Google+

სიახლეები

01.01.2010
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საახალწლო მილოცვა

მივესალმები საქართველოს!

გასულ წელს ჩვენ ქვეყანას დიდი გამოწვევები ჰქონდა: მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა, ასევე პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელმაც თვეების განმავლობაში მოიცვა ჩვენი დედაქალაქი.

ყოველივე ამას უნდა მოყოლოდა ქვეყნისთვის მომაკვდინებელი შედეგები, მაგრამ საქართველო გადარჩა, ქვეყანა ვითარდება და დგება ფეხზე.

ამისთვის მინდა მადლობა მოვახსენო თითოეულ თქვენგანს, რადგან თქვენ დაიმსახურეთ ის, რომ საქართველო დგას ფეხზე და ჩვენ ვვითარდებით შექმნილი პრობლემების და იმ გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს.

ამ დღეებში საშუალება გვქონდა ტელეეკრანიდან კიდევ ერთხელ გვეხილა ჩვენი მტრის შეშლილი და, იმავდროულად, ძალიან დაბნეული სახე. მას ვერ გაუგია რატომ ვერ დააჩოქა, წელში ვერ გატეხა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ ვერ მოაქცია საქართველო ამდენი ხრიკის, პროვოკაციისა და ზემოქმედების მიუხედავად.

ის ვერ მიხვედრილა, რომ შეიძლება რომელიმე ცალკე აღებული ქართველი დააჩოქო, მაგრამ ვერასდროს ვერ დააჩოქებ ქართულ საზოგადოებას.

შეიძლება მავთულხლართი გააბა საქართველოს რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ვერასდროს ვერ გათიშავ საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ერთობას.

შეიძლება საქართველოში შემოიჭრა და დაკავებული გქონდეს მისი მხარეები, მაგრამ ვერაფერს ვერ დააკლებ მარადიულ საქართველოს, რომელიც არსებობს და მუდამ იარსებებს.

ჩვენი გადარჩენის რეცეპტი და საიდუმლო ძალიან მარტივია - ჩვენი ძალა არის ჩვენს ერთობაში.

ყველა ჩვენს მოქალაქეს, წარმოშობისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად, თანაბრად უყვარს ჩვენი სამშობლო, თანაბრად ეთაყვანება მის წარსულს და სჯერა მისი მომავლის.

ჩვენი გადარჩენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ყველა შვილი, მიუხედავად იმისა სად იყოფება ის, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის დგას საკუთარი ქვეყნის გვერდით, მონაწილეობს მის აღმშენებლობაში და იცავს სამშობლოს.

თუ გვსურს, რომ კვლავაც გვამოძრავებდეს საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ჩვენი უძველესი ინსტიქტი - ჩვენს მიწაზე იბადებოდნენ საქართველოს თავისუფალი შვილები, როგორც ეს ათასწლეულების განმავლობაში ხდებოდა, უნდა ვიყოთ მზად, რომ ერთ ხელში გვეჭიროს თოხი, მეორეში კი - იარაღი.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა 21-ე საუკუნის თანამედროვე ქვეყნის მშენებლობისთვის და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ბევრი სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ ახალი წლის ღამეს ემუშავათ, ისევე როგორც ისინი მუშაობდნენ მთელი გასული წლების განმავლობაში. ისინი მუშაობდნენ დღე და ღამე, წვიმასა და ავდარში, სიცხესა და სიცივეში და მათ ახლაც სურთ მუშაობის გაგრძელება, რათა წამოწყებული საქმე სწრაფად მიიყვანონ ბოლომდე.

ეს ხდება იმ ქვეყანაში სადაც რამდენიმე წლის წინათ ბევრს ეგონა, რომ ქართველებს აგურის აგურზე დადება დაავიწყდათ ან ეზარებათ.

ნურას უკაცრავად, სწორედ ჩვენი ხალხის ხელით ხდება ახალი საქართველოს და მისი მომავლის მშენებლობა, ძალზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

მეორე მხრივ, იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს დაცული, მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი არის ჩვენივე თავდადების, დიდი შრომისა და დიდი გმირობის პირდაპირი შედეგი.

მინდა თითოეულ თქვენგანს ვუსურვო გამძლეობა და წარმატება იმ დიდი ნიჭიერების გამოვლენაში, რომელიც საქართველოს ყველა შვილს უდავოდ აქვს.

მსურს გისურვოთ გამძლეობა და წარმატება საკუთარი თავის რეალიზებასა და იმ დიდი პოტენციალის გამომჟღავნებაში, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ოდითგან მოსდევს.

მინდა, რომ ღმერთი იყოს თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ოჯახის მფარველი ამ დიდ ბრძოლაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ისევ და ისევ წარმატებას.

ახალ წელს გილოცავთ ჩემო ძვირფასებო!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)