Google+

სიახლეები

27.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ყვარლის მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით ყველას,

გმადლობთ, რომ ამ საკმაოდ ცივ საღამოს ჩემთან შესახვედრად გამონახეთ დრო.

მოხარული ვარ, რომ თქვენ შორის ვხედავ ჩვენს მეგობრებს, ჩემს მეზობლებს...

ამ საავადმყოფოს ადგილზე სულ რაღაც 3-4 თვის წინათ კარკასი იყო, მაგრამ დღეს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა დგას.

მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თვეში, საერთოდ ვერ ვიცნობთ ყვარელს, რადგან აქ ბევრი რამ იცვლება.

განახლების ძალიან დიდ პროცესს ვიწყებთ მთლიანად კახეთში - თელავში, ყვარელში, ახმეტის რაიონში, გურჯაანში, რეგიონის სხვა ადგილებში.

კახეთს ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა აუთვისებელი. ამ კუთხეს წარმოუდგენელი ტურისტული პოტენციალი აქვს, სტუმართმოყვარეობა გენებში გვაქვს, მაგრამ ჩვენი ეს ბუნება ადრე სრულიად გამოუყენებელი იყო.

საბჭოთა დროს კახეთი არ ითვლებოდა ტურისტულ ადგილად, მაგრამ წელს უკვე, როგორც არ უნდა უჭირდეს ქვეყანას, ასობით მილიონის ხარჯვას ვიწყებთ სწორედ იმისთვის, რომ აქაურობა ბევრად უკეთესი გახდეს.

საბჭოთა კავშირის დროს  კახეთში ერთადერთი სასტუმრო თელავში იყო - „ინტურისტი“. წელს მარტო ყვარელში ოთხი ახალი სასტუმრო შენდება, რომლებიც წლის დამლევამდე დასრულდება.

როდესაც ღვინოზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაქსიმუმ ორ წელიწადში ჩვენს ღვინოზე ბაზრებზე იმაზე ბევრად დიდი მოთხოვნა იქნება, ვიდრე მისი წარმოება შეგვიძლია. ეს არის ჩვენი პასუხი ემბარგოს.   

ჩვენი ღვინო ახალ ბაზრებზე გავიდა. სხვათა შორის, 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა, პეტერბურგში პუტინს შევხვდი და ვუთხარი, რომ მათ ბაზარზე ჩვენი ღვინის აკრძალვა დიდი შეცდომა იყო: მალე მოვა დრო, ისევ მოგინდებათ ქართული ღვინის დაბრუნება, მაგრამ სხვა ნიშებს დავიკავებთ და თქვენთვის აღარ დარჩება-მეთქი. ეს დრო უკვე დგება.  

ასევეა საავადმყოფოების თემაც, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ადრე მთელი საქართველოს მასშტაბით 5-6 გარემონტებული პალატა თუ გვქონდა, ახლა კი ყველა რაიონშია ულტრათანამედროვე კლინიკები. მაშინ იმ პალატებში ერთი და იგივე ფულიანი ხალხი, ან მთავრობის წევრების ნათესავები მკურნალობდნენ, თუმცა მათგან არც ერთი არ იყო იმ დონის, როგორიც ახალ სამედიცინო ცენტრებში გვაქვს. იმ ხალხს კი, ვისაც დედაქალაქში უწევდა სამკურნალოდ წასვლა, საშინელ პირობებში უხდებოდა ყოფნა და ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის მომსახურება 5-6-ჯერ ძვირი უჯდებოდა.

აი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს ზოგიერთებს - მათ თანასწორობის იდეა არ მოსწონთ.

თანასწორობის იდეა იმას არ გულისხმობს, რომ ყველა ერთნაირად იცხოვრებს - ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც მეტი შემოსავალი ექნება და იქნება ისეთიც, ვინც ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმით იქნება განპირობებული ვინ მეტს იშრომებს და ვინ ნაკლებს. ამას არავითარი კავშირი აქ ექნება იმასთან, ვის შემორჩა ძველი დროიდან ნაძარცვი ქონება, ან ვინ მეტი მიწა მიითვისა თავის დროს.

ზოგიერთები ტელევიზიით აცხადებენ, რომ, თურმე, იმ ხალხს, ვისაც ბევრი ფული არ აქვს,  პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება. თურმე, ასეთი ადამიანები არ უნდა აირჩიონ, მათ არც თანამდებობა  ეკუთვნით და არჩევნებზე თუ არ მივლენ - კიდევ უკეთესი.

სხვათა შორის, ჩვენი მთავრობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდანაა წამოსული. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც შეძლებული ოჯახებიდან არიან, მაგრამ ასეთი სრული უმცირესობაა.

ალბათ გახსოვთ, თბილისში ოპოზიცია რომ დაირაზმა და ყვარლობა დღეს ზურაბ ადეიშვილისთვის მიტინგის გამართვა რომ გადაწყვიტა. ამ ხალხს მხოლოდ ერთი პრობლემა შეექმნა - ზურაბ ადეიშვილის სახლი ვერ იპოვა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე დიდ და მდიდრულ სახლს ეძებდნენ - სხვაგვარად ვერც წარმოედგინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უბრალო სახლი ჰქონდა.

აი, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ ფსიქოლოგიას შორის; ამიტომ არ შეიძლება მათი უკან მოშვება; მათ ის იდეაც აღიზიანებს, რომ შეიძლება იყო მთავრობაში და ფული არ გააკეთო.

