Google+

სიახლეები

27.12.2012
მიხეილ სააკაშვილი: „არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები“

მოგესალმებით ყველას აქ, პრეზიდენტის სასახლეში.

ვფიქრობ, თქვენ ხართ უკვე პასუხისმგებლობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდობა - ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, ჩვენი ქვეყანა დგას და რაც არის ამ ქვეყნის მომავალი.

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ ვითარებაზე, რომელიც ძალიან მაწუხებს.  მართალია, წინასაახალწლო დღეებია, მაგრამ ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელიც ძალიან მაშფოთებს.

ლაპარაკია ძალიან ბევრ თემაზე.

ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ხელისუფლება გადახედავს პრივატიზაციის ყველა პროექტს; ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის შეაჩერებს ყველა დიდი ჰესის მშენებლობას; ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ რამდენიმე განცხადება გააკეთა ყარსი-ახალქალაქის სტრატეგიული რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით...

ეს არის განცხადებები, რომელთა უკან დგას ძალიან კონკრეტული მოქმედებები.

განცხადება კი სრულიად საკმარისია ეკონომიკაში, რომ გამოასხივო არასტაბილურობა, დიდი გაურკვევლობა და ქაოსი.

როდესაც ამბობ, რომ გადახედავ ყველა დიდი ჰესის პროექტს, ეს არის საქართველოს ასი ათასი დასაქმებული მოქალაქე და ეს არის საქართველოს გრძელვადიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ეს არის ის, რომ საქართველო არასდროს აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთზე.

თუ შენ ამბობ, რომ აღარ იქნება ჰესები, აღარ იქნება თბოელექტროსადგური, ამით  ძირს უთხრი ურთიერთობას ჩვენს იმ პარტნიორებთან, რომლებსაც საქართველოსთან ამდენწლიანი კავშირი აქვთ, მაგრამ, ამავე დროს, შენ ეუბნები ბიზნესმენებს, რომ მათ არ აქვთ პერსპექტივა.

ჩვენ ვნახეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოში არ იქნება ეკონომიკური ზრდა - მთავრობა ამას ეუბნება ყველა ინვესტორს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოდის. რა არის ეს? საოცარი მიამიტობა, თუ საქმე საერთოდ სხვა ფენომენთან გვაქვს?

მე არ მიხარია, თუ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს ჰესებზე; თუ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, პრაქტიკულად, ნულამდე დავა; თუ ლაპარაკია იმის შესახებ, რომ საქართველო უარს იტყვის გრძელვადიან ენერგოდამოუკიდებლობაზე...

ჩვენ ვიცით, რომ, შესაძლოა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ელექტროენერგიის ტარიფი თვეში 3 ლარ-ნახევრით გაიაფდეს. საბოლოოდ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ამას ჩვენი ხალხიც მალე დაინახავს, მაგრამ ის, რაც ამას ებმება ძალზე მნიშვნელოვანია - პრაქტიკულად, სწორედ ამის სანაცვლოდ ვამბობთ უარს გრძელვადიან ენერგოდამოუკიდებლობაზე. ქვეყანა ამას იგრძნობს ათწლეულების განმავლობაში.

ხომ ამბობდნენ, რომ ამ ტარიფებიდან 50 პროცენტი მთავრობისა და სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა - ბენზინის ფასის, გაზის ფასის... მინდა ვკითხო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ასე ეგონა: თუკი ბიუჯეტი 11 ჯერ გავზარდეთ, ეს ყველაფერი ავაშენეთ და თან ჯიბეში ვიდებდით ფულს, როგორ მოვახერხეთ ამდენი? სად არის ის 50 პროცენტი, რომელსაც სააკაშვილი იდებდა ჯიბეში?

ხომ მოუწიათ იმის აღიარება, რომ არ არსებობს რესურსი გარდა იმისა, რომ ვალდებულებები მოუხსნა ენერგოკომპანიებს? ხომ მოუწიათ იმის აღიარება, რომ ბუნებრივი გაზის ფასი ისედაც ძალიან დაბალია? მაგრამ ყველა ამ განცხადების მიღმა, დგას არასტაბილურობის განცდა.

