სიახლეები
04.11.2013
პარიზში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის შორის შეხვედრა გაიმართა
საფრანგეთის დედაქლაქში მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მათ შორის რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფა იყო. მიხეილ სააკაშვილმა და ნიკოლა სარკოზიმ ყურადღება სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და ურთიერთობაზეც გაამახვილეს. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა ნაციონალური ასამბლეის წევრებთანაც გამართა.
ნოემბრის დამლევს, ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის წინ, საქართველოს პრეზიდენტი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გამართავს შეხვედრებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
„დიდხანს ვისაუბრე ჩემს მეგობარს ნიკოლა სარკოზის. ის არა მხოლოდ საფრანგეთის წარსულია, არამედ ამ ქვეყნისა და ევროპის მომავალი - ეს ყველამ იცის. ამიტომ ამ ურთიერთობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა სარკოზისთან საუბარს სხვა მნიშვნელობაც აქვს. სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო. მაშინ, როცა ხელი მოაწერეს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას და ჩვენ ამ პროცესში ვმონაწილეობდით, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბოლომდე დაცული. პრობლემა ის არის, რომ, თუ გასული წლის ოქტომბრამდე სარკოზის-მედვედევის შეთანხმებას ევროპელები და ამერიკელები რუსეთს, პრაქტიკულად, ყოველ კვირას ახსენებდენ, 1 ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც მაშინვე შეწყვიტეს ამ ხელშეკრულების დაცვაზე საუბარი. ამიტომ ჩემი მეგობრული რჩევაა და, ვფიქრობ, ამას გაითვალისწინებენ კიდეც, რომ ეს შეთანხმება მუდმივად ვახსენოთ. რუსეთმა ვერაგულად დაარღვია შეთანხმება და ყოველდღიურად არღვევს მავთულხლართების გადმოწევითა და ჯარების კონცენტრაციით, მაგრამ საბოლოოდ, მას მოუწევს ამ ხელშეკრულების დაცვა. დღეს ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ საკითხებზე ყველამ ერთად გავამახვილოთ ყურადღება.
ამას გარდა, აქ შევხვდი ნაციონალური ასამბლეის წევრებს. ჩვენ ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის და ამ სამიტამდე კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოვლას ვაპირებ. მაქსიმალურად ბევრი უნდა მივიღოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რისთვისაც უნდა გამოვიყენო ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.