Google+

სიახლეები

30.11.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში საფეიქრო მრეწველობის ქარხანა გახსნა, რომელშიც 40 ადამიანია დასაქმებული. საწარმო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი "იაფი კრედიტით" მოეწყო.

მიხეილ სააკაშვილი ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებ ერთ-ერთი დევნილის ოჯახს ესტუმრა. პრეზიდენტმა ამ ოჯახისაგან წერილი მიიღო, რომელშიც დახმარებას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილმა ოჯახს საჩუქრად შეშის ღუმელი მიუტანა. პრეზიდენტი ქუთაისის მერის მუშაობით უკმაყოფილოა, რის გამოც მან სამუგია საჯაროდ გააკრიტიკა და უკანასკნელი გაფრთხილება მისცა: "ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ამ კორპუსში ხალხს დენი არ აქვს. სანამ ჩვენ არ დავინტერესდით, არავის აზრად არ მოსვლია, რომ მათთვის ელექტროენერგია ჩაერთოთ. მერია, გუბერნატორი ამ ყველაფერს წყნარად უყურებდა. 2 წელი საცოდავი ბავშვები დენის გარეშე გვყავდა. გამოდის, რომ ჩვენ გულქვა მთავრობა ვართ და მარტო ნორმატივებით ვხელმძღვანელობთ?! ვარდების რევოლუცია იმიტომ მოხდა, რომ შევარდნაძის მსგავსად მიზეზად გვქონდეს, რატომ არის ხალხი საღორეში? მინდა ყველა გავაფრთხილო სახელმწიფო აპარატში, ასეთ გულგრილობასა და სისასტიკეს არ დავუშვებ და ყველას პასუხს მოვთხოვ."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ობიექტების დათვალიერებისას შენიშნა, რომ ქალაქი საგრძნობლად დაბინძურებულია, მან ქუთაისის მერს პრობლემის დროზე მოგვარება ურჩია.

"ეს ხალხი ნაგავში ცხოვრობს. ბავშვები,რომლებიც ამას უყურებენ, შეუძლებელია, ნორმალურად გაიზარდონ. არ შეიძლება, ყელამდე ნაგავში ვისხდეთ,როგორც ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყანა და თავი მოგვქონდეს, არგონავტების ქალაქად."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზეც მივიდა, სადაც მშენებარე კორტები და საცურაო აუზი დაათვალიერა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძალიან მალე ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონი ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. როგორც ქუთაისის მერმა, ნუგზარ შამუგიამ განაცხადა, პირველადი დათვალიერებით ამ პროექტს 3 მილიონი ლარი სჭირდება. "ერთად წავიმუშაოთ და შაორიც გამოვიყენოთ.ფეხბურთელების უმრავლესობა დასავლეთ საქართველოდან არიან."-განაცხადა საქართველსო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)