Google+

სიახლეები

15.04.2013
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოს ჰყავს გმირები და მათ გმირობას უკვალოდ არ ჩაუვლია“

მოგესალმებით.

მივესალმები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს.

მივესალმები გიორგი ანწუხელიძის ოჯახს.

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირს, ჩვენს უმცროს სერჟანტს, რომელიც 2008 წელს რუსეთის აგრესიას შეეწირა.  

2008 წელს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ყველაზე დიდმა და ძლიერმა არმიამ მათ შორის, რომელიც ოდესმე შემოსულა საქართველოში.

2008 წელს საქართველოს დაარტყეს რამდენიმე მიმართულებით, უკლებლივ ყველა გეოგრაფიულ პუნქტში, მაგრამ მთავარი დარტყმა, რა თქმა უნდა, მიაყენეს ცხინვალს.

ეს შეიარაღებული შემოჭრა განახორციელეს მას შემდეგ, რაც მრავალი წლის განმავლობაში დაქირავებულთა მეშვეობით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკაში ჩარევას, ისევე, როგორც სიტუაციის კონტროლს სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში.

საქართველომ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ერთადერთი შანსი, რომელიც რუსებს დარჩათ იყო პირდაპირ შემოსვლა მთელი შეიარაღებული ძალებით, აგრესიის განხორციელება და ომის წარმოება.

ამ ომის მიზანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ცხინვალი არ ყოფილა და თუნდაც მხოლოდ  აფხაზეთის ტერიტორია.

ევროკავშირის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი სარკოზი, ყველა, ვინც მაშინ რუსეთთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ადასტურებდნენ, რომ მათი მიზანი იყო თბილისის აღება, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მთავრობის განადგურება, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის წერტილის დასმა, ისე, როგორც ეს მოხდა 1921 წელს.

ის, რომ მათ ეს ვერ მოახერხეს, გადამწყვეტი როლი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეასრულა - საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ქართველი ერისა და მთავრობის ერთიანობამ და უზარმაზარმა საერთაშორისო მხარდაჭერამ.

თუმცა იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მოგვეპოვებინა, დარტყმის დრო ზუსტად იყო შერჩეული. იმ პერიოდში ყველა წასული იყო შვებულებაში, იმართებოდა ოლიმპიადა, ყველა გაემგზავრა დედაქალაქიდან და ამ დონის დარტყმის პირობებში, რომ არა შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა, შესაძლოა, ყველაფერი რამდენიმე საათში დამთავრებულიყო და თბილისისკენ გაეხსნათ გზა.

ჩვენმა არმიამ რამდენიმე ძალიან გამბედავი მანევრი განახორციელა.

მინდა ყველას გავახსენო, ის, რომ 58-ე არმიის მეთაური იყო გენერალი ხრულოვი, მისი სატანკო კოლონა მეორე ბრიგადის სადაზვერვო ასეულის ძალიან გამბედავი მანევრის შედეგად გაჩერდა. ბევრი ჯავშან-ტექნიკა განადგურდა, თავად რუსი გენერალი დაიჭრა და მძიმედ დაჭრილი წაიყვანეს უკან.

ასეთი რამ არ მომხდარა ათწლეულების განმავლობაში. საქართველოს ანტისაჰაერო ძალებმა, ვიდრე მას ამის საშუალება ჰქონდა, ათზე მეტი საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის, ТУ124-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, რომლის ჩამოგდებაც, პრაქტიკულად, ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებს და ბევრად უფრო დახვეწილ ტექნიკურ საშუალებებსაც უჭირს ხოლმე.

ჩვენ მოვახერხეთ გადამწყვეტი დროის მოგება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ეს მოახერხეს კონკრეტულმა ქართველებმა და ზუსტად ასეთი გმირი იყო გიორგი ანწუხელიძე.

კადრებმა, რომელიც ყველამ ვნახეთ, მთელი მსოფლიო მოიარა. აქ ნათლად ჩანს, როგორ აიძულებენ რუსები და ადგილობრივი დაქირავებულები გიორგის, რომ მას ეკოცნა მიწისთვის, ქედი მოეხარათ მათ წინაშე და გაეთქვა ინფორმაცია.

როგორც იქცეოდნენ ჩვენი ისტორიული ეპოსის გმირები, საქართველოს წარსულიდან გაცოცხლებული, ჩვენი დიადი ბრძოლების პერსონაჟები, ზუსტად ისე მოიქცა ეს თუში ბიჭი.

სხვა რა არის გმირობა თუ არა ის, რაც გიორგიმ გააკეთა; სხვა რა არის გმირობა თუ არა ის, რომ არ დაუხარა თავი ამდენად დიდ და თავზე ხელაღებულ არმიას, არ მოიხარა ქედი მათ წინაშე და არ დაიმცირა თავი  სიცოცხლის ფასადაც კი.

მან უპასუხა წარმოუდგენელი გამბედაობით, გმირობით და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში დარჩება კიდეც ასეთად.

გმირობის ბევრი სხვა მაგალითი და ისტორიაც ვიცით, რომლებიც ცხინვალში იმ დღეებში განვითარდა.

ჩვენ დღემდე არ ვიცით იმ ადამიანის, იმ სნაიპერის სახელი, რომელიც თითქმის 1 კვირა იყო გამაგრებული ერთ-ერთ შენობაში და ყველა მხრიდან ესროდნენ. პრაქტიკულად, უიმედო ვითარებაში იგი ძალიან დიდხანს იცავდა თავს, ვიდრე ბოლო ტყვია არ გაუთავდა და ბოლოს შეაკვდა კიდეც მტერს.

ჩვენ არ ვიცით მისი სახელი, მაგრამ გიორგის სახელი ჩვენ ვიცით და ვიცით ის, რომ საქართველოს ჰყავს გმირები, ვიცით, რომ მათ გმირობას უკვალოდ არ ჩაუვლია.

საქართველო გადარჩა და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია განვითარება, ჩვენი სახელმწიფოებრობის შენარჩუნება, ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების  გაგრძელება.

2008 წელს ამას ყველაზე მრავალრიცხოვანმა მტერმაც ვერ დაუსვა წერტილი.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ჟიული შარტავას, ჩვენს ოფიცერს ზაზა დამენიას, რომელიც 2004 წელს ცხინვალში საკუთარი სხეულით გადაეფარა სანგარში შეგდებულ ხელყუმბარას და ოთხი თანამებრძოლი გადაარჩინა...

დღეს ამ გმირებს ოფიციალურად შეემატება კიდევ ერთი სახელი - გიორგი ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირი.

ეს წოდება და ჯილდო, რომელსაც გიორგის მეუღლეს მაკა ჩიკვილაძეს გადავცემ, გიორგი ანწუხელიძეს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)