Google+

სიახლეები

20.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიში ჩაიბარა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დაწყებული მასშტაბური სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა.  საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც დაზარალებული რაიონი არ დაუტოვებია, მთავრობის წევრებისგან ანგარიში ჩაიბარა. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების ახალ ინიციატივებზეც ისაუბრა, რომლებიც დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემას ითვალისწინებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობა, პრაქტიკულად, შეუძლებელს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, სტიქიის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებულები სრულად მიიღებენ კომპენსაციას, დანარჩენებს კი, ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტებს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას მათი გადახდის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება, სესხის პროცენტს კი სახელმწიფო დაფარავს.

„გუშინ ღამით გავიარე თელავის ქუჩებში და ვნახე, რომ კომუნიკაციების აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. სრული მასშტაბით  სამუშაოები დილიდანვე უნდა გაშლილიყო და ასეც მოხად დავამატეთ რეზერვისტები, ჯარისკაცები, გაწმენის სამუშაოები, პარქტიკულად, დღის ბოლომდე დამთავრდება. იმ კრედიტებთან დაკავშირებით, რომლებიც ხალხს აქვს აღებული, ბანკებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ამ კრედიტების გადახდა მომავალ წლამდე გადავადება, უკვე კარგია. მეორე მხრივ, მომავალი წლისთვის უნდა ვიმუშაოთ ყველამ, რომ ამ კრედიტების გასტუმრება შეძლონ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ, რათა თავიანთ მეურნეობას ისე მიხედონ, სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს და მომავალ წელს ეს კრედიტები მძიმე ტვირთად არ დააწვეთ. რაც შეეხება კომპენსაციებს, ზოგს მთლიანად აუნაზღაურდება ზარალი - ეს შეეხება მათ, ვისაც პატარა ნაკვეთი ჰქონდა და ყველაზე გაჭირვებულია, მაგრამ ბევრს, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ გადაუფარავს. ეს შეუძლებელიც იყო, მაგრამ, მინიმუმ, იმისთვის მაინც არის კარგი, რომ ჩადებული თანხის უმეტესი ნაწილი ამოიღოს. ეს მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს. სახელმწიფოს არსებული რესურსით, იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გადანაწილებულია და პარლამენტის დამატებითი მოწვევა  გვიხდება ამისთვის, მთავრობამ თითქმის შეუძლებელი მოახერხა და ამ სახსრების მოძებნის თვალსაზრისით. საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მახსენდება ამ მასშტაბის დახმარება არც ერთი სტიქიური უბედურების დროს, არც ერთი მსგავსი გაჭირვების დროს, მაგრამ ეს იყო აუცილებელი, რადგან გუშინ პირადად ვნახეთ, რა მასშტაბის ნგერვა გამოიწვია სტიქიამ. აქაურობას დახმარების გარეშე ვერ მივატოვებდით - ოჯახებს წარმოუდგენელი ზარალი მოადგა. ახლა მთავარია, რომ დანარჩენი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროულად დავამთავროთ. მივხედოთ არა მხოლოდ კახეთს, არამედ ყველა რეგიონს, სადაც იყო სტიქია და მივხედოთ იმის მიუხედავად, რომ ნგრევის მასშტაბით ყველაზე დიდი ზარალი ვნახეთ აქ. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ მონიტორინგს სიტუაციაზე. მთავრობის დიდი ნაწილი შემდეგ დღეებშიც გააგრძელებს აქ მუშაობას და მთავარია ყველა ის დაპირება, რომელიც საზოგადოებამ ჩვენგან მიიღო დათქმულ ვადებში შესრულდეს და ერთი საათიც არ დაუგვიანდეთ. როგორც წესი, ხალხი ჩვენგან ელის დანაპირების შესრულებას. ამიტომ ამ ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში ყველა დანაპირები პინათლად უნდა შევასრულოთ. ყველა ჩვენი მოქმედება უნდა იყოს კოორდინირებული იმ ვადებში, როგორც ჩვენ ეს გამოვაცხადეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს კომპენსაციების რაოდენობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მათ, ვინც 100-პროცენტიანი ზარალი ნახა სახელმწიფო  1300-დან 1500 ლარამდე გამოუყოფს; ისინი, ვისაც 70-80 პროცენტი გაუნადგურდა, 800-დან 1000 ლარამდე მიიღებენ; ხოლო მესამე კატეგორია, რომელსაც 50 პროცენტამდე მიადგა ზიანი, 300-დან 500 ლარამდე აუნაზღაურდება. ამავე დროს, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მათ, ვისაც კრედიტები აქვს აღებული, გადახდის ვადა გადაიწევს ერთი წლით, სესხის შესაბამის პროცენტს კი, სახელმწიფო გადაიხდის. მოსახლეობას უკვე ურიგდება სასურსათო დახმარების პაკეტი, რომელშიც შედის ფქვილი, ზეთი და შაქარი. საქართველოს ხელისუფლება განიხილავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხს.

რაც შეეხება შიდა კომუნიკაციების აღდგენას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, ბუნებრივი გაზი ქალაქ თელავისა დაყვარლის მოსახლეობას უკვე სრულად მიეწოდება, ხოლო გურჯაანისა და თელავის რაიონები მთლიანად დღის მიწურულს დაიფარება.

ალექსანდრე ხეთაგურმა ასევე აღნიშნა, რომ  ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობას უკვე აღუდგა მიწოდება ნაფარეულის მხარეს, თელავში რამდენიმე საათში ჩაირთვება, შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება გურჯაანის რაიონში და ხვალ საღამომდე ელექტროენერგიის მიწოდებაც სრულად აღდგება. მინისტრის თქმით, სამუშაოები მთლიანად ორ დღეში დასრულდება. როგორც მან აღნიშნა,  წყალთან დაკავშირებული პრობლემებიც ორ დღეში გადაიჭრება, მანამდე კი, მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნების მეშვეობით მიაწვდიან.  

მიხეილ სააკაშვილი დარჩენილი მოსავლის მოვლა-პატრონობის საკითხსაც შეეხო. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტს განუმარტეს, რომ შესაწამლი პრეპარატების დარიგება უკვე დაიწყო და მოსახლეობას ამ მხრივაც ეხმარებიან, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო მათ ტექნიკით ვერ უზრუნველყოფს, დიზელის საწვავით დაეხმარება.

აღდგენის სამუშაოები კახეთში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)