ახლა 30-ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებიც საშინლად აღიზიანებთ. მათთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ მსოფლიოში არეულობის გამო ბენზინი ძვირდება - მოახერხებენ 5-10 ლარით მეტი საწვავის ჩასხმას საკუთარ მანქანებში, მაგრამ მათთვის, ვისაც საგაზაფხულო სამუშაოები აქვს წინ, ყოველი ლარი ძვირფასია.

ენერგოვაუჩერებიც არ მოსწონთ, ამბობენ, 20 ლარით უნდათ ხალხის ყიდვაო, მაგრამ ხალხმა ძალიან კარგად იცის სიმართლე. ჩვენ გვსურს, ჩვენი ხალხს ოდნავ მაინც დავეხმაროთ და მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არც ნავთობისგან შემოსული დოლარები გვაქვს და არც "გაზპრომის" შემოსავალი, მაგრამ ჩვენ  გვაქვს შემოსავალი, რომელიც არაკორუმპირებული, ეფექტიანი მთავრობის მუშაობის შედეგად არის ბიუჯეტში შემოსული და ეს შემოსავალი  სამართლიანად უნდა გადაუნაწილდეს ჩვენს ხალხს.

სწორედ სამართლიანი გადანაწილების მაგალითია ეს საავადმყოფოები - აქ სამკურნალოდ უცხო ადგილებიდან არავინ ჩამოვა - ეს არის აქაურობისთვის.

ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქ უკვე აქვს დაზღვევა და დანარჩენ ნაწილსაც ექნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოსგან უფასო ან მაქსიმალურად ხელმისაწვდომი  დაზღვევა მიიღოს.

ეს დაზღვევა, ზოგადად, ფორმალური კი არ არის, ის ფარავს ყველა საჭირო პროცედურას თუ მომსახურებას.

სახელმწიფო ასევე მთლიანად უზრუნველყოფს ხუთ წლამდე ასაკის, ანუ სკოლამდელი ბავშვებისა და  პენსიონერთა სამედიცინო მომსახურებას. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იქნება სოციალურად დაუცველი ყველა ადამიანისთვის.

თითოეული მათგანი ისეთივე და იმაზე უკეთეს მომსახურებას მიიღებს, როგორიც ადრე მარტო ერთ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ეს არის თანასწორობის იდეა - ჩვენი ხალხის ინტერესები წამოვწიოთ წინ.

ყველა სირთულის მიუხედავად, ხალხმა უკვე იგრძნო შვება და ყველას იმედი გაგვიჩნდა.

აქ საუკეთესო ხალხი ცხოვრობს - მთელი კახეთი, თავის ხალხით არის ძალიან მშვიდი, მომთმენი, ყველაზე შრომისმოყვარე და გონებაგახსნილი, კარგი იუმორის გრძნობით...

ამას წინათ, ყვარლის სკოლაში ვიყავი, სადაც ახალი, „მომავლის კლასი“ გავხსენით. გავოცდი, როდესაც იქ მყოფ ბავშვებს თვალებში ჩავხედე. გამაკვირვა მათი ინტელექტის დონემ,  თითოეულ მათგანის გაბრწყინებულმა თვალებმა.

საოცარი ბავშვები არიან, არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა მოდის და თუ მათ გავუხსნით გზას, ყველანი საბოლოოდ დასვენებული და წარმატებული ვიქნებით.

რაც მთავარია, ამ ახალგაზრდებს, უპირველესად, იმიტომ უნდა გავუხსნათ გზა, რომ ძველი კორუმპირებული ჩინოვნიკები აღარასდროს აღარ დაბრუნდნენ და აზრადაც არასდროს არ გაივლონ, რომ როდესმე შესაძლებელი იქნება ქვეყნის და ხალხის ძარცვა.  

ჩემი გული ყველაზე მეტად პენსიონერებს, უფროსი ასაკის ხალხს ეკუთვნის, მაგრამ არაფერი ისე არ მიხარია, როგორც ამ შეხვედრებზე ახალგაზრდებისა და პატარების დანახვა.

როდესაც ეს პატარები გაიზრდებიან, ვერც კი მიხვდებიან რატომ გვიხაროდა ამ საავადმყოფოების გახსნა - უკვე ჩვეულებრივი რამ იქნება ისეთი საავადმყოფოები, როგორიც ჰოლანდიაშია, გვექნება იმაზე უკეთესი სკოლები, ვიდრე შვეიცარიაშია, ვიმგზავრებთ ისეთი გზებით, როგორც იაპონიასა და ამერიკაშია.

მაგრამ ჩვენ, ვისაც ცუდიც გვახსოვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პატარებს მხოლოდ კარგი ჩარჩეთ გონებაში. აი ეს არის მთავარი.

მათ არასდროს არ უნდა გაახსენდეთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვის პრობლემა გვქონდა; რომ უსაფრთხოების პრობლემა გვქონდა; არასოდეს არ უნდა გაახსენდეთ ის, რომ მთავრობას და, მით უმეტეს, ხვალინდელ დღეს ხალხი შიშით უყურებდა.

იმისათვის, რომ ეს დაგვავიწყდეს, მთავრობა დღეს როგორც არასოდეს, მუხლჩაუხრელად უნდა მუშაობდეს.

დიდ მადლობას გიხდით გამძლეობისთვის.

ამ საავადმყოფოში მოხვედრას არავის არ გისურვებთ, მაგრამ თუკი ვინმეს მაინც  დაჭირდება, აქ ძალიან კარგი ექიმები უმაღლეს დონეზე მოემსახურებიან; ყველამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ყოველთვის იქნებით დაცული და ყოველთვის ამოგიდგებით მხარში.

დიდი მადლობა! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)