საქართველოს პრეზიდენტმა დღეს წყალტუბოში კიდევ ერთი თანამედროვე საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული კლინიკის გახსნა მედპერსონალსა და მოსახლეობას პირადად მიულოცა. პრეზიდენტმა ჰოსპიტალი დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა პირველი პაციენტებიც მოინახულა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებითაც დაინტერესდა. მისი თქმით, ეს საავადმყოფოები სწორედ მათთვის გაიხსნა, ვისაც სახელმწიფოს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებსაც შეხვდა, მათ სიტყვით მიმართა და წყალტუბოს განვითრების გეგმა გააცნო. მისი განცხადებით, წყალტუბოში დევნილებისთვის სახლების მშენებლობა დაიწყო და მათი ნაწილი უკვე საკუთარ ბინებში გადადის. გამოთავისუფლებული სასტუმროების რეაბილიტაცია კი, პრეზიდენტის თქმით, სხვა პროექტებთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და წყალტუბოელებსაც გაუჩენს დასაქმების შესაძლებლობას. მათთან საუბრისას, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მოსახლეობის აზრია.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება წყალტუბოს აღმშენებლობაზეც გაამახვილა და რეგიონში ტურიზმის განვითრების პერსპექტივაზეც ისაუბრა.
„ჩემი ვარაუდით მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, მინიმუმ ორჯერ მეტი დამსვენებელი უნდა ჩამოვიდეს. იცით, რომ ჩვენ მთელი წყალტუბოს მასშტაბით დავიწყეთ წყლის სისტემის რეაბილიტაცია. მიკვირს, როგორ მოახერხეს კომუნისტებმა ამ ადგილისთვის წყალტუბოს დარქმევა ისე, რომ წყალი არ გაუყვანიათ. ჩვენ ამ საქმეში ფული ჩავდეთ და ქუთაისთან ერთად, წყლის მიწოდების გრაფიკი წყალტუბოშიც გაუმჯობესდა. 2013 წლის დამდეგს თითქმის ყველგან უკვე 24-საათიანი წყალმომარაგება გვექნება. ამას გარდა, ვიწყებთ შიდა გზების მოწესრიგებას. ეს ადგილი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აშკარაა, რომ აქ ძალიან დიდი პოტენციალია. წელს გავაკეთეთ საირმე, რომელიც სავსე იყო დამსვენებლებით და თუ ასეთი ეფექტის მიღწევა საირმეშია შესაძლებელი, წყალტუბოში უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ. ძალიან ბევრ ადამიანს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის მეგობარ სახელმწიფოებში ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ეს სახელწოდება და ვიდრე არ დავიწყებიათ, ამ სახელით უნდა დავუბრუნდეთ მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ხალხი და გაგვიჩნდეს მეტი შანსი, რომ გავზარდოთ შემოსავალი. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ მომავალ წელს საცხოვრებლად აქვე პარლამენტარებიც გადმოვლენ და მათი სახით ახალ მეზობლებსაც შეიძენთ. პარლამენტის გადასვლა ძალიან დიდი შანსია ქუთაისისა და მის გარშემო ადგილებისთვის, მათ შორის, უპირველესად, წყალტუბოსთვის, რომ გამოცოცხლდეს. აქ შეკრებილი ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი ტანჯვა - უპერსპექტივობა, სიღარიბე გამოიარეთ, შვილები უმძიმეს პირობებში გაზარდეთ. აქ ხართ, მათ შორის, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. ახლა უკეთესი ცხოვრების იმედი გაჩნდა, რომლის წართმევასაც ზოგ-ზოგიერთები ცდილობენ. თქვენ მყარად დგახართ ფეხზე და ამიტომ, ყველაფერი გამოგვივა“, - განუცხადა ადგილობრივებს პრეზიდენტმა.
სადაზღვევო კომპანია „ბი-სი-აი“-სა და „ბლოკ ჯორჯია“-ს მიერ რეაბილიტირებული ჰოსპიტალი 15-საწოლიანია და თანამედროვე ევროპული აპარატურითაა აღჭურვილი. კლინიკაში 70 ადამიანი მუშაობს, რომელმაც გადამზადების კურსი ქუთაისსა და თბილისში გაიარა.