Google+

სიახლეები

03.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანში ქაღალდის საწარმო გახსნა

მინდა მოგესალმოთ ყველას.

დღეს ჩემთვის და ქვეყნისთვის მორიგი შედეგიანი დღეა. ჩვენ ერთად გავხსენით საწარმო და მე დღეს პირველად ვიხილე საქართველოში გამოშვებული პროდუქცია ამ სფეროში.

საქართველოში ჩვენ გვქონდა ქაღალდის დიდი კომბინატები, მაგრამ სამწუხაროდ 90-იან წლებში ეს ყველაფერი გაჩერდა და მიხარია, რომ დღეს აქ შემხვდნენ სპეციალისტები, რომლებიც იმ პერიოდში მუშაობდნენ.

აქ არიან სპეციალისტები რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ დიდი ხანია არ უმუშავიათ.

გამიხარდა, რომ მითხარით: ეს ხალხი ოქროს ფონდია ჩვენი საწარმოსთვისო.

დღეს აქ მოსვლა არის ჩვენი დაპირების შესრულება, რომელიც მივეცით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და დახმარება; იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი წაართვეს ოკუპანტებმა.

ჩვენ წაგვართვეს მთავარი - სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სოფლები, მაგრამ ვერ წაგვართმევენ ჩვენ მიწას.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ჰქონდა ბევრად უკეთესი სახლი, ბევრად უკეთ მოვლილი ეზო და ის კოტეჯები, რომლებიც შარშან ორთვენახევარში ავაშენეთ მათ ვერ შეცვლის.

ისიც ვიცი, რომ ორ თვეში გაკეთებული რამ იდეალური ვერ იქნება - ზოგან წყალიც ჩამოდის, მაგრამ, რაც მთავრია, ყველა ადამიანს თავზე გადავუხურეთ ჭერი და დაპირებისამებრ, ყველას მივეცით მინიმალური დახმარება.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჰუმანიტარული დახმარება კარგია, მაგრამ დროებითი, სახლი კი - აუცილებელი მინიმუმი.

მთავარი ჩვენი დაპირება იყო ის, რომ ამ სახლებში მცხოვრები ადამიანები სოციალურად მოთხოვნადი და დასაქმებული უნდა ყოფილიყო.

იაფი კრედიტის პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, ავამუშავეთ ასეთი ქარხნების გასაკეთებლად.

ეს არა მხოლოდ ახალი ქარხანაა საქართველოში, არამედ არის ჩვენი თქვენდამი დაპირების ასრულება. სახლებისა და მინიმალური პირობების გარდა, თქვენ უნდა გქონდეთ სამუშაო.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობა ფუჭ დაპირებებს არ იძლეოდეს. როგორც არ უნდა უჭირდეს ბიუჯეტს, რაც არ უნდა რთული გეოპოლიტიკური ვითარება იყოს, თუ ჩვენ ვთქვით, რომ ხალხს დავასაქმებთ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამის შესასრულებლად.

დიდი მადლობა საწარმოს მესვეურებს, რომ ეს დაპირება "ნეოპრინტის" მეშვეობით შევასრულეთ.

საქართველოში ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა მივხვდეთ, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი მომავალი ახლა ჩვენს ხელშია - თითოეული ჩვენგანის, მთავრობის და ბიზნესის ხელში.

ყოველი საწარმო, რომელიც გაიხსნება არის ჩვენ მიერ მოგებული ახალი ბრძოლა მომავლისთვის.

ყოველი ადამიანის დასაქმება არის პატარა გამარჯვება და წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ბრძოლაში.

თუ საქართველოს ეკონომიკა გადარჩა და ის გადარჩება, თუ ჩვენმა ხალხმა შეინარჩუნა სტაბილურობა, თუ ჩვენ შევძელით ჩვენი ოჯახების რჩენა და ჩვენი ქვეყანა წელგამართულ ოჯახებს ეფუძნება, მტრის ყოველგვარი ხრიკების მიუხედავად, ყველაფერს დავიბრუნებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

მსოფლიოში კრიზისია და ყველა მოელოდა, რომ საქართველოში არც ერთი კაპიკი აღარ შემოვიდოდა და ომი დაანგრევდა ქართულ ეკონომიკას.

არის ასეთი სააგენტო "ფიჩი". სწორედ ამ და მისი მსგავსი სააგენტოების შეფასებაზეა დამოკიდებული თუ რამდენი ინვესტიცია შემოვა საქართველოში და რამდენი ასეთი ახალი საწარმო გაიხსნება ჩვენს დასასაქმებლად.

ამ სააგენტომ ყველა ქვეყანას ჩამოუქვეითა რეიტინგი და ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც თქვა, რომ ეკონომიკური გარემო გაუმჯობესდა და მეტი სტაბილურობაა ზაფხულის თვეების შემდეგ, არის საქართველო.

გზაში ვამჩნევდი, რომ განახლდა ბევრი მშენებლობა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბანკებმა ისევ დაიწყეს კრედიტების გაცემა.

იპოთეკური სესხის პროცენტი საქართველოში შემცირდა 2 ერთეულით. ეს პატარა ეკონომიკური ძვრაა, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ყველაფრის გაჩერების, კრედიტის ღირებულების გაზრდის ტენდენცია უკან შემობრუნდა.

საქართველოში ისევ დაიწყება მშენებლობა. მოველი იმას, რომ ჩვენი ბანკები სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს კრედიტების გაცემას.

მიმაჩნია, რომ ახლა, როგორც არასდროს, არის ინვესტირების, საქართველოში ფულის ჩადების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენების დრო.

ყველა მიმართულებით შენდება ახალი გზები, საავადმყოფოები, სკოლები ხორციელდება სხვა პროექტები.

ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია აქ, წეროვანში თქვენი და ჩვენი ბავშვებისთვის აშენებული სკოლა.

მე ბევრჯერ ვყოფილვარ თამარაშენის, კეხვის და სხვა საშუალო სკოლებში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვები აქ წასულიყვნენ ბევრად უკეთეს სკოლაში, ვიდრე თამარაშენში, რომელიც ოკუპანტებმა გაგვინადგურეს. თუმცა ის სკოლასაც თავის დროზე თან გადავყევით.

კარგია, რომ ბიზნესი მხარში ამოგვიდგა და შევძელით შეგვესრულებინა დაპირება, რომელიც პირადად მოგეცით.

ჩემო ძვირფასებო, ჩემი მთავარი დაპირება, რა თქმა უნდა, საქართველოს გაერთიანებაა, დაკარგულის დაბრუნება და ერთად ბედნიერად ყოფნა.

ამაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს, მაგრამ ეს საწარმო ამ მიზნისკენ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ეს ახალი პროდუქცია ევროპული და ქართული სიმბოლიკით, ჩემთვის დიდი აგურია ახალი საქართველოს შენების საქმეში.

ასეთი აგურებისგან შენდება ახალი საქართველო.

დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.

მე ვიცი რომ შრომა მძიმეა, მაგრამ ყველაზე მძიმე უმუშევრობაა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)