Google+

სიახლეები

25.12.2011
მიხეილ სააკაშვილი: „თქვენ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები ხართ“

მოგესალმებით.

ჩვენი შეხვედრა მინდა სასიამოვნო ღონისძიებით დავიწყო.

ბულგარეთში გაიმართა ოლიმპიადა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ჩვენმა სამმა მოსწავლემ ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ეს იყო აღმოსავლეთ-ევროპული რეგიონალური ოლიმპიადა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რუსეთი, ყაზახეთი მონაწილეობდა. ჩვენმა ბავშვებმა ყველას აჯობეს და პირველი ადგილები დაიკავეს.

ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, როგორც ჩანს, საქართველოში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.

თქვენ იცით, რომ „ინტელის“ პირველი ქარხანა სწორედ ჩვენ ქვეყანაში ავაწყეთ. ეს საწარმო უშვებს კომპიუტერებს, რომლებსაც აწერია: „აწყობილია საქართველოში“.

ამ კომპიუტერებით მარაგდება, მათ შორის, ის სკოლები, რომლებშიც თქვენ ხართ.

არის იმის პერსპექტივაც, რომ ამ კომპიუტერების დეტალები თანდათან ქართული წარმოების ელემენტებით ჩავანაცვლოთ.

ამას გარდა, ვაშენებთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ უკვე მომავალი წლის შემოდგომით ბათუმში ეტაპობრივად დავიწყოთ ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა.

ასევე, ვმუშაობთ არსებული ტექნიკური უნივერსიტეტისა და არსებული ფაკულტეტების სრულყოფაზე, საინჟინრო და IT დარგების ზოგად განვითარებაზე. სკოლებში კი წავახალისებთ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის სწავლებას.

იცით, რომ ამ დარგებში ხალხს ხელფასებსაც ვუმატებთ.

ასე რომ, ეს ჩვენთვის ერთობლივი მუშაობის ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მსურს, საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ბავშვებს, საჩუქრად IPAD-ები გადავცე. ესენი არიან: ნიკა ნადირაძე - ოქროს მედალი, ნიკოლოზ სვანიძე - ოქროს მედალი და ჯიმშერ სხირტლაძე - ბრინჯაოს მედალი. მათ მასწავლებელს გიორგი მანდარიას კი სახსოვრად საათს ვჩუქნით.

ისინი, ვინც დღეს აქ ხართ შეკრებილი, საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებს ქართულ ენას ასწავლით.

როდესაც თქვენ ერთ ნაწილს შევხვდი, მაშინაც ვთქვი, რომ თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები.

დღეს არ გვაქვს უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფების ინტეგრაციაა, მათ მიერ იმის გათავისება, რომ ისინი არიან ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი და მათი ჩართვა საერთო სახელმწიფოებრივ პროცესში.

იმის მიუხედავად, რომ  ბოლო წლების განმავლობაში სხვა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, შობადობისა და  მიგრაციის პოზიტიური ბალანსი გვაქვს, ჩვენ მაინც პატარა, მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ.

ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს, საშუალება უნდა მივცეთ, რომ ჩვენი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი იყოს.

2008 წელს საქართველომ ჩააბარა გამოცდა ეროვნულ სიმტკიცეზე, ეროვნულ ერთიანობაზე. ეს არც ლეგენდაა და არც მოგონილი ამბავი. მაგალითად, ცხინვალის ტერიტორიაზე და ახალგორში, სადაც მაშინ მოწინააღმდეგის ტანკები შემოვიდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ეთნიკურად ოსი. მათმა უმეტესობამ იქაურობა დატოვა და დღეს იმ ხალხის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ომით დაზარალებულთა ბანაკებში ცხოვრობს, ოსური წარმომავლობის ჩვენი მოქალაქეები არიან.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როდესაც მოწინააღმდეგე შევიდა ჯავახეთში, იქ მას დახვდა  საქართველოს პოლიციის ადგილობრივი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც თითქმის 100 პროცენტით იყო დაკომპლექტებული ადგილობრივი კადრებით - სომხური წარმომავლობის მოქალაქეებით. თითოეული მათგანი მზად იყო საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დასაცავად გაეწირა თავი.

