Google+

სიახლეები

15.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წნორში ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით ყველას,

ადრე აქ ისეთი საავადმყოფო იყო, რომელსაც საავადმყოფოს ვერც კი უწოდებდი.

ძალიან კარგია, რომ ახლა აქ კვალიფიციური ექიმები გადმოდიან. მთავარია, რომ ხელფასები არავის არ დაუგვიანონ.

ჩვენ ახალ პროგრამასაც ვიწყებთ „ღიმილიანი საქართველო“, რომლის ფარგლებში სოფლად და ქალაქად სოციალურად დაუცველებს სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევენ.

ამ პროგრამის განხორციელებას მათგან დავიწყებთ, ვინც ყველაზე უმწეოა და მიუსაფართა სასადილოებით სარგებლობს.

ზოგიერთ 50 წლის ადამიანს გაღიმების სურვილიც აღარ აქვს, არ სურს შრომა, სამსახურში წასვლა, თან ავადდება და მისი მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი ჯდება.

ეს პროექტი 10–15 მილიონი დაგვიჯდება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ, რადგან ადამიანის ფსიქოლოგიას სოციალურად ცვლის.

ერთადერთი, ვისაც ვეთაყვანები და ვუჯერებ ხართ თქვენ, ამიტომ, ყოველთვის მოვალ თქვენთან და გავიგებ თქვენს აზრს.

ჩვენს არაკეთილმოსურნეებს ვერ გაუგიათ ან არ სურს გაიგოს თუ რატომ ვიკრიბებით ამდენი.

ეს საავადმყოფო არ შენდება იმისთვის, რომ ვინმემ თავი მოიწონოს, ეს ჩემთვის არის თანასწორობის იდეა.

ქიზიყი არის უბატონო ადგილი.

ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ძარცვავდა ქვეყანას, ახლა ერთად შეკრებილა, რათა როგორმე ისევ ჩაიგდოს ხელში ხელისუფლება და, შესაბამისად, ძარცვის სადავეები. ეს ხალხი თავისი ფსიქოლოგიით, ბატონყმური იდეოლოგიის მატარებელია. მათ შეუძლიათ იყვნენ ან მონები, ან ფეოდალები. მათ სურთ იყვნენ უცხო ქვეყნის, ანუ ჩვენი დამპყრობლის მონები და  ამავდროულად - თქვენი ბატონები.

საქართველო არასდროს აღარ იქნება ვინმეს მონა და ქართველ ხალხს აღარასდროს ეყოლება ბატონი.

სწორედ ეს არის ამ საავადმყოფოებისა და მათი ხელმისაწვდომობის იდეა.

ის კი არ უნდა ითქვას, რომ ვინც მილიონერი არ არის, თურმე, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, მის შვილებს კარგ სკოლაში სწავლა არ ეკუთვნის და კარგ საავადმყოფოში არ უნდა მკურნალობდეს, არამედ ის, რომ ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი დაზღვევაზე, ყველგან იყოს საუკეთესო აპარატურა, ყველგან იყვნენ საუკეთესო ექიმები და გამთბარი,  კონდიცირებული, მოვლილი პალატები, რადგან ყოველივე ეს კეთდება ჩვენი ხალხისთვის და არა უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის.

ხალხის სახეებისა და მათი ანთებული თვალების იმიტირება შეუძლებელია.

აქ ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ არა ჩემთან ან გუბერნატორთან შესახვედრად, არამედ იმისთვის კიდევ ერთხელ ვთქვათ: ჩვენი ქვეყანა პატარა თუ დიდი ნაბიჯებით აუცილებად წავა წინ!

რომ ეს წინსვლა ყველა ჩვენი ოჯახის კეთილდღეობაზე აუცილებალდ აისახება!

ყველა ქართველმა უნდა ნახოს წარმატების თავისი წილი!

თქვენ ნახეთ, რომ ყველაფერი სიღნაღის მშენებლობით დავიწყეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ ჩვენ წარვადგინეთ პროექტები, რომლებიც მთელი კახეთის მასშტაბით განხორციელდება.

