Google+

სიახლეები

06.11.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა.

"ჩემი პრინციპული მოთხოვნა იყო შეგვენარჩუნებინა უნივერსიტეტისთვის ილია ჭავჭავაძის სახელი.

მთავარი კონფლიქტი, რომელიც ბოლო 5 წელში წარმოიქმნა, იმ რეფორმებს შორის, რომელსაც ვატარებთ, ეს არის კონფლიქტი თანამედროვე საქართველოს და ძველ საქართველოს შორის.

ეს არის კონფლიქტი პარტიკულარისტული, თავის თავზე მორგებულ მენტალიტეტს, საზოგადოებასა და ქვეყნების ინტერესებს შორის.

ჩვენ ბევრი გვაქვს საამაყო. ქართულ კანონმდებლობაში ქალის უფლებების დაცვას ანალოგი არა ყავს მთელს ევროპაში.

ილია ჭავჭავაძე ცდილობდა დაემტკიცებინა ის ფაქტი, რომ საერთო ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი. რატომ მოხდა კონფლიქტი ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის?

მაჩაბელს ბანკიდან ჰქონდა სესხი და სესხის გადავადება მოთხოვა ილიას. ილიამ უთხრა, მიყვარხარ, მეგობარი ხარ, მაგრამ საბანკო სისტემა ასე არ მუშაობსო. წესებს ვერ დავარღვევო.

ასეთ სიტუაციაში მე და ჩემი თანამებრძოლები არაერთხელ აღმოვჩენილვართ. თუ შსს-ს მინისტრი დაუშვებს ესეთ კომპრომისს, ვერც ერთ პოლიციელს ვერ მოთხოვს რომ იყოს ობიექტური.

როგორც კი განათლების მინისტრი გააკეთებს ამას, ვერცერთ უნივერსიტეტს და სკოლის დირექტორს ვერ მოთხოვს დაიცვას ეს მოთხოვნები." -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე აზროვნებისა და მენტალიტეტის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს ამ აზროვნების დამარცხება, რადგან ასეთი აზროვნება ნიშნავს საკუთარი ინტერესების სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დაყენებას.

მიხეილ სააკაშვილმა განათლების დონის ამაღლებისა და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებლია განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ისტორიაზე, ენაზე, კომპიუტერების, მათემატიკისა და უცხო ენების შესწავლაზე. მან სტუდენტებს და მთლიანად საზოგადოებას მოუწოდა, იზრუნონ ძველ კულტურულ ტრადიციებზე დაყრდნობით ყველა სფეროს, მათ შორის ქართული სამზარეულოს გათანამედროვებაზე, რათა საქართველომ უპასუხოს ახალ მსოფლიო დონის გამოწვევებს. საქართველოს პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აბიტურიენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება დამოკიდებული იქნება საშუალო სკოლებში დამამთავრებელ კლასებში მათი სწავლის მაჩვენებლებზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს სკოლებში მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მოსწავლეები ფაქტობრივად აღარ დადიან და ემზადებიან მხოლოდ იმ ოთხ საგანში, რომლებიც უნივერსიტეტში მოსახვედრად სჭირდებათ. მისი თქმით, ეს უნდა დასრულდეს და საშუალო განათლების ბოლო წლებმა სხვა დატვირთვა უნდა მიიღოს.

„არ შეიძლება მოსწავლე სკოლას ავტომატურად ამთავრებდეს. გამოცდები სხვა ფორმით უნდა ჩაბარდეს და უნივერსიტეტში ჩაბარება დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ სწავლობდა მოსწავლე მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)