Google+

სიახლეები

25.04.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს განცხადების გაკეთება გუშინ მომხდარ მეტად შემაშფოთებელ ფაქტზე, რაც გამოიხატა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა უნებართვო შეღწევაში.

ნაცვლად იმისა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დროული რეაგირება მოეხდინა, რომლის უშუალო ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს უნებართვო შეღწევისგან საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვა, აღნიშნულმა უწყებამ სრულიად საპირისპირო გზა აირჩია და ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ფაქტების არასწორად წარმოჩენის გზით.

უფრო მეტიც, როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იქ არსებულ სპეციალურ ოთახებში (ე.წ. სერვერ-რუმსა და სვიჩ-რუმში) უნებართვოდ შეღწევა და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ოთახიდან გასაღების უნებართვოდ აღება უშუალოდ სდსს-ის თანამშრომლებმა მათივე დაქვემდებარებაში მყოფი სახანძრო დაცვის სამსახურის დახმარებით მოახერხეს.

რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, სახელმწიფო დაცვის სამსახური არა მხოლოდ არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს, არამედ შეგნებით თუ შეუგნებლად საფრთხეს უქმნის  სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცულობას, როდესაც კონკრეტულად მიუთითებს, თუ სად არის განთავსებული სერვერი და სატელეფონო კომუნიკაციები. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ ინფორმაციები განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას.

უსაფუძლოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადება, თითქოს მათ თანამშრომლებს ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საშვის გარეშე შესვლის უფლება. „საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საჯარო მოსამსახურეთა და სხვა პირთა შესვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2008 წლის 28 ივლისის #131/1 ბრძანების შესაბამისად, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზეა გამოცემული, რეზიდენციის რეჟიმის დაცვის მიზნით, ამომწურავადაა განსაზღვრული შენობაში შესვლის უფლების მქონე პირთა წრე და შესვლის წესი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც შევიდნენ ადმინისტრაციის შენობაში, არ სარგებლობენ რეზიდენციაში საშვის გარეშე შესვლის უფლებით და, მით უფრო, არ ქონდათ უფლება, შესულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტისთვის განკუთვნილი შესასვლელით. აღნიშნულ პირებზე საშვი არ დაუშვია არც ერთ იმ უფლებამოსილ პირს, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების #2 დანართის თანახმად, აქვთ ასეთი უფლება.

საქართველოს პრეზიდენტისთვის განკუთვნილი შესასვლელით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების მე-3 დანართის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, სარგებლობენ მხოლოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

რაც შეეხება ყველა სხვა პირს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, „ადმინისტრაციის შენობაში პირთა შესვლა დასაშვებია მხოლოდ საერთო (ცენტრალური) შესასვლელიდან“.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მტკიცება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის IT სამსახურის ხელმძღვანელის ოთახში მასთან შეთანხმებით შევიდნენ. ამგვარი შეთანხმება არ ყოფილა. აღნიშნულის თაობაზე მისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო ცნობილი, ბუნებრივია, ის დაესწრებოდა  მიმდინარე ღონისძიებებს, რადგან ეს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კომპეტენციაში შედის.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა არ მოგვაწოდა რეზიდენციაში მათი თანამშრომლების შესვლის ამსახველი ვიდეოკადრები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასეთი კადრები ნამდვილად აქვთ. მათ „შეცდომით“ მოგვაწოდეს სრულიად სხვა კადრები, რომლებიც არ ასახავს რეზიდენციის შენობაში პირთა შესვლას.

ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის შეფერხება ხდება სწორედ იმ მიზნით, რომ საფრთხე შეექმნას დაცვის განხორციელებას და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო უსაფრთხოებას.  

იმედი გვაქვს, სათანადო უწყებები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან პრეზიდენტის რეზიდენციის უსაფრთხოების საკითხს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)