Google+

სიახლეები

24.09.2012
პოლიციელების მოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა

გავრცელებულ ოპერატიულ მასალასთან, კერძოდ, პოლიციელების მოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ მასალაში ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატის, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ალეკო ტაბატაძის შესახებ ისაუბრა.  

„კარგად მახსოვს ალეკო ტაბატაძე იყო სოსო ალავიძის, ნამდვილი ჯალათის მარჯვენა ხელი, რომელიც არ შეიძლება თბილისელებს არ ახსოვდეთ. იგი ასევე იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოტრაფიკიორი, რომელიც ამ საქმეს მთლიანად აკონტროლებდა თბილისში. ასეთი ხალხის დამსახურებაა ის, რომ მაშინდელ საქართველოში მთელი თაობა განარკომანდა... შემდეგ, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, ნინო ბურჯანაძე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას და მოულოდნელად გავიგე, რომ ალეკო ტაბატაძე თბილისის პოლიციის უფროსად დაუნიშნავთ. ბურჯანაძეს ის ნახევარ საათში მოვახსნევინე - ბადრი ბიწაძის კანდიდატურა ყოფილა. ამის შემდეგ ბიწაძემ რომელიღაც სხვა თანამდებობაზე დანიშნა, მაგრამ როგორც კი გავიგე, იქიდანაც მოვახსნევინე. ამის შემდეგ გაქცეული იყო უკრაინაში, თან ბევრი ფული ჰქონდა წაღებული, რომელიც ნარკოტიკების ვაჭრობით იშოვა. ახლა ეს კაცი დაბრუნებულა უკან,  აღმოჩენილა საპარლამენტო სიაში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აგროვებდა ამ სიბინძურეს. ორიოდე დღის წინათ, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც წარმოუდგენელი სისასტიკით გამოირჩეოდა და ცნობილი იყო „რემბოს“ მეტსახელით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო გაქცეული და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული სისასტიკისა და წამებისთვის, გამოვიდა  ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით და დაგმო ძალადობა. ე.ი. ეს ძველი ელემენტები, რომლებიც აწამებდნენ და რყვნიდნენ მთელ თაობას, უცბად ერთად გამოჩნდნენ, დაბრუნდნენ უკან და თავი წამოყვეს. ყოველივე ეს ჩემი მოგონილი კი არა, რეალური ფაქტებია. მეც ვცხოვრობდი ამ ქალაქში, ყველაფერი კარგად მახსოვს და მინდა ეს სხვებსაც გავახსენო. ყველამ ერთდროულად წამოყო თავი ამ არჩევნების პერიოდში, დაირაზმა და დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგად ყველაფერი დაბრუნდება - წრეზე დატრიალდება. ნუთუ ეს ხალხი ლაპარკობს ადამიანის შებრალებაზე და ეს ხალხი არის შეწუხებული ამ მოვლენებთან დაკავშირებით? ჯერჯერობით, როგორც ვატყობ, პირიქით, ძალიან კმაყოფილი არიან ყოველივე ამით და კიდევ უფრო კმაყოფილი დარჩებიან თუ რაიმე სიბინძურეს ამოქექავენ და შექმნიან. მე არ შემეძლო ამაზე კომენტარი არ გამეკეთებინა. მართალია, არ ვაპირებდი, მაგრამ ეს რომ ვნახე... ყველაფერს აქ საზღვარი. ხომ არ შეიძლება ყველაფერზე წასვლა და ადამიანების ბედით ვაჭრობა? გავერთიანდეთ, თორემ ყოველივე ეს ყველაფერს დაანგრევს, რაც დაუშვებელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)