მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ არა მხოლოდ ვაყალიბებთ შეიარაღებულ ძალებს როგორც ერი, არამედ შეიარაღებული ძალები აყალიბებს ჩვენს ერს“
მოგესალმებით ამ მშვენიერი აკადემიის მსმენელებს, როგორც ვაჟკაცებს, ასევე ამ ოთხ ქალბატონს .
მომავალში ველით, რომ შეიარაღებულ ძალებში ქალბატონების რაოდენობა გაიზრდება და თქვენთვის უფრო პრესტიჟული და ინტელექტუალური გახდება ეს პროფესია. ეს აკადემია არის საქართველოს აღორძინების სიმბოლო! თქვენ იცით, რომ 2008 წელს ოკუპანტებმა ეს აკადემია თითქმის მიწასთან გაასწორეს, ჩვენ კი სულ რაღაც რამოდენიმე თვეში ავაშენეთ და სასწაულ ბაზად ვაქციეთ. ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების ახალი განვითარების, ახალი ისტორიის ნაწილი.
ახლახანს გაერთიანებული შტაბის უფროსთან ერთად ვიყავი ავღანეთში. ჩემთვის ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ახალი წლის შეხვედრა ძალიან დიდი პატივია. მინდა გითხრათ, რომ გაოგნებული ვიყავი ჩვენი ოფიცრების და ჯარისკაცების მაღალი პროფესიონალიზმით. იქ ყოფნის დროს, ნახეთ ალბათ ტელევიზიით, თალიბებმა გახსნეს ცეცხლი.იქ ამაში უჩვეულო არაფერია და ხშირად ხდება. ღამით ეკრანებზე ვუყურებდით დირიჟაბლების დახმარებით, თუ როგორ ისროდნენ ისინი ჯერით ცეცხლს,
ვუყურე ჩვენს ოფიცრებს, როგორ მართავდნენ პასუხს, როგორ ავტომატიკის დონეზე იყო, რასაც ამერიკელები უწოდებენ "Command and Control”.
მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ესენი ქართველები იყვნენ. მე ასეთ ქართველ სამხედროებს არ ვიყავი შეჩვეული: ავტომატური, მწყობრი, გამართული, აბსოლუტურად მექანიკურ რეჟიმში მოქმედი სამხედროები ,რომლებიც ზუსტად მართავდნენ სიტუაციას.ისინი უკვე მაღალი კლასის პროფესიონალები არიან. მე მივხვდი, რომ ჩვენ როგორც ერი, არა მარტო ვაყალიბებთ შეიარაღებულ ძალებს, არამედ შეიარაღებული ძალები აყალიბებენ ჩვენს ერს. ის, რასაც ქმნით თქვენ, ის აყალიბებს ჩვენს ერს. მე დღეს სპეციალურად წამოვიღე ეს ინსტრუმენტი, ე.წ. "რაგატკა", რომელიც 2004 წლის იანვარში, თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას მომცეს ოფიცრებმა. როგორც სიმბოლო იმისა, თუ რა იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვა 2004 წელს. დღეს უკვე იცით, რომ გაჩნდა შეიარაღების ძალიან სერიოზული კომპონენტები, გვაქვს საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის სისტემები, შეიარაღებული ჯავშანტექნიკა და რაც მთავარია, დღეს ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში შეიარაღებული ძალები მთლიანად ახალი დასავლური ტექნიკით უნდა აღიჭურვოს . ეს არის იმ შეთანხმებაზე დაფუძნებული, რომელსაც მე მივაღწიე პრეზიდენტ ობამასთან გასული წლის იანვარში.
მსგავსი პროგრამების განხორციელებისას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მთავრობაში. შევარდნაძის დროს დაიწყო პირველი პროგრამა , რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი არ იყო და ჯარი მშიერი იყო...
