საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ბეჟაშვილი კახეთის აღდგენისა და აღორძინების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში მის პირად წარმომადგენლად დღეს ლევან ბეჟაშვილი დანიშნა. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სათავეში კახეთის აღდგენისა და აღორძნების შტაბს ჩაუდგება და იმ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ლევან ბეჟაშვილს სახელმწიფო თანხის განკარგვის დიდი გამოცდილება აქვს, რაც დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს მას დიდად წაადგება.
„ძალიან ვაჟკაცური საქციელია ის, რომ დატოვე მაღალი თანამდებობა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელის პოსტს მშობლიური კუთხის, კახეთის დახმარება ამჯობინე. მართალია, მსხვერპლი არ იყო და ამ მხრივ გადავრჩით, მაგრამ მსგავსი მასშტაბის ნგრევა, საქართველოს არ ახსოვს. ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს სახელმწიფო თანხის განკარგვის, მისი მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენების და ეს მეტად მნიშვნელოვანია. პარლამენტმა ძალიან დიდი თანხა გამოყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის და, საბოლოოდ, ვფიქრობ, რამდენიმე ასეულ მილიონს მიაღწევს. ამიტომ, გთხოვ, სათავეში ჩაუდგე კახეთის აღდგენისა და აღორძნების საკოორდინაციო შტაბს და გახდე ჩვენი მთავრობის, პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი. ამ საკითხებით პირადად მეც და მთავრობის წევრებიც ვიქნებით დაკავებული, მაგრამ ეს დაგვჭირდება ახლაც და რთველის პერიოდშიც“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა მასთან საუბრისას.
შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა ლევან ბეჟაშვილთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილა სტიქიის შედეგების წინასწარი მონაცემები და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ იმსჯელა. როგორც ბეჟაშვილმა პრეზიდენტს განუმარტა თელავში, დაახლეობით, 1045 სახლი და 109 კორპუსია დაზიანებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე აღდგენის სამუშაოები აქტურად მიმდინარეობს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, დაზარალებულებს დახმარება სჭირდება არა მხოლოდ კახეთში, არამედ მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
„ამ მასშტაბის სამშენებლო ძალა და პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა. ეს, რომ 5-6 წლის წინათ მომხდარიყო, საერთოდ არაფერი არ გვექნებოდა, აღარაფერს ვამბობ წინა მთავრობების პერიოდზე. მინდა დაზარალებულ ხალხს ვუთხრა - ახლა სიმძლავრეებს ვზრდით და ყველა სახლში აუცილებლად მივალთ. მესმის, რომ ეს ნაკლები ნუგეშია მათთვის, ვინც დახმარებას ელის, მაგრამ კომპენსაციას, ჩვენი დაპირების შესაბამისად, მიიღებს ყველა. ბევრი სხვა სამუშაოები ხორციელდება, რათა მათ მომხდარი შევუმსუბუქოთ. პროდუქტებით დახმარებას მომავალშიც გავაგრძელებთ, რადგან დაზარალებულების წინაშე ვალდებულება ვიკისრეთ როგორც კახეთში, ისე მცხეთა-მთიანეთსა და ჯავახეთში. დანაპირებს კი ბოლომდე შევასრულებთ და გაჭირვებასთან პირისპირ არავის მივატოვებთ. ხალხს შეუძლია, ბოლომდე გვენდოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ხალხთან შეხვედრები კვლავაც გრძელდება და მოსახლეობა გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას. ამასთან, ლევან ბეჟაშვილმაც აღნიშნა, რომ იმ სამშენებლო კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში ერთვებიან, ყოველდღიურად მატულობს და ადგილობრივები აფასებენ იმ მხარდაჭრას, რომელსაც მთავრობის წევრები დაზარალებულების მიმართ იჩენენ.
„რა თქმა უნდა, ჯობდა, ეს უბედურება თავს არ დაგვტეხოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ხალხმა დაინახა, რომ მთავრობა ეფექტიანია და მოწოდების სიმაღლეზე დგას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი წუთით მაინც შეგვიძლია მოვდუნდეთ, რადგან ხალხი ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა დარჩენილი და ზოგს კომპენსაციაც არ მიუღია. ეს პროცესი დროულად არის დასამთავრებელი და შემდეგ გადარჩენილ ვენახებში საუკეთესო რთველი უნდა ჩავატაროთ. კახეთზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ, რათა მომავალი წლისთვის შემოვიტანოთ უკეთესი ჯიშები და ხალხმა კარგი მოსავალი მიიღოს. უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ამ გადავადებულ კრედიტებს, რომელიც მათ მომავალ წელს დააწვება, გასტუმრება უნდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ლევან ბეჟაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ქუთაისში, მთავრობის სახლში გაიმართა.