Google+

სიახლეები

31.03.2009
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალმა ჯეიმს კართრაითმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

მიხეილ სააკაშვილი

ბატონო გენერალო!

მინდა მინდა მივესალმო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამდენად მაღალი რანგის ვიზიტს - ამერიკის გენერალური შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გენერალ ჯეიმს კართრაითის ჩამობრძანებას საქართველოში.

ჩვენ დიდი გულისყურით ვადევნებდით თვალს ამერიკის ადმინისტრაციის ბოლო განცახდებებს.

ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო არენაზე გამოჩენისას გაიმართა, იყო ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ჩემი შეხვედრა მიუნხენში. ჩვენ მადლობელი ვართ იმისა, რომ ამ შეხვედრაზე ამერიკისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის მყარი გარანტიები მივიღეთ.

ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ევროპაში გამართა, იყო ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან. უახლოეს დღეებში იგეგმება ჰილარი კლინტონისა და გრიგოლ ვაშაძის ახალი შეხვედრა.

მივესალმები პრეზიდენტ ობამას ცალსახა განცხადებას, რომელიც მან ვაშინგტონში საქართველოს მხარდასაჭერად, რამდენიმე დღის წინათ გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რაც თავადაც ახსენეთ ბატონო გენერალო ჩემთან საუბრისას, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აშშ და საქართველოს შორის ოფიციალურად გაფორმდა, არსებობს, რეალურია და პროცესი დაიწყო.

თქვენი ვიზიტი ნიშნავს, რომ სამხედრო-პოლიტიკის სფეროში საქართველო და აშშ გადადიან თანამშრომლობის სრულიად ახალ, ხარისხიან, მაღალ ეტაპზე.

ეს გამომდინარეობს იმ ქარტიიდან, რომელსაც ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი იანვარში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ.

მადლობელი ვარ იმ თბილი სიტყვებისთვის, რომლებიც თქვენ საქართველოს არმიათან და ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონესთან დაკავშირებით წარმოთქვით.

რამდენიმე კვირის წინ შევხვდი გენერალ პეტრეუსს მიუნხენში. მან თქვა, რომ ის აღფრთოვანებულია ქართველი ჯარისკაცებითა და მათი მომზადების დონით. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სიტყვებს პრესის ნებისმიერი წარმომადგენლის წინ, ნებისმიერ საჯარო ტრიბუნაზე გამოსვლისას გაიმეორებს. მან ასევე თქვა, რომ ამის თაობაზე არაერთხელ უსაუბრია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.

ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ამის გაგონება ძალზე მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა 3-4 წელიწადში არმიები არ იქმნება.

უდავოა, რომ წინა წლებში განხორციელებული წვრთნები გათვლილი არ იყო ფართომასშტაბიანი ომის წარმოებაზე - ეს იყო სამშვიდობო-პოლიციური ოპერაციები, მაგრამ ჩვენ ახლა ვამზადებთ ხარისხობრივად განსხვავებულ შეიარაღებულ ძალებს.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რისკი არის მაღალი და პროვოკაციები გრძელდება, იმ პირობებში, როდესაც მთლიანად რეგიონში შეიქმნა რთული ვითარება, ნურავის ნუ ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ გააგრძელებს თანამედროვე მაღალი დონის, ბევრად უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას, შეიარაღების, ჯარისკაცებისა და პერსონალის რაოდენობის გაზრდას და რაც მთავარია, მომზადების დონის ამაღლებას, რათა ჩვენი ქვეყანა ბევრად ეფექტიანად დავიცვათ.

ასევე ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში, რის შესახებ გესაუბრეთ თქვენ, ბატონო გენერალო და მივწერე პრეზიდენტ ობამას.

ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ.

ჯეიმს კარტრაიტი

ძალიან დიდი მადლობა პატივცემულო პრეზიდენტო.

მინდა მადლობა გადაუხადო ქართველ ხალხს გულთბილი დახვედრისთვის და სტუმართმოყვარეობისათვის.

თბილისის სილამაზე ყველასათვის კარგად არის ცნობილი. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მომეცა.

მადლობა მინდა გადაუხადო თავდაცვის მინისტრს და შეიარაღებული შტაბის ხელმძღვანელს, იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც დღეს შევხვდი - რომლებიც ემსახურებიან ამ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს.

პრეზიდენტ სააკაშვილს და მე დღეს ძალზე ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა.

დღის განმავლობაში საშუალება მქონდა შევხვედროდი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს.

დღევანდელი შეხვედრებიდან და პრეზიდენტთან საუბრიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან.

ამას გარდა, საქართველოს აქვს ვალდებულება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ქარტიიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ყველანაირად ხელი შეუწყოს ურთიერთობებს.

ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რეფორმის განხორციელებაში.

მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრწყინვალე შესაძლებლობისათვის, რომელიც დღეს მომეცა.

დიდი მადლობა.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”, გიორგი კეპულაძე: შეკითხვა ბატონ გენერალთან მაქვს. იანვარში საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც სამხედროს ფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ცოტა ხნის წინათ ამერიკიდან ჩამოსული იყვნენ თქვენი კოლეგები, თქვენი და მათი ვიზიტის შედეგად, გადაწყდა თუ არა, რა მხრივ დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სფეროში?"

ჯეიმს კართრაითი: იმდენად, რამდენადაც კარგად მესმის თქვენი შეკითხვის არსი, გიპასუხებთ. თნამშრომლობის ქარტია მნიშვნელოვანია და მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე ერთობლივი შეფასება გავაკეთეთ. ჩემი დღევანდელი ვიზიტით საშუალება მაქვს კარგად გავეცნო ამ შეფასებებს, გავესაუბრო ხალხს ადგილზე და გავიგო რა პრიორიტეტები აქვთ მათ. მას შემდეგ რაც დავბრუნდები ამერიკაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ერთად შევკრიბო ყველა დოკუმენტი, რათა ამ სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის თვალსაზრისით, წინ გადავდგათ ნაბიჯები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)