Google+

სიახლეები

26.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში სტიქიით დაზარალებული ოჯახი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმს ეწვია და სტიქიის შედეგებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ბულვარი მოინახულა, რომელიც ძლიერი ქარისა და შტორმის შედეგად საგრძნობლად დაზიანდა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება, რათა მომავალში ბათუმის მოსახლეობა მსგავსი პრობლემის წინაშე აღარ დადგეს.

„ჩვენ მოვამზადეთ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და აზიზ ბანკთან შეთანხმებაც გვქონდა. ბანკის ხელმძღვანელობას პირადად ველაპარაკე, რათა ნაპირსამაგრი სამუშაოები ბათუმში საბოლოოდ დაგვემთავრებინა და სანაპირო ზოლი მთლიანად, ძველ და ახალ ბულვარზე, ყველგან გაკეთებულიყო. შემდეგ ზოგიერთებმა ძალიან გაუგებრად თქვეს, რომ  თითქოს ეს დაკავშირებული იყო ოქროს ქვიშის პროექტთან. არადა ეს იყო პირსების დიდი სისტემა. სხვათა შორის, სოხუმში არის პირსების სისტემა და აქაც ისეთს ვაკეთებთ, ოღონდ უფრო თანამედროვეს. ამ სისტემით შემოვფარგლავდით მთელ სანაპიროს, რათა წყალს აღარაფერი დაენგრია. მერე გინდა დაყარე ქვიშა და გინდა არა - ეგ უკვე მეათე ხარისხოვანია. არადა ვიღაცამ თქვა ოქროს ქვიშა სააკაშვილის მორიგი ახირებაა და მოდით ეს პროექტი მთლიანად გავაჩეროთო. სწორედ ამის გამო შეჩერდა პროექტის განხორციელება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობაა, რადგან ეს პროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ბათუმი წყალმა არ წაიღოს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოქროს ქვიშის დაყრა. ამ შტორმმა უნდა გაგვახსენოს ყველას, რომ ამ ქალაქს ემუქრება ზღვით წაღების საფრთხე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი ბათუმში ბარაკების ტიპის დასახლებაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ელგუჯა სიხარულიძის ოჯახსაც ესტუმრა. დაახლოებით 2 საუკუნის დროინდელ, ავარიულ სახლში, რომელშიც სტიქიის შედეგად სახურავიდან წყალი ჩამოდის, 6-სულიან ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. მიხეილ სააკაშვილი დახმარებას მათ პრეზიდენტის ფონდიდან დაპირდა.

„ეს კვარტალი მთლიანად უნდა გადასახლდეს, მაგრამ ამისათვის, უპირველესად, საჭიროა, რომ ბათუმს ბიუჯეტი აღუდგეს. ბარაკების აღების პროგრამას მთლიანად 80 მილიონი სჭირდება და თუკი ბათუმის ბიუჯეტს დაუბრუნდება ის 120 მილიონი ლარი, რომელიც მოაკლეს, შესაძლებელი გახდება ამ პროგრამისთვის თანხის გამოყოფა და ბარაკების პრობლემა საერთოდ აღარ გვექნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეუწყოთ ბინათმშენებლობას. მთავარია ახლა  ბათუმის მერიამ ყველა დაზარალებულს უპოვოს ბინა და რასაც მერია ვერ გადაიხდის, მწირი შესაძლებლობის მიუხედავად, პრეზიდენტის ფონდიდან დავამატებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელია იყოს დამოუკიდებელი ტელევიზიები, რომელთა განვითარებაში მთავრობა და პოლიტიკოსები არ ჩაერევიან. მისი განცხადებით, მისი გუნდი და თვითონ მზადაა მთავრობასთან მოლაპარაკება აწარმოოს ქვეყნის დემოკრატიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კანონების მიღებასთან დაკავშირებით.

„საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მასმედიისა და სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა. მასმედიის დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში არის დამოუკიდებელი ტელევიზიები, საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგად მუშაობს და კარგი იქნება თუ მთავრობა მათ მუშაობაში უფრო ნაკლებად, ან საერთოდ არ ჩაერევა. აქედან გამომდინარე, მსგავს საკითხებს დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სათუოა მიიღებს თუ არა საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ვილნიუსის სამიტზე. თუ ამ მატარებელმაც გაგვასწრო და მთელ რიგ საკითხებზე დროულად არ შევთანხმდით, შემდეგი მატარებლის ლოდინი ძალიან დიდხანს მოგვიწევს. ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, შესაძლოა, ეს ძალიან დრამატული იყოს. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციულად მუშაობა. საქართველოს მთავრობას მოლაპარაკება სხვადასხვა კანონებთან დაკავშირებით შევთავაზეთ. ჩვენი ამოცანა არაა, რომ ურემი გადაბრუნდება შემდეგ ვიძახოთ: აი, ხომ ვამბობდით-თქო. მოდით, არ გადავატრიალოთ ეს ურემი; მოდით, დავსხდეთ და იმ ნორმების შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომლებიც საერთაშორისო თვალსაზრისით ყველასთვის გასაგები და მისაღებია. ჩვენ არ  ვიგონებთ ახალ ველოსიპედს - არის  დემოკრატიული სისტემა  და არის ავტორიტარული სისტემა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს სრულფასოვანი დემოკრატია. არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ პოლიტიკურ გუნდს ძალაუფლება დემოკრატიულად გადავეცით. ჩემი პრეზიდენტობის დროს გაიხსნა ყველაზე მეტი ტელევიზია და გაზეთი - ეს ფაქტია. თუმცა დემოკრატია სრულყოფილი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ყველანაირი ხელოვნური ჩარევა გარედან, ტელევიზიებთან მიმართებაში შენი ხალხის გაყვანა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით, ძალიან საშიშია. პოლიტიკოსები და მთავრობა უნდა მოშორდნენ ტელევიზიას და თვითგანვითარების საშუალება მისცენ “, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)