Google+

სიახლეები

30.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „ყველაფერი, რაც არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს“

მოგესალმებით ყველას,

დღეს აქ შეგკრიბეთ, რათა მთელი საქართველოს სახელით, კახეთისა და კახელების სახელით, მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ გასაჭირის ჟამს, ომში თუ მშვიდობაში, პირველი დამხმარე ჩვენი ხალხის, ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ამას საჭიროებს, დგას ჩვენი შეიარაღებული ძალები და თითოეული თქვენგანი.

თქვენ ჩვენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო საბრძოლო შენაერთების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საუკეთესო შენაერთების წარმომადგენლები ხართ.

თქვენი მოვალეობის შესრულება სხვადასხვა ვითარებაში მოგიწიათ. ბევრი თქვენგანი ახლახან დაბრუნდა ავღანეთის ფრონტიდან, ზოგიც მიდის.

ბევრმა თქვენგანმა 2008 წელს საქართველოს სუვერენიტეტი გადაარჩინა და ასჯერ მეტად აღმატებულ მტერთან იბრძოდა.

თუ დღეს საქართველო ფეხზე დგას, თქვენი დამსახურებაა.

ბოლოს, როდესაც კახეთს ამხელა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს და მატერიალური ზარალის თვალსაზრისით არ ჩამოუვარდებოდა იმ ზიანს, რომელიც მოგვაყენა 2008 წლის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, თქვენ რამდენიმე საათში გამოემართეთ კახეთისკენ, რათა გაგვეწმინდა გზები, მოგვეწესრიგებინა ინფრასტრუქტურა.

რამდენიმე  ათასი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა, განადგურდა ვენახების დიდი ნაწილი, ატმის და სხვა ხეხილის ბაღები, მთლიანად მოიშალა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ენერგეტიკული, საგზაო, წყალსადენის, მაგრამ სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო აღდგენისა და აღმშენებლობის, სამუშაოები.

ზიანი მიადგა ყველაფერს, რაც აქ იქმნებოდა წლების და ათწლეულების განმავლობაში - ბევრ ადამიანს მთელი ცხოვრების მონაგარი გაუნადგურა და მიწასთან გაუსწორა...

ამ პირობებში, ნებისმიერ სხვას, ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარ, ბევრად უფრო მრავალრიცხოვან სახელმწიფოს, გაუჭირდებოდა ორგანიზება, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ!

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გადასახურია სახლების გარკვეული ნაწილი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ სამჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი მთავრობა გააკეთებდა უცხოეთში.  წინა მთავრობების პერიოდს არც შევადარებ, რადგან ისინი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ.

ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს უდგას მხარში.

საქართველოში მთავარი ფასეულობა არის ხალხის სოლიდარობა, ერთმანეთის მხარში დგომა და ეს არავინ არ იცის ისე კარგად, როგორც იციან კახელებმა, როგორც იცის თითოეულმა ჩვენგანმა.

მთელი ამ დღეების განმავლობაში მეზობელი მეზობელს ეხმარებოდა და კვლავაც აგრძელებენ ერთმანეთის დახმარებას. ასევე ეხმარება სოფელი სოფელს, ყველა ერთად - თელავს და თავის მხრივ, თელავი - დანარჩენებს.

რაც მთავარია, დანარჩენი საქართველო ეხმარება დაზარალებულ რაიონებს - პირველივე საათებში გამოემართნენ აქეთ ბრიგადები ხაშურიდან, თბილისის სხვადასხვა უბნებიდან, მცხეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, აჭარიდან, სვანეთიდან.

ჩვენი ჯარიც ხომ ეს არის - ჩვენი ჯარი არის საქართველოს სხვადასხვა მხარეების უბრწყინვალესი ერთობა.

კახეთი განსაკუთრებული რეგიონია - ეს საქართველოს უბრალოდ ერთ-ერთი რეგიონი კი არ არის, არამედ მთლიანად კავკასიის.

