საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანში ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანში ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც, დაახლოებით, ერთ ჰექტარზეა გაშენებული. სათბური თანამედროვე ტიპისაა, ულტრათნამედროვე აპარატურის გამოყენებით იმართება და პომიდვრის ჩითილები მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით გამოყავთ. სათბურში წლის განმავლობაში 300 ტონა მოსავალს ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების უპირველესი მიზანი ქართული ბაზრის ადგილობრივი პროდუქციით გაჯერებაა, ხოლო შემდეგ, მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება.
"თურქულ პამიდორს ხარიხსით ჩვენი ჯობს, თუმცა თურქული 2 ლარამდე ღირს, ჩვენი პომიდვრის თვითღირებულება კი, ლარნახევარია. იმის გამო, რომ მაღაზიები დღგ-ს იხდიდა, ჩვენს პროდუქციას ნაკლებ ფასში იბარებდნენ. როდესაც უცხოური პროდუქცია საზღვარზე შემოდიოდა, დღგ უკვე გადახდილი იყო და ის ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში დგებოდა. ახლა ეს ყველაფერი შემოტრიალდა. გუშინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის დღს–სგან გათავისუფლებას ითვალისწინებს მაღაზიის დახლზეც. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სოფლის მეურნეობის ჩვენი პროდუქცია პრიორიტეტულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩვენ, მინიმუმ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ბაზარი მთლიანად გაჯერდეს სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციით. ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინათ სუპერმარკეტში შევედი, სადაც ყველაფერი ირანული, რუსული, თურქული და უკრაინული იყო. ამ პროდუქციის დიდი ნაწილი უკვე ჩვენით ჩანაცვლდა. საგადასახადო რეჟიმი ხელს უწყობს ჩვენი პროდუქციის მიერ ქართული ბაზრის ბოლომდე გაჯერებას, მაგრამ ეს ჩვენი ოცნების მწვერვალი არ არის - ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც უნდა გავიდეს. პირველად, ჩვენი პამიდორი თურქეთში აჭარის სათბურებიდან გავიდა. ეს ძალიან კარგი პრეცედენტია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც საწვავი ძვირდება და მიწის დამუშავება ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ გამოსავალი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, კიდევ უფრო მოქნილი საგადასახადო რეჟიმის შექმნა და ინვესტიციების ჩადებაა. ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ და ახლა მთავარია ყველასთან გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, წელს სოფლის მეურნეობის პროგრამა ყველა მიმართულებით ამუშავდება, რათა ჩვენმა ხალხმა ხელშესახები პროგრესი იგრძნოს გადამამუშავებელი წარმოების თვალსაზრისით”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წეროვანის დასახლების დევნილებს ხელისუფლება საწარმოების გახსნასა და, შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას დაპირდა. მან ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ეს დაპირება სხვა დასახლებებზეც ვრცელდება.
”ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ - ომით დაზარალებულთა დასახლებებში ინდუსტრიალიზაცია უკვე მიმდინარეობს”, - დასძინა მან.
ახალი სათბური სახელმწიფოს დაფინანსებით აშენდა, რომლის მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. მისი დასრულების შემდეგ კი 30-მდე მუდმივი სამუშო ადგილი შეიქმანა და ამდენივე ადგილობრივი დასაქმდა, მათ შორის, დევნილები. მსგავსი სათბურების აშენება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.