ჩვენ ჯარს ჩავაცვით, ავაშენეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, პირველი ტექნიკა შევიძინეთ, ახლა უკვე შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, რაც ხელფასებისა და პენსიების ზრდას ითვალისწინებს, არა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, არამედ ვეტერანების, სამხედრო პენსიონერებისა და დაღუპულის ოჯახის წევრთათვის. კარგია, რომ მთავრობაც მუშაობს ამისთვის.
ამას გარდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სამხედრო ტექნიკის საწარმო 'დელტა", რომლის შექმნითაც ძალიან ვამაყობ. ვიცი, რომ ახლა თავდაცვის სამინისტროში მიდის საუბრები უნდა იყოს თუ არა "დელტა" თავდაცვის სამინისტროში. მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, დიდი შეცდომა იქნება საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე.
თქვენ ნახეთ, რომ 2008 წელს შეიქმნა ისეთი გარემობა, რომლის დროსაც საქართველო აღმოჩნდა სამხედრო ტექნიკის მოწოდების გარეშე , ამიტომ არ შეიძლება ამაზე ხელის მოწერა. უნდა გამოვიდეთ წინა საარჩევნო პერიოდიდან .მესმოდა არჩევნებამდე, რომ საქართველოს სამხედრო ტექნიკა არის ბლეფი...ხომ კარგად იცით, რომ ეს ბლეფი არ არის და ლაზიკები და დიდგორები რეალობაა, მაგარი ტექნიკაა და უფრო მეტიც, ინტერესიც არის სამხრეთ კორეიდან და აზერბაიჯანიდან, ეს რაც მე ვიცი ზუსტად...
ეს არის საქართველოს რეალური მიღწევა. არ შეიძლება ამ ქარხნის თავდაცვის სამინისტროდან გატანა, იმიტომ რომ ეს ქარხანა იყო გაძარცვული და განადგურებული. ჩვენ ნულიდან აღვადგინეთ და თუ ის სამინისტროს აღარ დარჩება, დაინგრევა... დაიკარგება ის უზარმაზარი ტალანტი , რომელიც იქ შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში.
ასევე არ შეიძლება წინა წლების კონტრაქტებზე უარის თქმა. მაგალითად, ჩვენ ვიყიდეთ სარკოზის პირდაპირი ჩარევით რამდენიმე ვერტმფრენი "ევროკოპტერისგან", ახლა გავიგე, რომ საქართველოს მთავრობას სურს უარი განაცხადოს მათზე. თუ უარს ვიტყვით ჩვენისთანა მაღალმთიანი ქვეყანა ვერთმფრენებზე რითი უნდა გადავადგილდეთ? ისევ ძველი რუსული ვერტმფრენებით ხომ და ისევ რუსეთზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული? ჩვენ უნდა გადავიდეთ დასავლურ ტექნიკაზე, მაგრამ ამ ტექნიკაზე უარის თქმა არ შეიძლება. ადვილი და პოპულისტურია იმის თქმა, რად გვინდა ვერტმფრენი, რად გვინდა სატრანსპორტო საშუალებები, ასფალტი ვჭამოთ? ვერტმფრენი ვჭამოთ... ცალცალკე ვერთმფრენები არ იჭმება , მაგრამ საბოლო ჯამში ყველაფერი წარმოადგენს სამხედრო და სამოქალაქო განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტებს.
მინდა გისურვოთ მნიშნველოვანი წინსვლა თქვენს საქმეში იმიტომ რომ თქვენი პროფესია არის ძალიან პრესტიჟული . თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯარი უკიდურესად არაპრესტიჟული იყო. დღეს, ეს არის ყველაზე პოპულარული პროფესია საქართველოში. დღეს, სამხედრო აკადემია ყველაზე პოპულარული სასწავლებელია აბიტურიენტებს შორის. ეს ყველაფერი საზოგადოების მიერ ქვეყნის პრიორიტეტების ახლებურად დანახვის მაგალითია. თქვენ ხართ ელიტის გული, საქართველოს მომავალი! მიხარია, რომ დღევანდელ პარლამენტში არის რამდენიმე ყოფილი ოფიცერი და მომავალ პარლამენტში უნდა იყვნენ ისინი. ვფიქრობ, შვილების ჯარში გაშვება პრესტიჟული უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, დღევანდელი გაწვევის სიტემა არის უსამართლო და მე ვეთანხმები თავდაცვის მინისტრს, რომ დღევანდელი სისტემა არ უნდა შენარჩუნდეს. მაგრამ ზოგადად არ შეიძლება საზოგადოება გაემიჯნოს შეიარაღებულ ძალებს.
