Google+

სიახლეები

30.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი თენგიზ გუნავა შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამეგრელოს გუბერნატორს თენგიზ გუნავას, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, შეიწყალებს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მარეკ დუდაევსა და პედოფილებს უშვებენ ციხიდან, თენგიზ გუნავა პატიმრობაში არ უნდა იყოს. 

„იმ იდეალისტების ციხეში ჩასმა, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს აშენებდნენ და ისჯებიან მხოლოდ იმის გამო, რომ სახლში არაფერი წაუღიათ, ყოვლად დაუშვებელია. როდესაც მარეკ დუდაევი გამოგყავს გარეთ, რომელიც საზეიმოდ გპირდება, რომ ქართველებს დახოცავს, როცა, ჩემი მუდარის მიუხედავად, პედოფილები შეიწყალეს და პედოფილიის ხუთი თუ ექვსი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში - ამ საზიზღრობას ქვეყანაში ასეთი აღმავლობა არასდროს ჰქონია; ბათუმის ბულვარის ყველაზე განათებულ ადგილზე დაუნდობლად მოკლეს 16 წლის გოგო და ამის შემდეგ პოლიციის რეკომენდაცია იყო ის, რომ ხალხი იქ აღარ მივიდეს - ყოველივე ამის ფონზე გუნავას ციხეში ყოფნა, რომელმაც სამეგრელოში რეალურად აღმოფხვრა კრიმინალი, სამარცხვინოა. რა თქმა უნდა, გუნავას გავუშვებთ და, რა თქმა უნდა, შეწყალების აქტს ხელს მოვაწერთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ გუნავას დამსახურებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გუნავა რომ ეჭვმიტანილი იყოს ადამიანთა უფლებების დარღვევასა და წამებაში, პრეზიდენტის შეწყალებას ვერასდროს მიიღებდა.

„ყველამ კარგად იცის რისთვის არის დაპატიმრებული თენგიზ გუნავა. ჯერ მას ღიად, ყველას თვალწინ ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკი, რაც თავად აღიარეს და ამის ჩამდენი პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს კიდეც, ოღონდ მათი ნაწილი შემდეგ ჩუმად აღადგინეს. შემდეგ მას წაუყენეს მეორე ბრალდება და ამ შემთხვევაშიც არაფერი გამოუვიდათ. შემდეგ წაუყენეს ოპერატიული თანხის არამიზნობრივად გამოყენების ბრალდება, თუმცა აღრიცხვის მეთოდოლოგია არ არის ზუსტი და მხოლოდ ფინანსურ-ბუღალტრული დარღვევა იყო. ვინც იცნობს თენგიზ გუნავას, იცის, რომ რომ იგი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს და ხელი  არაფრისთვის დაუკარებია. ეს არის ადამიანი, რომელმაც 2008 წელს გადაარჩინა ასობით მილიონი ლარის, მილიარდზე მეტის თუ არა, ქონება სენაკის ბაზაზე და ქართული სანაპირო   დაცვა; მან სიცოცხლის რისკის ქვეშ გაიყვანა ქართული გემები ფოთიდან, როდესაც რუსები აპირდებდნენ მათ აფეთქებას და გადაარჩინა სენაკის ბაზა აფეთქებას... თენგიზ გუნავა ან ნებისმიერი ადამიანი, რომელი პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელიც არ იყოს ის,  ეჭვმიტანილი რომ იყოს ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, ცემაში ან კიდევ უფრო საშინელი დანაშაულის ჩადენაში, ვერასდროს მიიღებდა საპრეზიდენტო შეწყალებას“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)