ქართულ ჯარში იბრძოდნენ და თავს წირავდნენ აზერბაიჯანელები, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების ადამიანები.

ეს ისტორიები არც პროპაგანდაა და არც სხვა რამ - ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამ ისტორიას ვერ მოიგონებ - ეს არის რეალობა.

ეს არის ის, რაც საქართველოს სრულიად უნიკალურ ქვეყნად აქცევს.

იმისათვის, რომ ყოველივე ეს განვამტკიცოთ, საჭიროა ამ ხალხს შანსი მივცეთ.

იმისათვის, რომ მათ თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ, მთავარი ბილეთი ხართ თქვენ, რადგან თქვენ მათ ქართულის ენის ცოდნას აძლევთ.  

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამ ადგილებში მუშაობთ. ვიცი, რომ დალხენილი ცხოვრება და მარტივი სამუშაო არა გაქვთ.

იმის მიუხედავად, რომ განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო, ზოგიერთი სოფელი, სადაც თქვენ მუშაობთ, ნამდვილად არ გამოირჩევა განსაკუთრებული კომფორტით.

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ცხოვრობს ძალიან მძიმე პირობებში; ვიცი, რომ ბევრგან გათბობის პრობლემაა, ასევე ვიცი, რომ ადგილობრივები ბოლო ლუკმას გიყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ  ხშირად ძალიან დიდ გაჭირვებაში არიან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს ხალხი ძალიან კარგად გიღებთ, რადგან, მართლაც, მგზნებარედ სურთ ქართული ენის შესწავლა და ქართული სახელმწიფოს ნაწილად ქცევა.

თუ მკითხავენ, რა არის ჩვენთვის ყველაზე დიდი სიამაყე, რით ვამაყობთ და რას მივაღწიეთ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ვიტყოდი: სწორედ ეს! ეს ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

ამ ადამიანებმა იგრძნეს, რომ არიან ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები და რამდენიც არ უნდა ეცადოს უცხო ქვეყნის ძალები ეს ხალხი გამოგვაცალოს, არაფერი გამოუვა. ბევრჯერ უცდიათ მათი სახით დასაყრდენის გამოცლაც და ქართული სახელმწიფოს ბოლომდე მოშლაც, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. ამით ძალიან ვამაყობ.

მომავალ წელს ქართველი იდეალისტების დიდი ჯგუფი შემოგიერთდებათ. 

ჩვენთან ჩამოვიდა რამდენიმე ათასი ამერიკელი, ავსტრალიელი, ახალზელანდიელი პედაგოგი, რომლებიც ხელფასის გარეშე მუშაობენ.

ეს მე სრულებით არ მიკვირს, რადგან საქართველოში ასეთივე იდეალისტები გვყავს - კიდევ უფრო თვალანთებული, კიდევ უფრო მოტივირებული და კიდევ უფრო განსაკუთრებული.

შესაძლოა, ვინმეს ეწყინოს კიდეც, მაგრამ თქვენ ნამდვილად საუკეთესო ქართველები ხართ -  თქვენ ყველაფერი მიატოვეთ და ამ საქმეს უძღვნით თავს.

თქვენ წახვედით სრულიად უცხო გარემოში და შესაძლოა, დისკომფორტსაც განიცდით, მაგრამ იცით ამას რისთვის აკეთებთ.

აი, ეს არის ნამდვილი თავდადება.

ასეთი ქართველები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ დღევანდელი ენთუზიასტები "ვარდების რევოლუციის" კლიმატმა წარმოშვა.

მათ აქვთ ახალი საქართველოს განცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში ვერავინ ვეღარ დაგვაბრუნებს - წარმოიშვა ახალი საქართველო, რომელიც სულ სხვა იდეალებზეა დაფუძნებული და რომელსაც სულ სხვა მოტივაცია ამოძრავებს.

