საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა ბრიფინგი გამართა
„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს.
პირველი საკითხი შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
ვეტოს გამოყენებას ამ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტმა უგულვებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპული პოზიცია, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ის შეეხება არა თეორიულ მოდელს, არამედ იმ რეალურ კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ეს ცვლილება.
კომისიის მკაფიო რეკომენდაციით, იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისაგან. სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება. პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას. საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ახალ მთავრობასა თუ ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა და წევრებს, შეეძლება მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება. ამგვარი ცვლილება საშუალებას იძლევა, რომ მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭოზე განხორციელდეს ზემოქმედება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით, უფლებამოსილება ვადამდე უწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13-ს. შესაბამისად, ამ პრინციპულ საკითხში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულიად უგულვებელყოფილია.
ის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ნამდვილად არ არის გაზიარებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს ევროპის საბჭოს წინაშე გამოსვლისას.
პრეზიდენტი ვეტოს უფლებას იყენებს მეორე საკითხთან დაკავშირებითაც, რომელიც შეეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, თუ მის გარეშე. არსებული პროექტით, ბრალდებულის ნაცვლად, ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორის აზრით, მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებასთან დაკავშირებით, პროექტი დამატებით რისკებსაც შეიცავს.
ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრეზიდენტის დასახელებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება მიგვეცა საზოგადოებისთვის.
ამ ბრიფინგის დასრულებისთანავე, აღნიშნული კანონპროექტები გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის“.