დღევანდელი სისტემა არის უსამართლო, იმიტომ რომ ვინც არის სოციალურად დაუცველი , ხშირად ის ხვდება გაწვევის რიგებში, რაც არასწორია.საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისი შვილიც არ უნდა იყოს- პრეზიდენტის, პრემიერის ,პარლამენტის წევრის, არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების განმავლობაში რაღაც კუთხით უნდა ჰქონდეს შეხება შეიარაღებულ ძალებთან, მინიმუმ 6 თვით ან 9 თვით.
ყველა ქართველს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სამხედრო გამოცდილება. აქამდე ასე იმიტომ არ იყო , რომ ოფიცრები არ გვყავდა. 2008 წელს რეზერვისტების სისტემა ვერ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ არ გვყავდა საკმარისი ოფიცრები. მეთაური სჭირდება ყველანაირ რეზერვს, როდესაც რეზერვის სისტემას მიენიჭება აზრი და დანიშნულება, შემდეგ სულ სხვანაირად შეგვეძლება ამ კადრირებული ბრიგადების შექმნა.
დღევანდელი გაწვევის სისტემა სწორედ ამ ფორმით უნდა შეიცვალოს, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ისეთი სისტემა შევქმნათ, როდესაც ქართველი დაიბადება, გაიზრდება და ისე მოკვდება, რომ შეხება არ ექნება შეიარაღებულ ძალებთან. ეს იქნება დიდი შეცდომა და მე ვფიქრობ, ჩვენ ამ შეცდომას არ დავუშვებთ.
ისევე როგორც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობაა საქართველოს ხელისუფლებაში.
ამ ბოლო დღეებში დიდი დისკუსია იყო. სამხედრო ამბოხის რამდენიმე მონაწილე გაათავისუფლეს საპატიმროებიდან. ეს ხალხი სამხედრო ამბოხს აწყობდა შევარდანაძის დროსაც და მაშინაც დასაჭერები იყვნენ, რა თქმა უნდა, თუ შესაძლებლობა მიეცათ ნებისმიერი მთავრობის დროსაც მოაწყობენ ამბოხს . არ არსებობს სახელმწიფო და ქვეყანა, სადაც მეამბოხეებს უყურებენ პოლიტიკური ნიშნით, თუ გვინდა რომ იყოს სახელმწიფო. ზუსტად ამის გამო ყველა, ვისაც უნდა საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცება, არის საქართველოს ნებისმიერი მთავრობის მტერი.
მე გუშინ გავიგე, საუბარია იმის შესახებ, რომ მაგალითად, იგორ გიორგაძე უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მას ჩემი მთავრობისათვის მინიმალური პრობლემები აქვს შექმნილი, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მისი საცეცები საქართველოში დამოკლებულიყო, მაგრამ მან ააფეთქა პრეზიდენტი შევარდნაძე, წაიღო საბჭოთა სუკის არქივები რუსეთის დაკვეთით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი არქივები და ის დღეს საქართველოს არ გააჩნია! მან დატოვა საქართველო თანამედროვე შეიარაღების სისტემის გარეშე.
ეს არ არის სათამაშო თემები, ეს არ არის სააკაშვილის ჯიბრზე გასაკეთებელი თემები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კაცი იყო შევარდნაძის წინააღმდეგი და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ის საქართველოს არ გაკარებოდა.
