სიახლეები
25.08.2012
მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულების მქონე ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესში ჩარიცხულ სტუდენტებს წარმატება დღეს პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი იმ 150 რჩეულ ახალგაზრდას შეხვდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს. ქვეყნის პირველმა პირმა მათთან განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის უმთავრესი მიღწევაა ის, რომ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება სამართლიან გარემოში, კორუფციის გარეშე შეუძლიათ. სამართლიანობა კი, მისივე თქმით, უკეთესი ცხოვრების უპირველესი კრიტერიუმია. „სამართლიანობა არის პირველი კრიტერიუმი უკეთესი ცხოვრებისკენ. სამართლიანობის პირობეში ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა იპოვის საკუთარ გზას, სამართლიანობის პირობეში ჩვენ აუცილებლად შევქმნით ახალ პროდუქციას, აუცილებლად ავაშენებთ ახალ უნივერსიტეტებს, აუცილებლად ჩამოვაყალიბებთ არა მხოლოდ ახალ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ აუცილებლად შევძლებთ სრულიად ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში. სამართლიანობის პირობეში ცხოვრების გაუმჯობესებას როგორც ქალაქად, ისე სოფლად. განათლების ეს რეფორმა - უნივერსტიტეტში ჩაბარება კორუფციის გარეშე, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომლითაც მე, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ვამაყობთ და ვიწონებთ თავს. ახლა მთავარია, რომ საქართველო ვერასოდეს ვერავინ ვეღარ მიაბრუნოს წარსულში. ამას ვერავინ ვეღარ შეძლებს!“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის პირველმა პირმა მათთან განათლების რეფორმის წარმატებულობაზეც ისაუბრა და იმ პროექტებსაც შეეხო, რომელთა განხორციელებასაც ხელისუფლება მომავალში გეგმავს. როგორც მან განაცხადა, წელს ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა აირჩია ტექნიკური სპეციალობები, მათ შორის, სამხედრო ავიაციისა და სამხედრო-საიჟინრო ავიაციის დარგები, რაც მისივე თქმით, ქვეყნის განვითრების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს შემდგომი წინსვლა უსურვა და ქვეყნის განვითარების საქმეში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.