Google+

სიახლეები

29.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში დანიელ იოჰანესთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ და სამომავლო ტრანშებს შეეხო. ამჯერად, მიხეილ სააკაშვილმა და დენიელ იოჰანესმა საქართველოს განათლების სისტემასა და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე, რომლის პროექტიც მიხეილ სააკაშვილმა კორპორაციის ხელმძღვანელს პირადად აჩვენა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შენობას ანალოგი მსოფლიოს მასშტაბით არ ექნება და მისი მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბერში დასრულდება. 

„ბოლო ორი წელია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ვთანამშრომლობთ და ჩვენი დიდი ამბიციაა, რომ საქართველოში გავხსნათ რომელიმე წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალი - ახალი ქართული უნივერსიტეტი, რომლის შტაბ-ბინა იქნება ბათუმში. სხვათა შორის, ჩვენ არ ველოდებით ამერიკელებს - უკვე დავიწყეთ მშენებლობა და მალე დავასრულებთ კიდეც. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორს, შეხვედრისას, ახალი უნივერსიტეტის პროექტი ვაჩვენე.  სექტემბერში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შენობას გავხსნით. ეს შენობა იქნება განათლების სისტემის დახვეწისა და გაუმჯობესების სიმბოლო. ამის პარალელურად, ვმუშაობთ  საუკეთესო  სკოლების გახსნაზე. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე ათეული სკოლა უკვე გავხსენით, მაგრამ საქართველოში ასეთი რამდენიმე ასეული უნდა იყოს. ამ საქმეში ამერიკელებიც დაგვეხმარებიან. წელს, ყველგან ვხსნით საავადმყოფოებს და მინიმუმ, ჩვენი რეგიონისთვის მისაბაძი ვართ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველომ შექმნა ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი უმაღლესი დონის შენობები. მომავალ წელს ასეთივე მისაბაძი უკვე სკოლების მხრივ უნდა ვიყოთ. რამდენიმე წლის წინათაც ვთქვი, რომ მოდერნიზაციის გეგმის თანახმად, არა მხოლოდ 2015 წელს, არამედ ჩემი  საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჩემი ამბიციაა, რომ საქართველოში იყოს  მსოფლიო კლასის ტექნიკით აღჭურვილი კლინიკები და სკოლები. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ახლა უკვე ამაში ამერიკელებიც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით, კომენტარი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა გააკეთა და მიღწეული შეთანხმების თაობაზე ისაუბრა. 
„საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ჩვენ იმ პროგრესზე ვისაუბრეთ, რომელსაც მეორე ხელშეკრულების ფარგლებში მივაღწიეთ. ამჯერად შეთანხმება უმაღლეს განათლებაზეა ორიენტირებული.  ჩვენ აღვნიშნეთ, რომ განათლების სფეროში საქართველომ უკვე მიაღწია პროგრესს და შეხვედრისას, იმ თემებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომლებზეც მომდევნო თვეების განმავლობაში ერთობლივად მოგვიწევს მუშაობა. შეხვედრის შედეგებით კმაყოფილი ვარ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა დენიელ იოჰანესმა.  
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა იმ წიგნზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსოფლიო ბანკის ინიციატივით გამოიცა და რომელშიც საქართველო წარმოდგენილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნის ნიმუში. 
„ძალიან მიხარია, რომ შემიძლია გაჩვენოთ მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემული წიგნი, რომელშიც საქართველო წარმოდგენილია კორუფციასთან ბრძოლის ნიმუშად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამით დაინტერესდა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ან აფრიკისა და აზიის ქვეყნების მთავრობები, არამედ დასავლეთ ევროპული რამდენიმე ქვეყნის მთავრობაც და ამასთან დაკავშირებით ანგარიშის მოსმენაც მოითხოვეს. მათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება სურთ, რაც ძალზე საინტერესოა. ამ მიმართულებით, საქართველო, მართლაც, მსოფლიო ბრენდი გახდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 
წიგნის პრეზენტაცია ვაშინგტონში 31 იანვარს გაიმართება.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)