სიახლეები
19.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა მათ საგანგებო დავალებები მისცა და დაზარალებულ რაიონებში უკვე შესრულებული სამუშაოებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, უპირველესად, დაზარალებულთა პირველადი დახმარება და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დაბინავება დაავალა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამისათვის საგანგებოდ შექმნილ შტაბში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდნენ შტაბის წარმომადგენლებს, რომლებიც დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.საუბრისას, პრეზიდენტი ინფრასტრუქტურის აღდგენის თემას შეეხო და განაცხადა, რომ აუცილებელია ხვალ, შუადღემდე გაიწმინდოს ყველა გზა. მისი თქმით, დაზარალებული რაიონების დასახმარებლად, ხვალ დილიდან ამ საქმეში თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურიც ჩაერთვება. რამდენიმე დღეში კი სრულად აღდგება კომუნიკაციაც - მოსახლეობას ეტაპობრივად აღუდგება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება.მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სასოფლო-სამეურნეო ნათესებისა და სავარგულების საკითხზე გაამახვილა, რომლებიც სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. პრეზიდენტმა მოსახლეობისთვის კომპენსაციის გამოყოფის საკითხი დასვა და მათი კრედიტების რესტრუქტურიზაციის გეგმის შემუშავება მოითხოვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით მთავრობა უკვე მუშაობს და საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება დაუთმო იმ გეგმებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ჯიშებისა და ტექნოლოგიების შემოტანას ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ერთგვარი შვება იქნება იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც სტიქიამ მოსავალი სრულად გაუნადგურა. მან ასევე განმარტა, რომ ამ სფეროში უნდა დაინერგოს დაზღვევის სისტემა, რაც უკვე კარგად არის აპრობირებული განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი მოულოდნელი შემთხვევების შედეგების თავიდან აცილების მიზნით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას ემსახურება და, ამ მხრივ, მთავრობა სწორ გზას ადგას, რადგან უცხოელი ექსპერტების შეფასებით, სანიმუშო სამთავრობო პროგრამა გვაქვს.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაზარალებული მოსახლეობა პირველ მეორე და მესამე კატეგორიად დაიყოფა. სამივე კატეგორია მიიღებს სასურსათო დახმარების პაკეტს და ზიანის კატეგორიების მიხედვით, ყველა ოჯახი მიიღებს ფულად კომპენსაციას. საქართველოს ხელისუფლება ასევე განიხილავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხს და აგვარებს ტექნიკურ, ფინანსურ თუ სხვა საკითხებს.<p>სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს და ამ დღეების განმავლობაში მსგავსი სხდომები რეგულარულად გიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თელავის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.