Google+

სიახლეები

24.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ეკვადორში ჰაიტის პრეზიდენტს შეხვდა

ეკვადორში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ჰაიტის პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და მიშელ მარტელმა იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წარმატებით განხორციელდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობა იყო. ლიდერები დევნილთა საკითხსაც შეეხნენ და ყურადღება მათი უფლებების დაცვასა და პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილეს. ქვეყნის პირველმა პირმა ჰაიტელი კოლეგა განხორციელებული რეფორმებისა და ცვლილებების გასაცნობად საქართველოში პირადად მოიწვია.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და უიმედო ადგილი იყო მსოფლიოში. ახლა ჩვენ გავხდით ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში.  ბიზნესის კეთების მხრივ, 139-ე ადგილიდან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მე-9 ადგილზე გადმოვინაცვლეთ. სიღარიბის მაჩვენებელი კი, UNDP მონაცემებით, 52 პროცენტიდან 18-მდე შევამცირეთ. ასე რომ, კარგად მესმის, რას ნიშნავს უიმედო სიტუაციაში ყოფნა. ჩვენ გზებიც გავაკეთეთ, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, გზები, პრაქტიკულად, არ იყო. მოსახლეობის 80 პროცენტი სუფთა წყლის გარეშე იყო დარჩენილი... ვფიქრობ, თქვენ საიმედო ეტაპზე იმყოფებით, რადგან პროგრესი უკვე ჩანს. ასევე, მთელი საგზაო პოლიციის დათხოვნა მოგვიწია. 3-4 თვის განმავლობაში პოლიცია საერთოდ არ გვყავდა, მაგრამ შემდეგ სრულიად ახალი სტრუქტურა შევქმენით. პოლიციელებს დავურიგეთ ახალი მანქანები, ჩავაცვით ახალი  ფორმები, ორ თვეში გავატარეთ საწყისი ტრენინგი. კრიმინალი საგრძნობლად შემცირდა, რადგან დამნაშავეთა მიმართ, კორუფციაზე და ბევრ სხვა დანაშაულზე ნულოვანი ტოლერანტობა გამოვაცხადეთ. გადასახადების გადახდა 13-ჯერ გაიზარდა. თვითონ გადასახადები კი 60 პროცენტით შემცირდა. პირადობის დამადასტურებელი საბუთების გაცემის, კერძო საკუთრების რეგისტრაციისა და საბაჟო პროცედურების სისწრაფით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. იუსტიციის სახლის ფენომენი დავნერგეთ, რამაც შესაძლებელი გახადა ყველა სერვისის ერთ სივრცეში გადატანა. ჩვენ შევქმენით ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ხალხს ეს ყოველთვის არ მოსწონს. ასე რომ, ჩამობრძანდით და თავად იხილეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიშელ მარტელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, სასწაული მოახერხა და აღნიშნა, რომ არა მარტო თავად ეწვევა ქვეყანას, არამედ საქართველოს რეფორმების შესასწავლად ჰაიტიდან კომისიას გამოგზავნის.   

მიხეილ სააკაშვილმა ჰაიტელ კოლეგას გაეროს რეზოლუციაზე მხარდაჭერა სთხოვა.

„თქვენთან ერთი თხოვნა გვაქვს. წინა წელს ჰაიტი თავს იკავებდა გაეროში ჩვენს რეზოლუციაზე ხმის მოცემისგან. ეს რეზოლუცია იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას შეეხება. ჩვენი თხოვნაა, რომ ჰაიტიმ ამ რეზოლუციას ხმა მისცეს, რადაგან ეს უბრალოდ ჰუმანიტარული საკითხია. ამ რეზოლუციას ზრდადი მხარდაჭერა აქვს. რა თქმა უნდა, მას მხარს უჭერს ევროკავშირი, ისევე როგორც აშშ და ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)