ეს სულაც არ მიხარია და ძალიან მწყინს. ამდენი წელია ვაშენებთ საქართველოს რეპუტაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტისას აცხადებს: ჩემი გუშინწინდელი განცხადება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით იყო ნაჩქარევი და მე მას არ ვეთანხმებიო...

შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა ხვალ თქვას, რომ მისი სამი დღის წინანდელი განცხადება კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო, ამას გმობს და არ ეთანხმება; შემდეგ, შეიძლება,  თქვას, რომ იყო გაუაზრებელი და ა.შ.

ეს არის არა ცალკე აღებული პოლიტიკოსი, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...  

მინდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი, რაც არ უნდა გავაკეთოთ, არის ეკონომიკის განადგურება.

გადით ბაზრობებზე და ნახეთ, როგორ არის შემცირებული ეკონომიკური აქტიურობა პატარა ფირმებისთვის -  თუ შარშან 4-5 ათასი ჰქონდათ ბრუნვა, ახლა, დაახლოებით, ათასი ლარი აქვთ.

ფაქტობრივად, გაჩერებულია უძრავი ქონების ბიზნესი.

თუკი ამბობ, რომ 3 წლის განმავლობაში ქვეყანას ეკონომიკური ზრდა არ ექნება, თუ ამას თავად ამბობ, ბიზნესმენმა შენი რისკი რატომ უნდა გაიზიაროს?

თუკი თავად ამბობ, რომ ყველა ხელშეკრულება გადასახედია, ბიზნესმენმა ხომ უნდა ჩადოს ფული და შენი ხალხი დაასაქმოს? და თუკი ეუბნები, რომ ეს არ გაინტერესებს და არ გაქვს შენი ქვეყნის მომავლის რწმენა, მინიმუმ, შემდეგი 3 წელი, როგორ გინდა, რომ სხვას ჰქონდეს რწმენა, მით უმეტეს მას, ვინც რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნის?

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ სჭირდება „ტრამპ თაუერი”. მესმის, რომ მთავრობის რომელიღაც წევრს „ტრამპ თაუერი“ იმიტომ არ მოსწონს, რომ ის სააკაშვილმა გახსნა, მაგრამ საქართველოს სჭირდება ბრენდი. თუ ტრამპიც მოდის საქართველოში, მაშინ სხვა 500 ინვესტორიც წამოვა და ეს იყო ჩვენი მიღწევა.

რატომ არ უნდა გვქონდეს ეკონომიკური ზრდა 3 წლის განმავლობაში მაშინ, როდესაც წელს ეს მაჩვენებელი 8 პროცენტი უნდა ყოფილიყო. 8 პროცენტიდან 0-ზე როგორ ჩამოვდივართ, ამიხსნას ვინმემ.

წინა წელს გვქონდა 7-პროცენტიანი ზრდა, იმის წინ გვქონდა 6 პროცენტზე მეტი, ჩემი მთავრობის პირველი 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტზე მეტი იყო. ეს არ არის ჩემი მოგონილი.

შემდეგი საკითხი, რომელიც ძალიან გვაღელვებს ეს არის ამნისტია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება არასტაბილურობის განცდას.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეეხება.

საქართველოს პარლამენტის მიერ გადმოგზავნილი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, ადმინისტრაციაში 10 წუთის წინ შემოვიდა.

ამ ცოტა ხნის წინათ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ დანაშაული გაიზარდა „უმნიშვნელოდ“, მხოლოდ 50 პროცენტით.

როგორც წესი, ამნისტია ცხადდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხეები, მაგრამ თუ აცხადებ, რომ დანაშაული 50 პროცენტით გაიზარდა და გარეთ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს უშვებ, დიდი პრობლემა გაქვს.

