფასება მისცეს; იმიტომ, რომ მთავრობა მუშაობს ერთიანად და განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, ერთმანეთის ჭამით და ერთამნეთთან ბრძოლით არ არის დაკავებული.

ეს არის ის, რაც იძლევა სტაბილურობას და უბედურების თავიდან აცილების, გადარჩენისა და უკეთესი მომავლის შანსს.

ჩვენ შევინარჩუნეთ ვალუტის სტაბილური კურსი, რასაც ჩვენ სხვათაშორის ვუყურებთ. უკრაინაში, თითქმის ორჯერ მოხდა ვალუტის დევალვაცია.

ჩვენ ბიუჯეტიც შევინარჩუნეთ, ყველა ხელფასი და პენსია დროულად გაიცემა, პირველ კვარტალში 40 მილიონით გადასახადი ავკრიფეთ.

ეს ყველაფერი არის ძალიან დაძაბული, მძიმე და ნერვული შრომის შედეგი. ეს უნდა შევინარჩუნოთ და ამის საფუძველზე ავაშენოთ ყველაფერი ის, რაც ეხლა ჩამოვთვალეთ.

საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩემთვის. მაგრამ თქვენ ნახეთ ნატოს ბოლო სამიტი. ამბობდნენ, რომ საქართველო გაიყიდა, გაიცვალა. ნურას უკაცრავად, არასდროს არ გაუკეთებია ამერიკის წინა ადმინისტრაციას ისეთი განცხადება, როგორიც ახლა გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ.

წინა ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ იყო ძალის გადამეტება. ძალის გადამეტება კი არა, ბარაკ ობამამ ნათლად თქვა, რომ ეს იყო შეჭრა, აგრესია, ოკუპაცია. მან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.

აი ეს არის მხარდაჭერა.

მხარდაჭერა არის ის, რაც ნატო-მ ზუსტად თქვა: "საქართველო შევა ნატო-ში, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად". სწორედ ასე თქვა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა. ყოველივე ეს მძიმე შრომისა და მუშაობის შედეგია.

თუ ჩვენ ეკონომიკას შევინარჩუნებთ; ამ 12 ქარხნიდან უმეტესობა წელსვე გაიხსნება, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში დანარჩენი; თუ ჩვენ საოცნებო ცათამბჯენებს ავაშენებთ თელავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, თბილისში; თუ ჩქარი რკინიგზა გამოვიყვანეთ აქ; თუ ავტობანი საზღვრებამდე მივა; თუ გომბორისა და გოდერძის გზებს ავაშენებთ, ჩვენს ტერიტორიებს ვეღარავინ წაგვართმევს, რადგან მსოფლიო მხარდაჭერა ჩვენს მხარეს იქნება.

როდესაც ქვეყანა წარმატებულია, ყველას უნდა მასთან მეგობრობა და მისი მხარდაჭერა. თუ ქვეყანას მოთმინების, გამძლეობის, ერთიანობის, სტაბილურობის შენარჩუნების და ახალი ინვეტიციების მოზიდვის უნარი აქვს, ყველა სირთულეს დაძლევს. ადრე ინვსეტორები მრავლად იყვნენ, ახლა კი მათი რიცხვი ეხლა ძალიან შემცირდა და მთელი მსოფლიო იბრძვის მათ მოსაპოვებლად.

ამ პატარა საქართველოში კი ყველაფერი სხვაგვარადაა - მილიარდ 200 მილიონი იდება ქუთაისში; ბათუმში - 500 მილიონი დოლარი, ანუ იმაზე მეტი ვიდრე შარშან და შარშან წინ ჩაიდო.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭიქა არის ნახევრად სავსე. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ის მთლიანად დაიცალოს.

ჩვენ კარგი მომავალი გვაქვს, თუმცა დღეს დიდ გაჭირვებაში ვართ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი სტაბილურად უმუშევარია. ამათგან ყველაზე მეტი წილი ქუთაისზე მოდის. იმაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, როდესაც საკუთარი შემოსავლით არ შეგიძლია შვილს უყიდო ნაყინი, სკოლის სახელმძღვანელოები.

ამის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი წამალია - მუხლჩაუხრელი შრომა, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ უკეთესად შეგვიძლია მუშაობა; ჩვენში უნდა ჩადონ რწმენა და ფული.

ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია.

დღეს ჩვენ ერთი ხელმოწერით ვაპირებთ ქუთაისის გადარჩენას.

ეს საწარმო ჩემი გულისტკივილი იყო. მე აქ არჩევნების დროს ვიარე ერთი წლის წინ. მაშინ არავის არ დავპირებივარ, რომ ამ საწარმოს ავამუშავებდით.

მე გპირდებოდით სკოლებს, გზებს, ბაგრატის ტაძრის აღდგენას.

ამის დაპირება მაშინ არ შემეძლო, მით უმეტეს კრიზისის ფონზე, მაგრამ გამოგვივიდა და კიდევ ბევრი გვექნება მსგავსი სიურპრიზი. ჩვენ ყველა გეგმას მივიყვანთ ბოლომდე, რომლებზეც ახლა ვისაუბრეთ.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას თითოეულ თქვენგანს.

ახლა უნდა დავიკაპიწოთ ხელები, ავაგუგუნოთ საამქროები და დავიწყოთ დიდი აღმშენებლობა, რათა ქუთაისი ისევ ვაქციოთ სანიმუშო, სანატრელ ქალაქად დანარჩენი საქართველოსთვის, საქართველოს მეორე დედაქალაქად.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)