სიახლეები
26.03.2012
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სამხრეთ კორეაში დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი სეულში იმყოფება, სადაც „ბირთვული უსაფრთხოების სამიტის“ მუშობაში იღებს მონაწილეობას. სამიტზე განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ბირთვული იარაღის ტერორისტული ჯგუფებისგან დაცვის მხრივ. ამას გარდა, ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: თანამშრომლობა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ბირთვული იარაღის დაცვა და ბირთვული მასალებით უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან.
სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ყველაზე ფართომასშტაბიანია მსოფლიოში. სამხრეთ კორეის დედაქალაქში 53 ქვეყნის ლიდერი, მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. სამიტის მუშობაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების, უნგრეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები; ავსტრალიის, კანადის, ბელგიის, ჩეხეთის, იაპონიის, დანიის პრემიერ-მინისტრები, იორდანიის მეფე და სხვები.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად სეულში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თვდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური არიან.
ბირთვული უსაფრთხოების პირველი სამიტი ვაშინგტონში 2010 წლის აპრილში გაიმართა.