Google+

სიახლეები

14.11.2012
საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ნატოს გენერალურ მდივანსა და ევროკავშირის პრეზიდენტს შევხვდით.

ისე მოხდა, რომ მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ქალაქში ერთდროულად აღმოვჩნდით.

ჩემი ვიზიტი ერთი თვის წინათ დაიგეგმა, თუმცა ისე მოხდა, რომ ბრიუსელში სამი დღე საქართველოს მიეძღვნა.

ახლა ძალიან საიტერესო, პერსპექტიული და, ამავდროულად, დრამატული პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს კარგი მაჩვენებლები ჰქონდა ბოლო 8 წლის განმავლობაში.

ჩვენ ისეთი სისწრაფით განვვითარდით, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ასეთი რამ გაგონილიც კი არ ჰქონდათ.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვქონდა, შარშან კი - 7-პროცენტიანი, ხოლო წელს 8 პროცენტს ველოდებით.

ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე 2.5-ჯერ შემცირდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველომ მე-9 ადგილი დაიკავა.

თქვენ იცით, რომარც ერთ განვითარებად ქვეყანას არ შეუღწევია ათეულში.

უბრალოდ, ცნობისთვის გეტყვით, რუსეთი 137-ე ადგილზეა და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა 100-ს მიღმა და სიის ბოლოს არის.

ევროკავშირის კვლევების მიხედვით, ჩვენ ევროპაში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ.

ყოველივე ეს იმ დაქცეული ქვეყნის საპირისპიროა, როგორიც 8-9 წლის წინათ გვქონდა -  ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, კრიმინალიზებული და კორუმპირებული ქვეყანა ვიყავით.

აშკარაა, რომ საქართველომ აჩვენა განვითარების მაგალითები, მაგრამ მთავარი საკითხი იყო ის, არის თუ არა საქართველო ნახევრად ავტორიტარული ქვეყანა, რომელშიც, შესაძლოა,  იყვნენ რეფორმატორი ლიდერები, რომლებიც არასდროს დათმობდნენ ძალაუფლებას.

ფაქტობრივად, ამ შეკითხვას პასუხი ბოლო არჩევნებმა გასცა. თანაც, ძალაუფლების გადაცემა ხავერდოვნად მოხდა - ჩვენ თავად მივიყვანეთ კოალიციის წარმომადგენლები თითოეულ სამინისტროში და გადავეცით ამ უწყებების მმართველობა.

ჩვენ მათთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა ინფორმაცია და მივეცით სრული კონტროლის შესაძლებლობა, მათ შორის, ფინანსურ ოპერაციებზე, მთავრობის დოკუმენტაციაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მიმდინარე კონსტიტუციის თანახმად, ჩვენ არ ვიყავით ვალდებული იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მათთვის გადაგვეცა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მთავრობა სრულად უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტასაც ისინი აპირებდნენ.

საბოლოოდ, ხელისუფლების გადაბარების პროცესი ხავერდოვანი იყო.

ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს მთელი რეგიონისთვის საუკეთესო მაგალითია.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას არც მე მოვწონვარ და არც ჩემი მთავრობა.

ერთი მხრივ, მას ახლა უნდა უხაროდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, თავისუფალი არჩევნები მსოფლიოს ამ ნაწილში, მისი გადმოსახედიდან, ცუდი მაგალითია რეგიონისთვის და, განსაკუთრებით, რუსეთისთვის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ შემიძლია დავმალო ის, რომ ძალაუფლების გადაცემის შემდეგაც მაღელვებს ზოგიერთი მოვლენა, რომელიც ქვეყანაში განვითარდა.

არის საქმეები და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღესაც აღნიშნა და ორი დღის წინათაც, რომ უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების გამო.

შერჩევით სამართალზე ისაუბრა ჟოზე მანუელ ბაროსომაც და იგივე გაიმეორა ბატონმა ვან რომპუიმაც.

საქართველოში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრეს - მაგალითად, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე გაერთიანებული შტაბის უფროსი და რამდენიმე ადამიანი სამხედრო პოლიციიდან.

ამას გარდა, საქმე აღიძრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და  თბილისის მერიის წინააღმდეგ.

ფინანსური მაქინაციის ბრალდებით, საქმე  აღიძრა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ.

ამის შესახებ განცხადებაც გაკეთდა.

ჩვენთვის ასეთი საკითხები შეშფოთების საფუძველია.

თუმცა, სხვა მხრივ, ნათელი უნდა გახდეს ის, რომ ევროპის გარდა, რომელიმე სხვა გავლენის სფეროს საქართველო ვერ და არ დაუბრუნდება.  

საქართველოში არ არსებობს ელექტორატი, რომელიც ამ პოზიციიდან დაიხევს უკან.

