Google+

სიახლეები

22.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ოჯახს დღეს მის თანამებრძოლებთან ვახტანგ პწკილიშვილთან და ელგუჯა ხუბაშვილთან ერთად ესტუმრა. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ზაზას გმირობის ისტორია და აღნიშნა, რომ მომავალი თაობები ამ გმირების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ. როგორც მან განაცხადა, ამ გმირების ისტორია სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს და ყველა სკოლაში უნდა გაკეთდეს საქართველოსთვის თავდადებული გმირების სტენდი, სადაც მათი ისტორია და სურათები იქნება წარმოდგენილი.  

„ბავშვებს უნდა ვასწავლოთ რატომ არის საჭირო სამშობლოსთვის თავდადება და რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარული. პირველი გაკვეთილი ზაზა დამენიას, გიორგი ანწუხელიძის და სხვა თავდადებული გმირების ჩადენილ გმირობებს უნდა მიეძღვნას. ახალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ეპოქაშიც არიან გმირები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირის აღნიშნა, რომ 2004 წელს, როდესაც საქართველო ცხინვალის რეგიონში სამხედრო-პოლიციურ ოპერაციას აწარმოებდა კორუფციული „შავი ხვრელების“ ამოსავსებად, სწორედ ზაზამ და ამ ბიჭებმა გადაარჩინეს საქართველო რუსულ საფრთხეს. მისი თქმით, ვახტან პწკილაშვილი და ელგუჯა ხუბაშვილი სიკვდილს ზაზას წყალობით გადაურჩნენ და ახლაც ქვეყნის სამსახურში არიან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომ არა მათი თავდადება და ეს წარმატებული ოპერაცია, ქვეყანა წელში ვერ გაიმართებოდა. როგორც მან აღნიშნა, იმ დროს სწორედ ამ ოპერაციამ აგვაცილა თავიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა, რომლისთვისაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

„2004 წელს ჩვენ გადავკეტეთ „შავი ხვრელი, რომლითაც საქართველოში შემოდიოდა კონტრაბანდა, შემოდიოდნენ კრიმინალები და აქედან მოპარული ქონება გაჰქონდათ. ეს იყო სამხედრო-პოლიციური ოპერაცია, რომელსაც შეეწირა ზაზა და კიდევ ბევრი ჩვენი მებრძოლი. რომ არა მათი თავდადება და თავგანწირვა საქართველო ვერ გაიმართებოდა წელში. საქართველოს არ ექნებოდა არც ხელფასების გასაცემი თანხა, არც პენსიების, არც გზების დასაგები, არც ენერგეტიკის მოსაწესრიგებელი. რაც მთავარია, ბიჭებმა მაშინ აგვაცილეს თავიდან რუსეთის პირველი დიდი სამხედრო შენაერთი, სამხედრო კოლონა, რომელიც მომდგარი იყო როკის გვირაბის მეორე მხარეს. რუსეთი უკვე მაშინ იყო მზად დაეწყო ფართომასშტაბიანი შემოჭრისთვის. საქართველო კი, სრულებით მოუმზადებელი იყო. მან, ვისაც ჰქონია, რომ 2008 წელს შემთხვევით დაიწყო ომი, კარგად უნდა გაიხსენოს, რა ხდებოდა წინა წლებში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე, ეროვნული გმირი ზაზა დამენია შეეწირა. სწორედ ამ დღეს, კომანდოს ბატალიონის კაპრალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. ზაზა სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა და სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა.

2004 წლის 26 აგვისტოს „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)