ადრე ეთნიკური ნიშნით გვყოფდნენ. ეს იყო საბჭოთა რეჟიმის ფსიქოლოგია, რომლის ბოლო გაბრძოლების მოწმეებიც გავხდით, თუნდაც, ამ ბოლო მოვლენებისა და ჩვენს სამეზობლოში განვითარებული პროცესების ფონზე.

საბჭოთა კავშირში ვეღარ დაგვაბრუნებენ იმიტომაც, რომ თქვენი მეშვეობით შეიქმნა საქართველოს ახალი მრავალრიცხოვანი ჯარი.

ახლა მნიშვნელოვანია, თქვენი პრობლემები მოვაგვაროთ.

ჩვენ ახლა ყველგან, მათ შორის, ჯავახეთში ვაშენებთ გზებს. მთავარია, რომ რეგიონი, რომელიც ცალკე კონტინენტივით იყო გამოყოფილი უგზოობის გამო, უკვე დაუკავშირდა საერთო გზას. ეს თქვენ თავადაც ნახეთ.

ადრე იქ ჩასასვლელად, დაახლოებით  6–7 საათი იყო საჭირო. ახლა ძირითადი ტრასით  ჯერ ახალქალაქში ჩავდივართ, შემდეგ ნინოწმიდაში და ამისათვის ორ საათზე ნაკლები დროა საჭირო.

ეს წარმოუდგენელი, მართლაც, ისტორიული გარღვევაა.

როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი სვამს შეკითხვას: რისთვის არის ეს გზები? მინდა ვუპასუხო: ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია არის საქართველოს გაერთიანება.

ამის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, ყველა სოფლამდე მივალთ კარგი გზით და საქართველოში არც ერთ სოფელში არ უნდა იყოს ქალაქზე ცუდი საცხოვრებელი პირობები.

თქვენ ხედავთ, რომ ყველგან ვაშენებთ ისეთ საავადმყოფოებს, როგორიც ევროპის ბევრ დიდ ქალაქშიც არ არის.

ვაშენებთ ისეთ სკოლებს, როგორც არის იაპონიაში, კორეაში, ამერიკასა და სკანდინავიაში.

ყველაფერს ვაკეთებთ ქალაქებშიც, მაგრამ, უპირველესად, ვზრუნავთ სოფლებზე.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და არ არის აუცილებელი, რომ სოფლებიდან ყველა ქალაქებში გადმოვიდეს. შეიძლება, ხალხმა სოფლებიდანაც იაროს სამსახურში, რადგან მთელი  საქართველოს მასშტაბით იქმნება ინდუსტრიული ცენტრები.  ვქმნით ახალ კომპლექსებს ქარხნებს, არის გადაადგილების საშუალება, ყველგან მიგვყავს ბუნებრივი გაზი, დავამონტაჟეთ მაღალი ძაბვის გადამცემები...

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ვქმნით ახალ ცენტრებს, სადაც ხალხს დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა.

ერთ-ერთი ასეთი ცენტრი იქნება, სხვათა შორის, ჯავახეთში, რადგან იქ შენდება ძალიან დიდი სარკინიგზო კვანძი, რომელიც მომავალ წელს საქართველოს რკინიგზას ევროპულ რკინიგზასთან დააკავშირებს.

აქედან გამომდინარე, იქ ძალიან დიდი ტემპით ვითარდება ყველაფერი.

ჩვენ იქ ორი გზით შევედით, რომელთაგან ერთი ნამდვილი, ასფალტის გზაა, ხოლო მეორე განვითარების გზა. თქვენი მეშვეობით ჩვენ მესამე გზაც „გავიყვანეთ“, რაც ყველაზე მთავარია. ამიტომ, თითოეული თქვენგანი გზის მშენებელია.  