სხვა მთავრობა მარტო თბილისის ცენტრს მოაწყობდა, ტრასას გადაღებავდა, ჩამოიყვანდა უცხოელებს, აჩვენებდა და გაიხარებდა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის კი არ არის რას დაინახავს და რით გაიხარებს მთავრობა, არამედ ის, რას დაინახავს და რით გაიხარებს თითოეული თქვენგანი, ჩვენი ბავშვები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველგვარ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებთ და გასაკრიტიკებელიც საკმაოდაა - ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს და მე ეს ყველაზე კარგად ვიცი, მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და  ყველაზე მეტად ამაზე ვფიქრობთ - თქვენს წინაშე ჩემი ყველაზე დიდი ვალიც სწორედ ეს არის.

საქართველომ უნდა იაროს წინ!

ერთმა ძალიან ბრძენმა კლასიკოსმა თქვა: თუ გაჩერდები და ყველა ძაღლს, რომელიც გიყეფს, ქვის სროლას დაუწყებ, დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწევო.

ამიტომ, ვინც რაც უნდა ილაპარაკოს, ჩვენს გზას ბოლომდე გავივლით და მიზანსაც მივაღწევთ. მივალთ ამ ჩვენს გზაზე.

ჩემო მეგობრებო, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

მე ბევრს დავდივარ მთელი საქართველოს მასშტაბით და ვხედავ, რომ ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს მიწის დამუშავება; რომ საწვავი გაძვირდა - რამდენჯერაც  დატრიალდება ქარბორბალა საერთაშორისო არენაზე, იმდენჯერ მატულობს დიზელის ფასი.

ამიტომ ჩამოგვყავს ტრაქტორები, ამიტომ ჩამოგვაქვს გუთნები, ამიტომ შევქმენით ყველგან სოფლის მეურნეობის ახალი ცენტრების და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში ახალი ინიციატივით შევიდეთ და გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია თავიდან ბოლომდე - მაღაზიის დახლამდე გათავისუფლდეს დღგ-სგან.

ყველა მაღაზიის დახლებზე ქართული პროდუქცია უნდა იყოს მთავარი.

ამ გადაწყვეტილებით კი, ჩვენს პროდუქციას მაქსიმალურად გავუხსნით გზას უცხოური და შიდა ბაზრისკენ; ამით მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა მწარმოებელს, დაამუშაოს მიწა, თუნდაც, ამ ვაუჩერებით, რომელიც სასაცილოდ არ ყოფნის ვიღაცას, მას, ვინც მილიონებზე ოცნებობს, 20 და 30 ლარი არ გააკვირვებს.

ისიც კარგად ვიცი, რომ  20 და 30 ლარი ზღვაში წვეთია, მაგრამ ხანდახან, ეს პატარა წვეთიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჭიქა ნახევრად სავსე გახდეს.

აქედან გამომდინარე, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის, რასაც უკვე ვაკეთებთ.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე.

ყველა საავადმყოფო იქნება ასეთი და ყველა საავადმყოფო იქნება ხელმისაწვდომი.

წელს და მომავალ წელს, საავადმყოფოების მსგავსად ყველა სკოლა გაკეთდება და ჩვენი შვილები იმაზე უკეთეს სკოლებში ისწავლიან, ვიდრე სწავლობენ, ვთქვათ, ჩეხეთში ან  პოლონეთში, უნგრეთში ან თუნდაც ჰოლანდიასა და გერმანიაში.

ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ამდენი წლის წვალების, უბედურების, დამცირების, სხვადასხვა ხელისუფლების, ბატონების, ფეოდალებისა და დამპყრობლების ზემოდან ქვემოთ ყურების შემდეგ, ნორმალურად ვიცხოვრო.

ჩვენი ბავშვები იმსახურებენ ისე გაიზარდონ, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდეთ რა არის გაჭირვება და უბედურება.

ბოლო პერიოდში ხშირად დავდივარ ელექტრომობილით, რომელიც საწვავის ნაცვლად ელემენტზე მუშაობს.

მეც მაქვს ჩემი ელემენტი, ოღონდ ის არაა დამოკიდებული ქარსა და წვიმაზე. ჩემი ელემენტი იმუხტება თქვენი ენერგიით. ამიტომ, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ამ ენერგიას მაძლევთ.

ჩემი მხრივ, მეც ყველაფერს გავაკეთებ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.

ჩვენ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ყველანი ერთად გავიმართოთ წელში.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)