ამ კედლებს ძალიან დიდი ისტორია აქვს - აქ დაირწა ქართული სახელმწიოფებრიობის აკვანი.

კახეთი არ არის უბრალოდ გეოგრაფიული ადგილი - კახეთი არის საქართველოს სული, საქართველოს იდენტურობის უბრწყინვალესი გამოხატულება, საქართველოს ფუძის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და საფუძველი.

ამიტომ გამოვაცხადეთ, შარშან 2012წელი კახეთის წლად და, რა თქმა უნდა, ამ უბედურებას არ ველოდებოდით.

კახეთის თითქმის ყველა რაიონში დავიწყეთ დიდი აღმშენებლობა - ჩვენ ვაშენებდით თელავის ცენტრს, ვაკეთებდით ახტალის კურორტს, ხელახლა ვაშენებთ ყვარელს, ვაგებთ ახალ გზებს დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში, ვაშენებთ კახეთის მაღალმთიანეთს და შევედით ახმეტაშიც, რა თქმა უნდა, გრძელდება სირნაღის განვითარებაც.

თუმცა იმან, რაც ახლა მოხდა წელს, გაგვიათმაგა შრომა და ძალისხმევა.

ჩვენთვის ეს იყო დიდი გამოწვევა.

მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს და ვუთხრა კახელებს: ეს არის ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობა კახეთისა და მათ შორის თელავისთვის.

თელავი ახლა ნაფრონტალს გავს, მაგრამ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე წარსდგება უფრო მეტი ბრწყინვალებით, ვიდრე როდესმე ყოფილა თავის სახელოვან ისტორიაში.

ეს არის რეგიონი, რომელიც ვერ გატეხა ჩვენი მტრის ეკონომიკურმა ემბარგომ. წელს ჩვენ რთველი არა მხოლოდ ისეთივე კარგი გვექნება როგორც შარშან, არამედ უკეთესიც.

კახეთი არ არის ისეთი, როგორიც იყო დამპყრობლების დროს - ერთი ჩამოსასვლელი და დროის სატარებელი ადგილი, რომელსაც გეგმას დაუწერდნენ რამდენი ყურძენი უნდა ჩაებარებინა და საერთოდ არ აინტერესებდათ კახელების ბედი.

კახეთი ზოგიერთებისთვის იყო ძარცვის ობიექტი, ვიღაცისთვის მხოლოდ გართობის ადგილი,  ჩვენთვის კი ეს მხარე საქართველოს სულია.

ამიტომ, ვინც რა უნდა არ უნდა თქვას კახეთის შესახებ, ვინც არ უნდა მოეპოტინოს ამ რეგიონს, ვერაფერს გახდებიან - მთავარი რაც ჩვენ გვინდა არის ის, რომ ხელი არ შეგვიშალონ იმ დიდი გეგმების განხორციელებაში, რომელიც ამ რეგიონში გვაქვს.

ამ გეგმის საბოლოო მიზანი არის ის, რომ თითოეული ოჯახი, უკლებლივ ყველა რაიონში,  უკლებლივ ყველა სოფელში, ყველა სახელოვან ქალაქში, ცხოვრობდეს წელში გამართულად, ერთხელ და სამუდამოდ დაავიწყდეს გაჭირვება, ღირსეულად მოუაროს თავის მოხუცებულ თაობას, კარგად ასწავლოს საკუთარ შვილებს, განავითაროს თავისი მეურნეობა, ტურისტული ინფრასტრუქურა, რომლისგანაც თვითონ მიიღებენ შემოსავალს და იყვნენ ისეთი განვითარებული და ხელდამშვენებული, ისეთი წარმატებული, როგორიც არასდროს ყოფილან ისტორიაში.

ამას ვპირდები პირადად მე თითოეულ კახელს და ეს დაპირება ეკუთვნის საქართველოს დაპირება, რადგან მე საქართველოს სახელით ვლაპარაკობ.

ამ დაპირებას ვდებთ დღეს ჩვენი სახელოვანი შეიარაღებული ძალების წინაშე.