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს. წელს პირველად შეიქმნა ორენოვანი სახელმძღვანელოები.

ადრე მეზობელი ქვეყნებიდან შემოჰქონდათ სახელმძღვანელოები (სომხური, აზერბაიჯანული...) და ჩვეულებრივ, იმ პროგრამით გვიწევდა სწავლება, რომელიც, მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის სკოლებში იყო.

ჩვენ უკვე დავბეჭდეთ ორენოვენი სახელმძღვანელოები - ქართულად და აზერბაიჯანულად, ქართულად და სომხურად. ეს მხოლოდ ქართული ენის სახელმძღვანელოს არ შეეხება. ყველა საგნის სახელმძღვანელო ორენოვანია.

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები უკვე იქნება დარიგებული, ხოლო  მომავალ წელს მე-7-დან მე- 11 კლასების სახელმძღვანელოებიც გვექნება.

მომავალ წელს ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნება.  

მინდა გითხრათ, რომ მივიღე თქვენი მოსწავლეების საახალწლო მილოცვები, რომლებიც ბავშვებმა ქართულ ენაზე დაწერეს.  

ამ პროგრამას კვლავაც გავაგრძელებთ, მით უმეტეს, რომ ხალხის რაოდენობა ორმაგდება.

წინა წლებში ბევრი რამ ვცადეთ და მივხვდით, რომ გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს, ყველაზე დიდ იდეალისტებს და ყველაზე დიდ ენთუზიასტებს.

იშვიათად მინახავს ისეთი ანთებული თვალები, როგორიც თქვენ გაქვთ. გამოცდილება კი, ძალზე მნიშვნელოვანია.

სხვათა შორის, ჩვენ, ახლა პედაგოგების სერთიფიცირების პროგრამას ვახორციელებთ და მოსახლეობასთან შეხვედრებისას, განსაკუთრებით, საავადმყოფოების გახსნაზე შეკრებილთაგან ბევრი სერტიფიცირებული პედაგოგი მხვდება.

სხვადასხვა თაობის პედაგოგებში არიან ისეთებიც, რომლებსაც სურთ გადამზადება, უნდათ, რომ უკეთესად ასწავლიდნენ და სიახლეებს ეზიარონ.

ჩვენ ძალიან გონიერი ხალხი გვყავს. ამავდროულად, ძალიან მიხარია, რომ მასწავლებელთა რიგები ახალგაზრდობით ივსება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვინც ფლობს ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

აი, ახლა დავაჯილდოვეთ ბავშვები; უცხოეთის რამდენიმე საელჩომ გრანტებიც დააწესა და გამოთქვა სურვილი, რომ ქართველი ბავშვები უცხოეთში ინფორმაციული ტექნოლოგიების  განხრით სასწავლებლად წაიყვანოს.

ყველამ გაიგო, რომ საქართველოში ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ თქვენ საკუთარ ქვეყანას სჭირდებით - შესაბამისი პირობები აქაც შეიქმნება.

საქართველოში საუკეთესო პირობების იქნება საცხოვრებლად. პროგრესი უკვე ჩანს, მაგრამ  რამდენიმე წელიწადში, ბევრი ფაქტორის გამო, ყველაფერი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში.     

შესაძლოა, საშუალო შემოსავალი ჯერ კიდევ არ იყოს იმდენი, რამდენიც განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ინფორმატისა და სხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებს ძალიან მაღალი ანაზღაურება ექნებათ და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანაში იქნებიან.

კომპიუტერიზაციის დღევანდელი ტემპი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

ჩვენ მოგცემთ გრანტებს, ჩვენ დაგაფინანსებთ, ჩვენ გაგიშვებთ უცხოეთში სასწავლებლად და გვეცოდინება რომ არავის წინაშე არ გაქვთ ვალდებულება საკუთარი სამშობლოს გარდა.  

დღეს ყველამ, ამერიკამაც კი აღმოაჩინა, რომ აღარ ჰყავს ინფორმატიკოსები - ყველა იურიდიული და ეკონომიკური განხრით წავიდა.