ყველა ნაკლისა და უკუსვლის მიუხედავად, დღეს, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის წინსვლა.

ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ასოცირებული წევრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან.

ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ ასევე უნდა მივაღწიოთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და ყველა იმ საკითხის გადაწყვეტას, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით განიხილება.

ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ.

ევროპის გარდა, საქართველოს სხვა გზა არ გააჩნია.  

ერთადერთი რამ, რაც ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, ქვეყნის ისეთ პოზიციაში ყოფნის აუცილებლობაა, რომლისგანაც საქართველო ევროპისკენ განაგრძობს სვლას და ვეღარ დაბრუნდება რუსეთის დომინირების სფეროში.

სწორედ ამას აქვს ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

იმის მიუხედავად, თუ ვინ რას შეეცდება, შეუძლებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების პრივატიზება მოახდინო და ხალს წაართვა ის, რასაც უკვე შეეჩვია - ეს არის თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი თვითმმართველობა.

ახლა უნდა შევეგუოთ ახალ ინსტიტუტს - თანაარსებობას, სადაც კოორდინაცია სხვადასხვა დონეზე ხდება, მაგრამ თუ სხვაგვარად წავალთ წინ, ყველანაირი თავისუფლება არსებობას შეწყვეტს, რადგან ასეთი პოლიტიკური სისტემის პირობებში ეს შეუძლებელია.

ამის გაკეთება საქართველოში 10-15 წლის წინათ იქნებოდა შესაძლებელი.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ვარდების რევოლუციამ შეუქცევადად აქცია არის სწორედ ის, რომ ხალხი ასეთ სარგებელს შეეჩვია.

შესაძლოა, სხვა რამ გაუარესდეს, მაგრამ არა ეს, რადგან ბოლო 8 წლის განმავლობაში ხალხმა გაიგო თავისუფლებისა და სხვა მიღწევების ფასი და ხელისუფლების ამ წარმატებას ვერავინ უარყოფს.

მათ უკვე იციან როგორია თავისუფლების სტანდარტი.

როდესაც ქვეყანას სათავეში ახალი მთავრობა ჩაუდგა, უუნარობისა და ქაოსის ფონი არ დახვედრიათ, რომ ავტორიტარული რეჟიმის აუცილებლობა ყოფილიყო.

ყველამ, მათ შორის, ჩვენმა ოპონენტებმაც იციან, რომ საქართველოს წარმატებული მთავრობა ჰყავდა და სხვაგვარად ვეღარასდროს იქნება.

თქვენ იცით, რომ პუტინმა ელცინი შეცვალა და ხალხს გარკვეული სახის წესრიგის დამყარება სურდა, რადგან ელცინის რუსეთი ქაოტური იყო.

საქართველო კი მოწესრიგებული და სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა და აღმოჩნდა, რომ ნამდვილი დემოკრატიაც ყოფილა. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ყველანი ძალიან ვაფასებთ.

დიდი მადლობა.

შეკითხვა: ბრიუსელში პრემიერ-მინისტრიც იმყოფება თქვენთან კოორდინაციის გარეშე, შესაძლოა, ცუდი არ იყოს ქვეყნის იმიჯისთვის, მაგრამ ვინ წარმართავს საგარეო პოლიტიკას საქართველოში?

მიხეილ სააკაშვილი: საპარლამენტო ასამბლეაზე მოწვეული ერთი თვის წინათ ვიყავი, ეს ორი ვიზიტის კომბინაციაა. როდესაც პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დაინიშნა, მიწვევა მანაც მიიღო იმავე ინსტიტუტებისგან. ასე რომ, ვფიქრობ, ყველას მოეთხოვება კოორდინაცია, მათ შორის, ამ ინსტიტუტებსაც. მოხარული ვარ, რომ ყველანი აქ ვართ. მათთვის ეს შემეცნებითი პროცესია და ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ. ერთია, როდესაც დაქირავებულ ლობისტებთან გიწევს ურთიერთობა და მეორეა ის, რომ ჩამოდიხარ და ხვდები რეალურ ადამიანებს, რეალურ ინსტიტუტებს, ლიდერებს და მათთან ერთად განიხილავ რეალურ საკითხებს. მე არ მესიამოვნა საქართველოს მიმართ გამოთქმული კრიტიკის ის დონე, რომელიც ძალიან მაღალი იყო პირველი ვიზიტისთვის. მე არ ვარ კმაყოფილი, რადგან რეალურად მსურს საქართველოს წინსვლა. ეს ნათელია და თქვენ იცით, რომ რაც უფრო მეტად წავალთ წინ ამ მიმართულებით, დემოკრატია უფრო მეტად იქნება დაცული. ასე რომ, ჩვენგან ეს არ ყოფილა უბრალოდ ალტრუისტული ქმედება... ეს ყველასთვის სასარგებლო პროცესია.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)