ყველა შემდგომმა მთვრობამ უნდა გააკეთოს ზუსტად იგივე, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის, შევარდნაძის, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, შეიარაღებული ძალები, სამართალდამცავი სისტემა ეს არის ყველა პარტიაზე ზემდგომი სისტემა. ეს არის ის, სადაც ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი, სადაც არ არსებობს პარტიული, პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა კუთვნილება. არსებობს მხოლოდ ერთი კუთვნილება საქართველოს მოქალაქე, პატრიოტი, მომავლის რწმენით გამსჭვალული ადამიანები. სწორედ ასეთებს ქმნის ეს აკადემია. პირველ რიგში, ვფიქრობ, თქვენ აქ გასწავლიან დამოუკიდებელი აზროვნებას... ჩვენ არ გვჭირდება მექანიკურად ბრძანების შემსრულებელი რობოტები. პირიქით, მხოლოდ მაშინ იქნება საქართველო ძლიერი, როდესაც ყველა ადამიანი იქნება დამოუკიდებლად მოაზროვნე.
ამ მხრივ, ჩვენი ბიჭების ნახვა ავღანეთში, ისევე როგორც თქვენი ნახვა აქ, ძალიან დიდი იმედის მომცემია მთელი საქართველოსთვის. მინდა, რომ აქ ატარონ სკოლის ექსკურსიები, აქ თქვენი ყოფილი რექტორი და გუბერნატორი ესწრება და მინდა ადგილობრივ მმართველობასთან ერთად ავაწყოთ სასკოლო ტურები აკადემიაში, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ნახონ რა ხდება აქ, რათა იამაყონ თითოეული თქვენგანით. ვიცი, თქვენი ოჯახის წევრები ძალიან ამაყობენ და დანარჩენ საქართველოსაც უნდა მისცეთ შანსი, რომ თქვენით იამაყონ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენით იმიტომ, რომ სხვა თუ არაფერი ჩვენ გვქონდა დიდი ოფიცერთა ისტორია საქართველოში.ჩვენი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ სპარსეთის არმიებს. ირანის ძველი დედაქალაქი ისპაჰანი არის აშენებული ქართველი მხედართმთავრების მიერ, ერაყის მართველი იყო ქართველი მხედართმთავარი, ეგვიპტეში ნაპოლეონი ებრძოდა არმიას, რომელსაც ქართველები ხელმძღვანელობდნენ და რუსეთში დამარცხდა ქართველი პეტრე ბაგრატიონის არმიასთან. პოლონეთის დამოუკიდებლობა გადაარჩინეს ქართველმა ოფიცრებმა გასულ საუკუნეში. ესპანეთში, სამოქალაქო ომში გადამწყვეტი როლი ქართველმა სამხედროებმა ითამაშეს, შემდეგ კი სტალინმა გაყარა ქართველი ოფიცრები ჯარიდან და დამკვირდრა ტრადიცია, რომ საბჭოთა კავშირში თითქმის არ უნდა ყოფილიყვნენ ქართველი ოფიცრები. პრაქტიკულად, "ტაივუ“ იყო ერთადერთი სამხედრო სასწავლებელი თბილისში და მინიმალური რაოდენობის ოფიცრები გამოუშვა. ჩვენ ვქმნით პრაქტიკულად ნულიდან ახალ ტრადიციას , თუმცა ეს არის ჩვენს სისხლში და გენში. მე მეუბნებოდა გენერალი პეტრიუსი ,რომ თქვენს ჯარისკაცებში რაღაც არის ისეთი, განსაკუთრებული, რისი გადმოცემაც არ შემიძლია.რაღაც განსაკუთრებული მხედრული თვისება, რაც მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მხოლოდ ინგლისის და ამერიკელების ჯარში მინახავსო. თქვენ იცით,რომ მათ მსოფლიოში საუკეთესო არმიები ჰყავთ.
ეს განსაკუთრებული მხედრული ელემენტი უნდა განვავითაროთ, ფეხზე დავაყენოთ და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს უნდა გადავცეთ.
მაშინ საქართველოს ვერავინ ვეღარასდროს ვერ დააყენებს მუხლებზე და ჩვენ ყველაფერს აღვიდგენთ და დავიბრუნებთ.
ამის თქმა მინდოდა თქვენთვის! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!