როდესაც მე ვსწავლობდი ამერიკაში, იურისტები ჰაერიდან აკეთდებდნენ ფულს და, რა თქმა უნდა, ყველამ იურიდიულზე ჩააბარა.

ჩინელები, კორეელები, იაპონელები, აზიელები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ამერიკაში ჩავიდნენ და იქ არაპრესტიჟული სპეციალობები აითვისეს, მაგრამ როდესაც ეს სპეციალობები პრესტიჟული გახდა, ისინი საკუთრ ქვეყნებში დაბრუნდნენ და ამერიკას სპეციალისტები აღარ დარჩა.

ასეთი ნიჭიერი ხალხი ჩვენც გვჭირდება. ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვმეგობრობთ, მაგრამ დასაკარგი სპეციალისტები არ გვყავს. ჩვენს ახალგაზრდებს რამდენიმე ათეული შემოთავაზება ჰქონდათ, მაგრამ მიხარია, რომ წასვლაზე ყველამ უარი თქვა.

ჩვენი ხალხი საქართველოში უნდა დარჩეს.

ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანა დაცარიელდა და ყველაფერი, რასაც ვაშენებთ ფუჭად რჩება. ეს ასე არ არის.

საქართველოს აქვს მიგრაციის პოზიტიური ბალანსი - ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის.

რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ მიდიან ამ ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან ბევრი უკან ბრუნდება. რაც მთავარია, ახალგაზრდები აღარ მიდიან.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა ჩვენთვის. აი, თქვენც ხომ არ მიდიხართ აქედან?

ადრე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ძალიან ბევრი ჩვენი  მოქალაქე ტოვებდა საქართველოს, მაგრამ დღეს ასე აღარ ხდება. მათ სხვა უპირატესობები გაუჩნდათ, გაუჩნდათ  პერსპექტივა, რომ საუკეთესო, პოსტსაბჭოთა სივრცის სანიმუშო ქვეყანაში იცხოვრონ.

დღეს მათ შეუძლიათ სიამაყით უთხრან იმავე ეთნიკური წარმომავლობის, ოღონდ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს: „ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენ ქართველები ვართ“.

ამავდროულად, მათ გაუჩნდათ სიამაყის გრძნობა, რომელიც საქართველოს შეაკავშირებს.

უდავოა, რომ ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს; რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც სრული უპერსპექტივობის განცდა აქვს, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჩნდა  იმედი და ეს იმედი ყველამ ერთად უნდა ვაქციოთ რეალობად.

ზოგიერთი უცხოელი პედაგოგისთვის, რომელიც ჩვენ ინგლისური ენის სასწავლებლად ჩამოვიყვანეთ, სხვა ქვეყნის გარემოებებთან შეხება, გარკვეულწილად, კულტურული შოკია. ამას, რა თქმა უნდა, შესადარებლად არ ვამბობ, რადგან თქვენ მსგავსი კულტურული გამოცდილების მიღება არ გიწევთ, თუმცა გარკვეული ნიუანსები საქართველოს ყველა რეგიონს და ყველა ეთნიკურ ჯგუფს აქვს. ამ ნიუანსებთან გაცნობა ურთიერთობას კიდევ უფრო ამჭიდროებს.   

ძალიან ხშირად ვხვდები ახალგაზრდობას და საინტერესოა, რომ კუთხური კილო, რომელიც, სხვათა შორის, მე ძალიან მომწონს და მამხნევებს კიდეც, პატარებში თითქმის გამქრალია. ეს იმის გამო ხდება, რომ ახალგაზრდები ბევრს დადიან, ინტერნეტით აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ენის უნიფიკაცია ხდება.

თავადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, 17, 18, 19 წლის ახალგაზრდებს აქცენტი თითქმის აღარ აქვთ. თავისთავად, კუთხური კილო პირადად მე ჩვენს სიმდიდრედ მიმაჩნია, მაგრამ ეს იმას მიანიშნებს, რომ შეკავშირება და უნიფიკაცია ხდება.

სხვათა შორის, ეს მარტო ეთნიკურ ქართველებზე არ უნდა გავრცელდეს - ეს ასევე უნდა გავრცელდეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებზე.

ის პროცესი, რომელიც ახლა თქვენთან ერთად მიმდინარეობს, მართლაც, ისტორიული და  რევოლუციურია. მთავარია, რომ ეროვნული ორგანიზმი იყოს ძალიან ძლიერი და ჯანსაღი, რათა ყოველგვარ ჩარევაზე იმუნიტეტი გამოიმუშავოს.

ოქტომბერში ბათუმში ვიყავი, ჯერ კიდევ თბილოდა. ავტობუსი გაჩერდა და ბავშვები ჩამოვიდნენ - უფროსკლასელები იქნებოდნენ. სურათებს იღებდნენ და საუბრისას ოდნავ დაკრავდათ კილო. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან იყვნენ. აღფრთოვანებული დავრჩი - ყველა ქართულად ლაპარაკობდა.

სხვათა შორის, ეს ჯერჯერობით, ამ პროგრამის შედეგი არ არის. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ქართული ენის დანერგვის მისწრაფება და სურვილი მათ უკვე გაუჩნდათ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

ის, რაც ამ შეხვედრისას თითოეულმა თქვენგანმა აღწერა, არის ისტორიული პროცესი, რომლის მონაწილეებიც ყველა ერთად ვართ. თქვენს შვილიშვილებს შეგიძლიათ თამამად მოუყვეთ, რომ ჩვენ საქართველო ერთიან ეროვნულ ორგანიზმად შევკარით და ამ საქმეში ძალიან გადამწყვეტი  როლი შევასრულეთ. ეს ბევრს წარმოუდგენელი ეგონა.

ძალიან კარგად ვიცი, როდესაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ამ მიმართულებებით დავიწყეთ მოძრაობა, ყველა იმ რეგიონში, სადაც თქვენ მუშაობთ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს კონფლიქტებისა და ომის თემაზე უამრავი გრანტი ჰქონდათ გამოყოფილი და დღედღეზე ელოდნენ როდის დავეტაკებოდით ერთმანეთს, როდის ავფეთქდებოდით და როდის დაიშლებოდა საბოლოოდ ქვეყანა იმ სცენარით, რომელიც ვლადიმერ ჟირინოვსკიმ არაერთხელ აღწერა.

მათ იმედები გაუცრუვდათ - ამჟამად, ყველა ეს ორგანიზაცია დახურულია, ხოლო ყველა გრანტი გაუქმებული.

თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, საქართველო კონფლიქტების რუკაზე აღარ არის.

ოკუპაციის თემა ბევრად უფრო დიდია. ოკუპირებულ რეგიონებში თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეს ძალიან დიდი გამოძახილი აქვს.

ცხინვალში პრაქტიკულად აღარ არის მოსახლეობა, თუმცა თავად ამტკიცებენ, რომ 17 ათასი მოსახლეა. სამწუხაროდ, შეიძლება, 17 ათასის მესამედიც აღარ იყოს დარჩენილი, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის ყველა მათგანი ძალიან ძვირფასია.

აფხაზეთში დაახლოებით 80-90 ათასია ადამიანია და თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ისინი კარგად და სულ უფრო მეტად ხვდებიან ყველაფერს თუ რა ინტეგრაციულ პროცესებს  უწყობთ თქვენ ხელს.

მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ დიდი მადლობა მობრძანებისთვის.

მსურს, ყველას დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი საჩუქარია ის, რასაც თქვენ აკეთებთ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ურთულეს პირობებსაც არ შეუშინდით და  დაწყებულ საქმეს აგრძელებთ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ ცხოვრებაში.

დიდი მადლობა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)