სიახლეები
13.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის ქართველობას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ადაფაზარის რაიონის ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის რაიონის სოფელი ნუსეთიეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აქტები გადასცა და მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა ახალი პროგრამის თაობაზეც ისაუბრა, რომელიც ქართული და თურქული მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილებით ამოქმედდება და ადგილობრივ სკოლებში ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
„საქართველოს კონსტიტუცია ძალზე მნიშვნელოვანი კანონია, მაგრამ მასზე მაღლა დგას მარადისობის კანონი. ქართველობა კი განისაზღვრება როგორც კონტიტუციით, ისე მარადისობის კანონით“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა მათთან შეხვედრისას.
მიხეილ სააკაშვილი ქართული წარმომავლობის მემედ სართოღლუს ოჯახსაც სტუმრობდა, რომლის წინაპრები საქართველოდან მე-19 საუკუნეში გადასახლდნენ, თუმცა ქართული ენაც შეინარჩუნეს და ტრადიციებიც.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს აკორდეონი უსახსოვრა. ბაიარ შაჰინმა კი, პრეზიდენტის პატივსაცემად, ქართული სიმღერაც შეასრულა. სამახსოვრო საჩუქრები ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივისგანაც მიიღო. მიხეილ სააკაშვილს ხელით შესრულებული პორტრეტი უსახსოვრეს.