საქართველოს პრეზიდენტი მარტვილის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს შეხვდა. მამუკა დანელიასა და ზაალ გოროზიასთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა თვითმმართველობების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები დაგმო და მათ სიმტკიცისა და თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში ყველას უნდა მიეცეს დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ უკანონობას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი, რასაც უკვე მოჰყვა საერთაშორისო რეაგირება. პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი ქმედება ქვეყანაში პროვინციული დიქტატურის პრეცედენტს აჩენს.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე და თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა.
„ეს ნორმალური ვითარება არ არის და სამწუხაროდ, ეჭვს არ იწვევს, რომ კოორდინირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. პირადად პრემიერ-მინისტრის დავალებით კეთდება ყველა იმ იმფორმაციით, რომელიც მე მაქვს და არა მხოლოდ მე - მათ შორის, ამ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო დამკვირვებელს - მისი და ამ მთავრობის წევრების დაპირებების მიუხედავად, რომ ეს არ მოხდებოდა. მივესალმები დღეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ პარლამენტმა უნდა შექმნას ჯგუფი და საკანონმდებლო ორგანო უნდა ჩაერთოს ამ საკითხში და როგორღაც არა მხოლოდ შეაჩეროს, არამედ გამოასწოროს კიდეც მდგომარეობა. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა დღეს არასტაბილურობისა და ქაოსის სიგნალს იძლევა. როგორ შეიძლება მთავრობა კოორდინირებდეს ხულიგნურ აქციებს, არეულობას, ქაოსს, სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლას. მთავრობის ფუნქცია არის სტაბილურობის დაცვა, ინსტიტუტების დაცვა; მთავრობის ფუნქციაა, რომ ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვიტოს კონკრეტული საკითხები საქმიან ვითარებაში. მადლობელი ვარ თქვენი, რადგან მართლა ძალიან კარგი გამგებელი ხართ; ასევე ვემადლიერები მარტვილის საკრებულოს, რომელიც სიმტკიცეს ინარჩუნებს. ზუსტად იგივე ხდება ქედაში... სიტუაცია არის ძალიან კონკრეტული - შედის ერთი კონკრეტული პარტიის აქტივისტების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც შეყვება პროკურატურა. სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში გამგებელს პოლიციის მანქანაში დააწერინეს განცხადება, მეორეს კი, დაჭერის მუქარით - პროკურატურაში. ქედის დეპუტატს შვილი დაუჭირეს ნარკოტიკებზე და ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან გადაიყვანეს. მოდით, სიმართლე ვთქვათ, რომელი პოლიტიკური შეხედულებების გამო გავიდა? გავიდა იმის გამო, რომ შვილი იყო დაჭერილი ნარკოტიკებზე და ფრაქციიდან გასვლის ფასად დაუბრუნეს. ერთ დეპუტატს მანქანების ბიზნესი გაუჩერეს და ასე აიძულეს ფრაქციიდან გასვლა, მეორეს ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრებიან, რამდენიმე დეპუტატზე საქმე აღძრეს... ეს არის არა იზოლირებული, არამედ ერთიანი ქმედებები და მინდა ვუთხრა მთავრობას, რომელიც ამას აკეთებს - ყოველივე ეს, საბოლოოდ, საქართველოს პროვინციული დიქტატურის მდგომარეობამდე მიიყვანს და შექმნის ქაოსსა და არეულობას. ეს საქართველოს 10-15 წლით დახევს უკან. ვერ დაიმორჩილებენ ესენი ხალხს, რადგან არის ქართველი ხალხი, არის სამართლებრივი პროცედურები, არის საერთაშორისო თანამეგობრობა და რამდენიც არ უნდა ვუკეთოთ ახლა რევერანსები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ევროპულ ქვეყანაში კი ასეთი ქმედებებით ფონს ვერც ერთი მთავრობა ვერ გავა. ამიტომ, მინდა გითხრათ თქვენც - არ უნდა გადადგეთ, მათ უნდა შეასრულონ კანონი და პატივის სცენ კანონის უზენაესობას. კონსტიტუციური ნორმებით, ადგილობრივი მმართველობა არჩეულია 2014 წლამდე და ამ დრომდე თქვენ უნდა ემსახუროთ ხალხს, საკრებულოები უნდა ემსახუროს ხალხს, მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს; ხალხს უნდა ემსახუროს პრეზიდენტი და პარლამენტი - ეს არის მთავრობის მოწყობის პრინციპი ყველა ქვეყანაში. ჩვენ დროზე უნდა შევაჩეროთ და ამ უფსკრულიდან უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა, რადგან დაიწყება ის, რასაც მრავალი თაობა ვეღარ მოიშორებს. იმედია, მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამას კოორდინირებენ და ხალხს, ვინც ადგილზე ამას აკეთებს, საღი აზრი შერჩენილი აქვს, რომ თავის ქვეყანას, რაიონს, ქალაქს თუ სოფელს იქით არ უბიძგონ. ჩვენ გვინდა სტაბილურობა და გრძელვადიანი განვითარება. მთავრობასაც აქვს საკუთარი ვადა, პარლამენტსაც და ადგილობრივ მმართველობასაც. თუ მთავრობა მოინდომებს ადგილობრივი მმართველობის ვადის შემცირებას, შექმნის პრეცენდენტს ასევე საკუთარი თავისთვის. ნამდვილად არ მინდა, რომ მსგავსი ქმედებებით კონსტიტუციური არასტაბილურობა და აღრევა გამოვიწვიოთ. თუ დავით უსუფაშვილი სერიოზულად ფიქრობს, რომ მზად არის შეაჩეროს უკანონობა, ჩვენ - საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მზად ვართ ვიყოთ მისი და პარლამენტის უმრავლესობის წევრების პარტნიორები ამ უკანონობის შეჩერებაში. თუ ისინი გააგრძელებენ მოქმედებას ამ მიმართულებით, ამას მოჰყვება შესაბამისი სამართებლივი და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი რეაგირება. სამწუხაროდ, საერთაშორისო რეაგირება უკვე სახეზეა. ასე თუ გავაგრძელეთ, სრულ საერთაშორისო გაუგებრობაში აღმოვჩნდებით და როგორც ქვეყანა დაუცველები აღმოვჩნდებით, თავს მოვიჭრით ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით და, რაც მთავარია, ჩვენ ქვეყანას დავაზარალებთ გრძელვადიანად. მინდა თქვენ და ყველა საკრებულოს წევრს ვუთხრა: ნურაფრის გეშინიათ. იმის ნაცვლად, რომ გამგებელი კაბინეტში იჯდეს და საქმეს აკეთებდეს, ამ საკითხებზე გვიწევს მსჯელობა და ლაპარაკი. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, ვფიქრობ, უკანონობას წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც მამუკა დანელიამ პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, მარტვილის გამგეობა 22 დღის განმავლობაში იყო პიკეტირებული და თანამშრომლებს სულ 1 კვირაა მიეცათ მუშაობის საშუალება. მისი თქმით, ამ პერიოდში მოხერხდა სოციალური, სახელფასო თუ რაიონისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, თუმცა, როგორც მან პრეზიდენტს განუცხადა, გამგეობის შენობა დილიდან ისევ პიკეტირებულია. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ წლის ბოლოა, შექმნილი ვითარების გამო, გამგეობის თანამშრომლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, ისევ აღარ ეძლევათ.