მოგესალმებით.
აუცილებლად მივიჩნიე მომემართა თქვენთვის ბოლო დროს კორესპოდენციის მიმოცვლასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროპის წამყვანი პოლიტიკური ძალების მიმართ, ევროპის ლიდერების მიმართ აწარმოებს.
დღეს ძალიან ბევრი ბრალდებაა, ბევრსაც კამათობენ და ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ყველა მათგანს უნდა უპასუხოს, მაგრამ აქ არის ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს შეეხება. კერძოდ, შეეხება საქართველოს მომავალს, საქართველოს ევროპულ არჩევანს, ქართველი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის, შვილებისა და შვილიშვილების უახლოეს და გრძელვადიან პერსპექტივას.
პირველად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააგზავნა წერილი, რომელიც, როგორც გაირკვა, ძირითადად, პრემიერ-მინისტრმა დაწერა. შემდეგ რამდენიმე წერილი მიწერეს პრემიერმა და მთავრობამ ევროპარლამენტის წამყვან დეპუტატებს, მათ შორის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროპარლამენტის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს, ყოფილ თავმჯდომარეს იეჟი ბუზეკს. ამ ორი დღის წინათ კი, საქართველოს მთავრობამ უპასუხა ევროპის სახალხო პარტიის მემორანდუმს საქართველოსთან მიმართებაში.
მსურს, შეგახსენოთ, რომ ევროპის სახალხო პარტია ევროპის წამყვან პარტიათა გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობაში არის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მისი პარტია, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპის სხვა ლიდერები, ძალიან ბევრი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოთა მეთაურები ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირის ძირითადი ბირთვი.
ამ სახალხო პარტიის მიმართვაში აღნიშნული იყო ის პერიოდი, რომელიც დარჩენილია ვილნიუსის სამიტამდე. თქვენ იცით, რომ საქართველოსთვის ეს სამიტი ისტორიული შანსია, რომ შევძლოთ ევროკავშირის პერსპექტივის მიღება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის მიღება, თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებების გაფორმება ევროკავშირთან. ამ საკითხებზე უკვე მრავალი წელია ვმუშაობთ.
საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპაში კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა, მათ შორის, 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსგავსი ექსცესები თავიდან ავიცილოთ და ურთიერთობა დიალოგის რეჟიმით წარვმართოთ.
ახლა საქართველოს მთავრობა წერს წერილს ევროპარლამენტს. მთავრობის პასუხი სწორედ ის არის, რაც პრემიერ-მინისტრმა მიწერა ევროპის სახალხო პარტიას. მსურს, ციტატა წაგიკითხოთ: „პარლამენტს არ აუკრძალავს საქართველოს პრეზიდენტისთვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა. სიტყვით გამოსვლის თარიღი არც კი იყო შეთანხმებული“.
ყოველივე ეს ხდებოდა ერთი თვის წინათ და მინდა მოგმართოთ თქვენ - ხომ იცით, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი შეთანხმებული იყო. ეს გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ტელევიზიით დაანონსდა მთელი პროცედურა - თუ როდის მივიდოდა პრეზიდენტი პარლამენტში, რომ სიტყვით მიმართავდა პარლამენტის წევრებს, რომ იქნებოდა შეკითხვები...
ეს ნახა მთელმა საქართველომ. მთავრობა კი პირდაპირ, ღიად იტყუება: თარიღი შეთანხმებული არც კი ყოფილაო.
შემდეგ წერია, რომ, თურმე, პრეზიდენტს სჩვევია დაგვიანებით გამოცხადება, ან საერთოდ არგამოცხადება წინასწარ შეთანხმებულ გამოსვლებზე, რაც მიუთითებს იმას, რომ იგი საკმარისად არ სცემს პატივს პარლამენტს... თუმცა საქმე ამით არ მთავრდება.
მინდა, მოგმართოთ საქართველოს საზოგადოებას. ბოლო ცხრა წელიწადში ათობით ათასი შეხვედრა მქონდა საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და, როგორც წესი, დაგვიანება არ მჩვევია. შესაძლოა, ასეთი შემთხვევა ასში ერთი ყოფილიყო, მაგრამ, როგორც წესი, უპატივცემულობას და გამოუცხადებლობას ვერავინ დამაბრალებს - ეს იცის ყველამ.
დღეს ამას სწერენ ევროპელებს.
შემდეგ: „პრეზიდენტ სააკაშვილისთვის არავის უბრძანებია სასახლეში ყოფნა, თუკი ძალადობა იყო დადგმული და მოწყობილი, მაშინ ეს დაგეგმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და არა მმართველმა პარტიამ“.
ერთი თვის წინათ ყველამ ნახეთ, სამთავრობო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი უნდა დარჩეს სასახლეში და საკვებსა და წყალს იქ მივაწვდითო. თქვენ ნახეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის ყველა გამოსვლა არის პროვოკაციული და ჯობდა პრეზიდენტი სასახლეში დარჩენილიყოო.
ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ, რეალურად, მთელი წერილი გაჯერებულია მსგავსი ტყულებით და, სამწუხაროდ, ტყუილი სამთავრობო კომუნიკაციის სტილად გადაიქცა. ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ ევროპელებთან ტყუილი არ შეიძლება. რუსულ სივრცეში შეჩვეული ვიყავით ტყუილებით მოქმედებას და ეს ცხოვრების წესი იყო. თუ ევროპელებს ერთხელ მოატყუებ, მეორედ აღარ გენდობიან. ნდობას კი დაკარგავს არა მარტო მთავრობა, ცალკე აღებული პრემიერი ან პრეზიდენტი, არამედ ქვეყანა.
