Google+

სიახლეები

06.11.2013
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა

მინდა გითხრათ, რომ ბოლო არჩევნების შედეგები მრავალმხრივ საინტერესო და საგულისხმო იყო, რადგან საქართველოში პირველად მყარად ჩამოყალიბდა ორპარტიული სისტემა.

ქვეყანაში ასევე შეიქმნა ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცენდენტი, რომელმაც შარშან ძალიან მშვიდად ჩაიარა. პრაქტიკულად, ერთ თვეში ჩვენ ახალი მინისტრები გავწრთვენით - ძველმა მინისტრებმა ყველაფერი ბოლომდე გააკეთეს, რათა მათი შემცვლელებისთვის შეეწყოთ ხელი. ხელისუფლების ასეთი მშვიდობიანი გადასვლა პირველია მთელ რეგიონში.

პირველად მოხდა ისიც, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყოფილი მმართველი პარტია არ გაუჩინარდა, მიუხედავად იმისა, რომ 25 ათასი ადამიანი დაკითხეს და ბევრი ლიდერი ან დააპატიმრეს, ან იმყოფება სასამართლო პროცედურის ქვეშ.

ასევე ქვეყანაში იყო კოჰაბიტაციის პირველი პრეცედენტი, მთელი თავისი სირთულეებით.

საქართველომ მართლაც საოცრება შექმნა.

თქვენ იცით, რომ არჩევნებზე აქტივობა იყო ძალიან დაბალი. ეს ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებულმა კანდიდატმა საერთო ელექტორატის, დაახლოებით, მესამედზე ნაკლები ხმები მიიღო.

ეს ყველა მთავრობისათვის უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ ბევრად მეტადაა საჭირო ურთიერთობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნება.

ახლა დიდი დავაა, უნდა იყოს თუ არა ეს სასახლე სახელმწიფო დაწესებულება და გამოცხადდა, რომ აქ არ უნდა იყოს საპრეზიდენტო სასახლე.

ეს შენობა არასდროს არ ყოფილა სააკაშვილის პირადი სახლი, როგორც ეს ზოგიერთს წარმოედგინა.

ვიღაცები ამბობენ - „მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ“. ჯერ ერთი, მე მდიდარი არ ვარ.  რამდენიმე დღის წინ ჩემს სიმამრთან ერთად ჰოლანდიაში ველოსიპედით და მან მითხრა:  ადამიანი, რომელიც ათი წლის განმავლობაში მუშაობს, ძველ სახლში არ ბრუნდება, თქვენ კი თქვენი ნივთებით ისევ იმ ბინაში დაბრუნდით, რომელშიც ვარდების რევოლუციამდე ცხოვრობდით. არ უნდა ყოფილიყავი კორუმპირებული, თუმცა რაღაც მაინც მოგეხერხებინაო...

რა თქმა უნდა, ჰოლანდიური ლოგიკა ჩვენს სიტუაციაში არ არის გამოსადეგი. ამას იმიტომ ვყვები, რომ აღვნიშნო - ეს არ ყოფილა ჩემი სახლი, ეს სასახლე ეკუთვნის ქართველ ხალხს.

მე იმ სახლში დავბრუნდი, რომელშიც მანამდეც ვცხოვრობდით, რაც დაგვემატა, არის კახეთის ვენახი, რომლითაც ძალიან ვამაყობ და ისიც მეღვინეობის ცენტრისთვის მინდა და ადგილობრივებს ეკუთვნის, რათა მათ უკეთესად შეისწავლონ მეღვინეობა და მევენახეობა.

როდესაც ამბობენ, რომ აქ აღარ უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლე და ხალხს დავუბრუნოთ, რას ნიშნავს ეს ? ცნობილი ქართული სახინკლე უნდა შემოასახლო? ეს ხომ არ არის ხალხისთვის დაბრუნება!

აქ უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს შენობა აშენდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და მასთან უკვე უამრავი ისტორიული ტრადიციაა დაკავშირებული.

ომის პერიოდში აქ დარჩა საქართველოს მთავრობა და არსად არ წასულა. სწორედ აქედან ვხელმძღვანელობდით ჩვენს წინააღმდეგობას, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოს გადარჩენით დასრულდა.

აქ ჩამოდიოდნენ მსოფლიო ლიდერები. ისინი ამ დარბაზში, ამ გუმბათის ქვეშ, ეზოში მართავდნენ კონფერენციებს და გადაარჩინეს საქართველოს.

