Google+

სიახლეები

26.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის განახლებული შენობა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში დღეს სამხარეო ადმინისტრაციის განახლებული შენობა გახსნა, რომელშიც განთავსდება მხარის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საკრებულო და გამგეობა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი შენობა ადგილობრივ მოზარდებს დაათვალიერებინა და მათი პრობლემებითაც დაინტერესდა. მათთან საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სკოლების რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია და რეგიონის განვითარების პროექტის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურაც მოეწყობა.  

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და ყურადღება ქვეყნის აღმშენებლობაზე გაამახვილა. საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნო, რომლებიც ახალციხეში უნდა განხორციელდეს. როგორც მან განაცხადა, ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული და მოუვლელი იყო.

"ახალციხე, ჩვენი გადაწყვეტილებით, უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და საქართველოს მთავარი სიამაყე, საქართველოს ახალი აღმშენებლობის მთავარი გვირგვინი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ყველაფერი რაც საქართველოში შენდება, კეთდება ხალხის სახელით, ხალხისთვის და მომავალი თაობებისთვის.   

„ის, გამოცდილება, რომელიც საქართველოს ქალაქების განახლებისა და მშენებლობის დროს შევიძინეთ ახლა ახალციხის ასაღორძინებლად უნდა გამოვიყენოთ, რათა ახალციხე საუკეთესო ადგილი გახდეს, უპირველესად, თქვენთვის და დანარჩენი საქართველოსთვის.  ახლა რაბათის, ახალციხის ციხე-სიმაგრის აღდგენა მიმდინარეობს, რომელიც შუასაუკუნეების უმნიშვნელოვანესი ძეგლია  არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. ხალხი აქ იმსახურებს, რომ ბევრად უკეთესად იცხოვროს და მე არ დამვიწყებია დაპირება, რომელიც 2007 წლის დამლევს მოგეცით.  მაშინ ძალიან ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ეპოქა დაწყების გარეშე დასრულდებოდა. თუმცა მაშინ თქვენ მითხარით, რომ ჩვენ ერთად ავაშენებდით ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ და მომავალშიც გავიმარჯვებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეპოქაში იქმნება ის, რაც რვა საუკუნის განმავლობაში არ შექმნილა. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ახალი ხატი „საქართველოს იმედი“, რომელიც გუშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა პირადად აჩვენა, ამ პერიოდში შემთხვევით არ შექმნილა და ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში დღეს ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, აღმშენებლობა დაწყებულია და მსგავსი ხატებიც ქვეყანაში ოქროს ხანაში - დავითისა და თამარის ეპოქაში იქმნებოდა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)