ევროპის სახალხო პარტიასთან ასეთი წერილებით საუბარი არ შეიძლება. არ შეიძლება, ელაქუცო კარასინს და საშნელ ბრალდებებში დაადანაშაულო ევროპარლამენტის ლიდერები.
არ შეიძლება, ლანძღავდე მერკელის, სარკოზის და ბაროზოს პარტიას და, ამავე დროს, მუხლებზე უდგებოდე ონიშენკოს მიერ გამოგზავნილ რუს ჩინოვნიკებს.
ეს არ არის ქართული სტილი და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამკვიდრებდით.
დღეს ეს კონკრეტული გამოწვევაა ჩემთვის, რაც ძალიან მაწუხებს.
საქმე შეეხება არა მხოლოდ ტყუილებსა და უხეშ გამონათქვამებს, რაც აქამდე არასდროს ყოფილა, არამედ საქართველოს ღირსებას.
ღირსება არ არის ის, რომ ასეთი ფორმით მივმართავთ ჩვენს მეგობრებს, რომლებმაც 2008 წლის ომის დროს გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა. მრავალი ევროპელი ლიდერი იდგა აქ მოედანზე და თითოეული მათგანის პირადი უსაფრთხოების რისკის მიუხედავად, იცავდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას.
იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად გვეხმარება, რომლებზეც დგას საქართველოს სუვერენიტეტი მრავალი ასპექტით და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა, ასე ვეპყრობით. სწორედ მათი დახმარებით გავაჩერეთ რუსები აფრიკაში, აზიასა და ოკეანეთში; ასევე მათი დამსახურებაა, რომ ზოგიერთ ადგილზე უკანონო აღიარებასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედეს.
უპირველეს ყოვლისა, სწორედ ევროპელები გვეთანხმებობდნენ ამაში და როგორ შეიძლება ასე უხეშად ველაპარკებოდეთ ევროპას?
საბოლოოდ, არის კიდევ ერთი უმთავრესი რამ.
წინ არის ვილნიუსის სამიტი. 90-იან წლებში საქართველო ვერ მოხვდა იმ მატარებელში, რომელმაც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირისა და ნატოსკენ წაიყვანა.
ახლა გამოჩნდა მეორე შანსი, რომ მოლდოვასთან ან სხვა პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, ჩვენც შევძლოთ ამ მატარებელში ჩასხდომა. თუ ვილნიუსში ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ, დავზარალდებით ყველა, ოპოზიციაც და უმრავლესობაც.
ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ და მთელი დრო იმას კი არ უნდა მოვახმაროთ, რომ ერთმანეთი შიდა და გარე ასპარეზზე ვლანძღოთ, არამედ უნდა ვლაპარკობდეთ იმაზე, რომ ერთიანი ძალით წავიდეთ აქეთ. მთავარია, რომ ტყუილებით არ ვილაპარკოთ და ცივილზიებული დიალოგი ვაწარმოოთ.
ადვილია იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ გვინდა ევროპა - ამას პუტინიც ამბობდა თავის დროს და შევარდნაძეც, მთავარია უარი ვთქვათ იმაზე, რაც დღეს ქვეყნის შიგნით ხდება, რათა საქართველოს და ჩვენ მომავალ თაობას არ წაართვან ის, რისი შანსიც უკვე ჩანს - ეს არის ევროპული პერსპექტივა.
ამას ვამბობ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ევროპის რუკაზე საქართველოს დასამკვიდრებლად და ასევე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს, რომ ჩვენი შვილები ბევრად უფრო დაცულ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ.
ეს გზა, რომელიც 90-იან წლებში უკვე გავიარეთ და რამდენჯერმე ძალიან მწარედ შემოგვიბრუნდა, ჩიხში მიგვიყვანს.
ნუ დავბრუნდებით იქ, საიდანაც ახლა მოვდივართ.
დღეს მოქმედი ანტიევროპული ძალები ისე გაგვიხდიან საქმეს, რომ არსად აღარ გვექნება წასასვლელი და ისღა დაგვრჩება, რომ მუხლებზე დავუდგეთ ჩვენს დამპყრობელს.
ქართველი ხალხი არასდროს არ დაიჩოქებს და ისევ შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩიხურ მდგომარეობაში.
ამიტომ, მინდა შევთავაზო საქართველოს მთავრობას, რომ ეპისტოლარული ჟანრით კი არ ვილაპარკოთ, როგორც ეს ძველ დროში იყო, არამედ დავსხდეთ და შევიმუშავოთ ერთიანი კონცეფცია და ერთი ხმით ველაპარკოთ ევროპას. ყოველივე ეს ასევე ნიშნავს იმ ფასეულობების პატივისცემას და გაზიარებას, რომლებსაც ფუძნება ევროპული არჩევანი.
ეს ფასეულობები არის დემოკრატია, თავისუფალი მედია, თავისუფალი მართლმსაჯულება, კონსტიტუციური დიალოგი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი.
ჩვენ ევროპულ არჩევანს ვერაფერი დაუდგება წინ და მინდა, ყველამ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.
დიდი მადლობა.