ეს არის დიდი ისტორიული ტრადიციების მქონე შენობა.

საუკუნეების განმავლობაში არ გვქონია სასახლე. თუ ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველო პატარა სოფელი იყოს, როგორც ერთმა უწოდა და გვინდა, რომ ის მართლაც მნიშნველოვანი ქვეყანა იყოს, მაშინ აუცილებლად გვჭირდება სახელმწიფო სიმბოლოები: ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა, სახელმწიფო გერბი, ჩვენი ჰიმნი, საპრეზიდენტო და სამთავრობო დაწესებულებები. ამ დაწესებულებების შინაარსი, კი თავისთავად ქართველმა ხალხმა უნდა შეავსოს. დაწესებულებების გაყრა არა მხოლოდ არ გააძლიერებს სახელმწიფოს, არამედ ეს სახელმწიფოებრიობისმისი დასუსტებისკენ გადადგმული სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანი, ცუდი შედეგების მატარებელი ნაბიჯი.

საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, ის ინსტიტუტები, რომელიც ჩვენ შევქმენით კიდევ უფრო გაძლიერდება. გუშინ ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ჩემთან ვენახში იმყოფებოდა სტუმრად, მკითხა: როგორ შეაფასებთ ბოლო ცხრა წელს ისტორიული თვალსაზრისითო.

ვუპასუხე, რომ ამას დრო შეაფასებს, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი იქნება არა ის, რამდენ ადამიანს გავახსენდები, არამედ ჩვენი ინსტიტუტების სიმყარე.

თუ ჩვენ მიერ შექმნილი ინსტიტუტები გაძლებს, თუ გაძლებს ის, რომ ხალხი მთავრობას მოთხოვს: არ იყოს კორუფცია; პროცედურები იყოს გამარტივებული; პოლიცია -  ზრდილობიანი; შეიარაღებული ძალები კი - დეპოლიტიზირებული, ხალხის მხარეს და სამშობლოს დამცველი; საქართველოს ჰყავდეს ადგილობრივი მმართველობა, რომელსაც ხალხი აკონტროლებს; სამოქალაქო საზოგადოება და მედია იყოს თავისუფალი და შემდგომში განვითარდება; შენარჩუნდეს არჩევნების სისტემა, ჩვენ ნამდვილად დიდი რამ გაგვიკეთებია.

სწორედ ეს იქნება შეფასების მთავარი კრიტერიუმი.

მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ახალ მთავრობას და ახალ პრეზიდენტს.

მათ მომავალზე უნდა მოახდინონ ფოკუსირება, როგორ წაიყვანონ ქვეყანა უკეთესობისაკენ. მაგალითად.

ბიზნეს რეიტინგში საქართველოს 137 ადგილიდან 8-ზე გადავიყვანეთ, ხოლო მათ პირველზე გადაიყვანონ - ეს მე მხოლოდ გამიხარდება.

ჩვენ ეკონომიკა ორჯერ გავზარდეთ - ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო გაზარდონ.

სიღარიბე ორჯერ შევამცირეთ, თუმცა 20 პროცენტი კვლავ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს - თუ სიღარიბეს მთლიანად გააქრობენ, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ახალი მთავრობის წარმატება მხოლოდ გამიხარდება, რადგან ეს საქართველოს წარმატება იქნება და პირიქით.

მე იმდენი წელი შევალიე საქართველოს სამსახურს, იმდენი წელი ვმუშაობდი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ საქართველოს წარუმატებლობა არც ერთ შემთხვევაში არ გამიხარდება.

ჩემი ხალხის უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მომცა საშუალება, თითქმის, ცხრა წელი მემსახურა მათთვის და მომცა შესაძლებლობა, ქვეყანა უკეთესობისაკენ შემეცვალა.

ხალხმა, რომელმაც ეს გვანდო, უნდა განსაჯოს ახლაც და რამდენიმე წელიწადშიც.

მიხარია, რომ აქ იმყოფებით უცხოელი დიპლომატები, ბევრი რამ შევძელით ერთად.

ჩვენ მივდივართ ვილნიუსის სამიტზე და გვინდა, რომ რასაც ველოდით, იმასთან შედარებით, უფრო მოკრძალებული ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირისკენ.

მინდა თითოეულ თქვეგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში გაწიეთ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)