Google+

სიახლეები

17.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ ეტაპზე გადადის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება."

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის მუშაობა შეაფასა. მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი სესია იყო საქართველოსთვისაც. მისი თქმით, ევროპის უმეტესი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეაფასეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ევროპა ამ პროცესის გაგრძელებას ელოდება, რასაც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის განმტკიცების თაობაზე გაამახვილა და ახალ მთავრობას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.  

„ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ ეტაპზე გადადის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება. დეკემბერში ნატო-ს მინისტერიალი გაიმართება. თუ ჩვენ ახალ მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ, ამ არჩევნებზე დაყრდნობით, გვაქვს შანსი, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები იქნებოდა მთავარი ტესტი, ახლა კი, კოორდინირებული მუშაობის პირობებში - ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესში ყველა დონეზე ჩავერთოთ და ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ზოგადად, მთავრობასთან ერთად, შესაძლებლობების ეს ფანჯარა გამოვიყენოთ. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილებაც გვაქვს და ძალიან დიდი ნდობაც. თუ ახლა სწორად ვიმოქმედებთ და ყურადღებას კონსტრუქციულ ნაწილზე გავამახვილებთ, მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც გარდაუვალია, შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ნატო-სა და ევროკავშირში ინტგრაციის თვალსაზრისით, პროგრესისთვის გამოვიყენოთ. ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ, მთავარი შანსი, რომელიც ახლა გვეძლევა არის ის, რომ უკვე მომავალ წელს მივიღოთ უვიზო მიმოსვლა,  თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და გავაფორმოთ ასოცირების ხელშეკრულება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ამ პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თანასწორობის პრინიპი, რომლის დამკვიდრებასაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა, ევროპის მთავარი ფასეულობაცაა. შესაბამისად, საერთო ფასეულობების მქონე გაერთიანება, მისი თქმით, არასდროს მიუკეტავს კარს საქართველოს და არ დატოვებს ბედის ანაბარა. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს უალტერნატივოდ მიაჩნია ევროპის ბაზრის ათვისება და ამ მხრივ, მისი განცხადებით, მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება.     

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაკარგვა, რასაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ვაშენებდით, დავიმსახურეთ ევროპული ინსტიტუტების ნდობა და  გავზარდეთ  ძალიან კარგი დიპლომატები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. საქართველოს რეფორმირების პროცესმა მოგვიტანა დღევანდელი  შედეგი და ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს იმას, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს შეეძლოს ევროპაში ქართული პასპორტით დაუბრკოლებლად, უვიზოდ შესვლა, ყველა ჩვენი პროდუქტის უპრობლემოდ, ბაჟის გარეშე გატანა და თავი ვიგრძნოთ, ევროპის თითქმის სრულფასოვან ნაწილად, ამ სტრუქტურების მონაწილეებად.    მართლია, ჯერ ევროკავშირის წევრი არ ვიქნებით, მაგრამ შემდეგი თვეების განმავლობაში საქართველოს დიდი „ლუპით“ დააკვირდებიან. ყველას მოვუწოდებ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ახალ მთავრობასთან, რადგან, ამ შემთხვევაში, მთავრობის პოზიცია საქართველოს პოზიციაა. ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ახალ მთავრობასათან იყოს დიალოგი, რათა თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, პროგრესი გაგრძელდეს. საბოლოოდ, ეს საქართველოს პროგრესია, რადგან ყველანი ქართველები ვართ და სხვაგვარად არ შეიძლება. მე, როგორც პრეზიდენტი, ვიმოქმედებ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.  საპარლამენტო ოპოზიციამაც უნდა იმოქმედოს არა როგორც ქვეყნის ოპოზიციამ, არამედ როგორც ქმედითმა პოლიტიკურმა ძალამ და ხელი შეუწყოს ქვეყნის წინსვლას. ახალი მთავრობა ამბობს, რომ მას სურს გზა ნატო-ს მიმართულებით განაგრძონ. ეს თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმაც და ვისურვებდი, რომ ეს დიალოგი პრემიერმინისტრობის კანდიდატთანაც გაგრძელდეს. მესმის, რომ სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი აზრი აქვს. ქართველ ერს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და და თუ კარგად ვიმუშავებთ, შესაძლოა, ნატო-ს მინისტერიალზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, მართლაც გადაგვიყვანონ შემდეგ საფეხურზე. ეს კი ის მომენტია, რომელიც შეიძლება შეუქცევადად გახდეს უახლოეს წლებში ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობა. თუმცა ამისათვის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო და, ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ. მე მზად ვარ ამ მიმართულებით ვიმუშავო. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ, დღეს ამის მზაობა არის და ძალიან ცუდი იქნება, თუკი ამ შანსს დავკარგავთ“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)