ამ კანონპროექტში არის კონკრეტული მუხლები ე.წ. პოლიტიკური პატიმრების. არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციას არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. ხუთი პოლიტპატიმარია  ბელარუსში, თუ არ ვცდები, 11 ჩრდილოეთ კორეაში და საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა, რომ აქ 200 პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს. ვის ვაწონებთ ამით თავს?

თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო განცხადება იმის შესახებ, რომ 200 პოლიტპატიმარი გვყავს, მინიმუმ, ვაცხადებთ, რომ ვართ ძალიან არასერიოზული ქვეყანა. და მაშინ  ვინ ჩადებს ამ ქვეყანაში ფულს, ვინ ჩამოვა, ვინ დაგასაქმებს, ვინ გააკეთებს საქმეს?

ამ სიაშია კონკრეტული ხალხი, მათ შორის პირი, რომლის მიცემული ინფორმაციით, ფოთში მოგვიკლეს უამრავი ადამიანი - პირდაპირ იცოდნენ როდის უნდა დაებომბათ ფოთის პორტი. იგივე, „ენვერის“ საქმე... და ეს ხალხი გადის გარეთ.

იყო ასეთი „უწყინარი“ მკვლელი - მაისაია, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციას გადაეყარა ევროპაში. ხანდახან უსაფრთხოების ანალიზს აწვდიდა მათ, მაგრამ შემდეგ სულ უფრო სერიოზულ მასალებს სთხოვდნენ. ჩვენი შიდა დაცვა არ იყო კარგი და ამიტომ ბევრ სენსიტიურ ინფორმაციას მოიპოვებდა თავდაცვის სამინისტროში - ეს ყველგან სახელმწიფო საიდუმლოა. მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთის „გრუ“-ს აგენტები დავაკავეთ, შეეშინდა და თანამშრომლობაზე უარი თქვა, მაგრამ მიღებული ანაზღაურების გამო, კვლავ გააგრძელა მათთან ურთიერთობა. 2008 წელს რუსებს ჩვენი ნაწილების გადაადგილების სქემებს გადასცემდა. ახლა კი მაისაია გადის გარეთ, როგორც პოლიტიკური პატიმარი.  

პოლიტპატიმართა სიაშია ის ხალხიც, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდა, მათ შორის, მუხროვანის სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი, აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. თავის დროს, შეწყალებაზე უარიც კი თქვა: მოვა ჩემი მთავრობა და გამათავისუფლებსო...

იმედი მაქვს, ამ დამნაშავეებს ჩემს ჯინზე უშვებენ და არა ვიღაცის დაკვეთით, რადგან თუკი რუსეთის აგენტებს ათავისუფლებ ასე მასობრივად, ეს ან ჩემს ჯინზე ხდება - რაც კიდევ გასაგებია - ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით.

კანონპროექტის ამ ნაწილს დავადებ ვეტოს, რადგან ნამდვილად არ  მინდა, ჩვენს ქვეყანას მოვჭრა თავი.

მიმაჩნია, რომ მასობრივი ამნისტია სრულიად მიუღებელია, მაგრამ ეს არის პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველ ნაწილში მათ უნდა გადალახონ ვეტო. საკუთარ თავზე აიღონ იმის პასუხისგმებლობა, რომ საქართველოს ჭრიან თავს და ამ უსამართლობას აკეთებენ.  

გამოუშვან ციხიდან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები, რუსეთის აგენტები - პუტინი კიდევ ერთხელ შეაქებს მათ და იტყვის, რომ საქართველოდან პოზიტიური სიგნალებია.

ყველა სხვა დანაშაულთან ერთად, ამავე კატეგორიაში გაყავთ პედოფილია, რომელიც არ იკურნება...

ჩემთვის ყველა დანაშაული მიუღებელია, მაგრამ პედოფილიის ნაწილში, ამ პროექტს დავადებ ვეტოს. გადალახონ ვეტო პედოფილიის ნაწილშიც და პარლამენტმა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებსა და რუსეთის აგენტებს. საღი გონებით, მე ამას ხელს არ მოვაწერ.

ეს მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)