Google+

სიახლეები

25.02.2013
მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას სასამართლო პროცესსა და სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა

ქვეყნის პირველმა პირმა დღეს დედაქალაქის მერის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი შეაფასა და მას უჩვეულო და საგანგაშო მოვლენა უწოდა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან თბილისის მერი, პრეზიდენტის შემდეგ, საქართველოში მეორე, ხმათა ყველაზე მაღალი რაოდენობით, პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირია. ამგვარად, ეს პროცესი არ შეიძლება მივიჩნიოთ ჩვეულებრივ მოვლენად. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი,  საყურადღებო და ძალიან საგანგაშო რამ. როგორც მესმის, პროკურატურა,  მთავრობასთან (რომელიც დგას პროკურატურის უკან) და პრემიერ-მინისტრთან ერთად, მოითხოვს სამ რამეს: ეს არის არაადეკვატური და გაუგებარი გირაო; გადაადგილების აკრძალვა - ორ დღეში ოფიციალური ვიზიტით მივემგზავრებით აზერბაიჯანში, მათ შორის, დელეგაციის წევრია  თბილისის მერი, რომელსაც კოლეგებთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა - ე.ი. მათ სურთ შეუზღუდონ პოლიტიკური ფუნქცია და მესამე - უფლებამოსილების შეჩერება, რაც საერთოდ აუკრძალავდა მას მერის უფლებამოსილების განხორციელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობის არჩეულ პირს პროკურატურის შუამდგომლობის ძალით, ჩამოერთმეოდა ხალხის მიერ მიცემული მანდატის განხორციელების საშუალება. მილიონიანი გირაო არის იმ ხალხის უცნაური ფანტაზიის ნაყოფი, რომელმაც ვერაფრით ვერ დაიჯერა ის, რომ ჩვენს მთავრობაში მილიონებს არავინ არ აკეთებდა. ამ ხალხმა ვერ დაიჯერა, რომ შეიძლება მართლა გულწრფელად გინდოდეს ქვეყნის შენება, მისი აღმშენებლობა, შემდეგი თაობებისთვის კარგი მომავლის შექმნა და არა პირადი ჯიბის გასქელება. უგულავას მოსთხოვეს თანხა, რომელიც მას ფიზიკურად არ შეიძლება ჰქონდეს. მილიონებზე და მილიარდებზე გველაპარაკებიან ის ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში მართლა აკეთებდნენ ამას და რომლებიც  დაბრუნდნენ თანამდებობებზე. მათ სულელებად და ბრიყვებად მივაჩნივართ, რადგან ამ თანამდებობებს „ვაფუჭებდით“ და მილიონებს არ ვაკეთებდით. სწორედ ამ ფსიქოლოგიის მქონე ხალხი მოვიდა ახლა საჯარო სამსახურში და აქვთ ფულის კეთების საშუალება. ეს არის პრობლემა დღეს საქართველოსთვის და არა თუნდაც ის, რომ ვინმეს დააპატიმრებენ ან რამეს წარუდგენენ. მოვიდა ხალხი, ვისაც სხვანაირად ვერ წარმოუდგენია. თბილისს ჰყავდა ძალიან მდიდარი მერები, მაგრამ ამ დროს თბილისი უმოწყალოდ ინგრეოდა. აღმშენებლობა დედაქალაქში ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსვლიდან დაიწყო და უგულავას დროს გაგრძელდა, როდესაც თბილისს უკვე ყველა ერთად ვაშენებდით. ერთდროულად შეუძლებელია შენება და ფულის კეთება. ვიდრე ბიუჯეტის ფულს იდებდნენ ჯიბეში, მშენებლობა არ მიმდინარეობდა; შემდეგ მშენებლობაში ჩაიდო ფული და არა ჯიბეში. არ არსებობს ორმაგი ბუღალტერია - ან ჯიბე ან აღმშენებლობა. თუ უგულავას შეეძლება გირაოდ შუშის ხიდი, ჩადოს, კი ბატონო! თუ შეიძლება გირაოდ ახალი გზები და ესტაკადები ჩაიდოს, ჩაადებინონ! თუ შეიძლება იუსტიციის სახლი, ეს ახალი თეატრები და კულტურის ცენტრი ჩავდოთ, თანახმა ვარ! ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა ჩავიგდოთ თავი ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომ საქართველოს შეექმნას ზოგადი პრობლემები შემდგომი დემოკრატიზაციის და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს არის ცალსახა. შემოტევის არავის არ ეშინია. მთელ ამ საქმეში ძალიან უცნაურად ახსენეს ჩემი სახელიც... თუმცა ეს სასამართლოა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა. სამართლებრივ პროცედურებს მთლიანად ვენდობი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ღალატის ფასად.

„ჩვენი ერთადერთი გზა ევროპისკენ მიდის და, ვფიქრობ, ამას ნათლად და ხაზგასმით ადასტურებს ლავროვის განცხადებაც. ჩვენთან ხშირად ამბობენ, მათ შორის ახალგაზრდებიც:  თუ რუსეთი ცხინვალს და აფხაზეთის ტერიტორიას დაგვიბრუნებს, იქნებ, ევროპასა და ნატო-ზე უარი ვთქვათო. მაჩვენეთ ერთი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, როდესაც რუსეთმა ჩვენ რამე მოგვცა, ან  ერთი მაგალითი რუსეთის ისტორიაში, როდესაც რუსეთმა საკუთარი ნებით მისცა ვინმეს რამე. ჩვენი პრობლემაა, რომ განათლების სისტემა საკმარისად ვერ შევცვალეთ იმისთვის, რომ მსგავსი შეკითხვა არ ჩნდებოდეს. ვლადიმერ პუტინს პირადად მე ეს ბევრჯერ ვკითხე და ყველა ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღე. 2008 წლის თებერვალში შეხვედრისას, ამ შეკითხვაზე მისი ბოლო პასუხი იყო იგივე:  Мы не меняем ваши территорий на вашу геополитическую  ориентацию. განსაკუთრებით მიამიტი ხალხის გასაგონად ვამბობ, ან ვისაც ჭეშმარიტების დაჯერება არ სურს - მკითხეთ, აგერ ვარ ცოცხალი მოწმე. ამიტომ ჩვენი გზა და ბუნებრივი ადგილი არის ევროპა. როდესაც ევროპაში ვიქნებით, ბევრი საკითხი თავისით, ეტაპობრივად, ნელ-ნელა, მაგრამ გადაწყდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გზა გაგრძელდეს - სხვა ნავსაყუდელი საქართველოს არ აქვს“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)