თქვენ მიმართ დიდი პატივისცემის ნიშნად, დღეს თქვენსავით მეც ფორმა ჩავიცვი, მაგრამ  სამხედრო ფორმიან ადამიანებს მოყვებიან სხვა ფორმიანი ადამიანები.

ისინი აქედან არ გავლენ და რამდენიც არ უნდა ავაშენოთ, უფრო მეტი გვექნება ასაშენებელი; როგორც არ უნდა განვავითაროთ აქაურობა, უფრო მეტი გვექნება გასავითარებელი. 

ის, რაც საქართველოში ახლა დაიწყო, დასაწყისის მხოლოდ დასაწყისია.

დაშლილი, განადგურებული, ფეხქვეშ გათელილი იმედდაკარგული ქვეყანა რვა წლის წინათ ჩვენ ყველამ ერთად ავაწყეთ ისე,  რომ გვაქვს სამაგალითო ჯარი, სამაგალითო საგანგებო სამსახურები.

ამით შეგვიძლია ვიამაყოთ და ყველას ვუთხრათ, რომ ჩვენ შევძელით ის, რაც შეუძლებელად მოეჩვენა საქართველოს ე.ი. ყველა დანარჩენ ერს შეუძლია იგივეს გაკეთება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვართ ძალიან მდიდრები, მაგრამ რვა წელიწადი არის ისტორიის ერთი დღე.

ინგლისელები პარლამენტში საქართველოს განიხილავენ, როგორც მოდელს და მისაბაძ ქვეყანას, ამერიკის სახელმწიფო მდივანი აღფრთოვანებულია ჩვენი სტრუქტურებით...

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი, როგორიც ინგლისი, ამერიკა და  ზოგიერთი ნავთობითა და ბუნებრივი გაზით მდიდარი ქვეყანა, რომელიც ასევე სწავლობს ჩვენგან, მაგრამ ჩვენ ჩავიბარეთ დაშლილი ქვეყანა და რვა წელიწადში ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ,

ზოგიერთებს კი 8 და 10 საუკუნე დასჭირდება იგივე რომ გაიაროს.

ჩვენ არა გვაქვს საუკუნეები - მოუმენელი ხალხი ვართ და ახლავე გვინდა ყველაფერი, ამიტომ ჩქარა უნდა განვვითარდეთ და ეს უნდა შევძლოთ.

ყველაფერი რაც არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს.

ამ სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა, დღეს კიდევ ბევრი ოჯახია კომპენსაციის გარეშე დარჩენილი, კიდევ ბევრი სახლია გადასახური, მაგრამ ყველას გადავხურავთ;  ჯერ კიდევ ბევრი სოციალური საკითხია მოუწესრიგებელი, მაგრამ ყველას მივყვებით და მოვაწესრიგებთ, კომპენსაციის დარიგებას აგვისტოში დავიწყებთ.

მთავარი, რაც ყველამ დაინახა, საქართველოს არც ერთი რეგიონი, არც ერთი ქალაქი, არც ერთი უბანი, არც ერთი სოფელი და ჩვენი ქვეყნის არც ერთი მკვიდრი არ იქნება მიტოვებული მოულოდნელი, ყველაზე მძიმე და დამთრგუნველ გასაჭირშიც კი.

ეს აღარასდროს მოხდება, რადგან უკვე გვაქვს ბოლო პერიოდში შექმნილი სუბიექტი, რომელსაც ჰქვია ქართული სახელმწიფო.

თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო წარმომადგენელები და ამიტომ, მეგობრებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა.

მსურს დავაჯილდოვო თითოეული თქვენგანი და თქვენი მეთაურები და მინისტრები უახლოეს დღეებში გადმოგცემენ მადლობის წერილებს და მედლებს.

ჩვენ ყველა ვალში ვართ თქვენ წინაშე და ამას გეუბნებით ყველა კახელის, ყველა ადგილობრივის სახელით.

ახლა შეგიძლიათ გზა დავუთმოთ მშენებლებს, აღმშენებლებს და სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)