საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ეროვნული მეჯლისის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თურქეთის ეროვნული მეჯლისის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო, რომელთა შორის ქვეყნის მმართველი პარტიის "სამართლიანობისა და აღორძინების“, ასევე, სახალხო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მილიმეჯლისის წევრებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობასა და ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების, სავიზო მიმოსვლისა და ქვეყანაში მზარდი თურქული ინვესტიციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებულად გამოყო ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორისა და ორი ქვეყნის ლიდერსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებობს. „საქართველოსთვის ორმხრივი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას და კიდევ ერთხელ აღნიშნა თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობის თაობაზე.
„შთამბეჭდავ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის გატარების მეშვეობით თურქეთი სულ უფრო გადამწყვეტ პოზიციას იკავებს რეგიონალურ და მსოფლიო პოლიტიკაში. თქვენი ქვეყანა საქართველოს ურყევი მეგობარია. ბოლო წლებში მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენს შორის არის არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არამედ თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შეუძლიათ, რაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, მართლაც, სამაგალითოა. ბათუმის აეროპორტი ერთობლივი ექსპლუატაციის არის ისევე, როგორც ჟენევის აეროპორტი საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის. ესეც ძალზე მნიშვნელოვანი პრეცენდენტია. დღეს ვიყავი ბათუმში და ვნახე, რომ ერთმანეთის გვერდით ორი აერობუსი იდგა - ანკარისა და სტამბულის რეისები ერთდროულად ხორციელდებოდა. ამის წარმოდგენა ცოტა ხნის წინათ შეუძლებელი იყო. სრულდება ყოველდღიური რეისები, თურქეთიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით მალე დღეში რამდენიმე რეისი შესრულდება. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს ტურისტების, ბიზნესმენების, შესამაბისად, ფულის მოძრაობას, ე.ი. ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას ორივე მიმართულებით. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ქვეყნებს შორის სულ უფრო მკვეთრად იზრდება ვაჭრობა ორივე მიმართულებით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. საქართველოში თურქული ინვესტიცია დიდი რაოდენობით შემოვიდა, ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის, თურქეთიდან შემოსული ფულით, თურქული კომპანიების მონაწილეობით. დიდი ინვესტიცია იდება ახალი ჰესების მშენებლობაში, რომლებიც, თავისთავად, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და გააქვს ასევე თურქეთის ბაზარზე. ეს საქართველოში დასაქმების საშუალებას აძლევს ხალხს, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ურთიერთობებისთვის კი, ახალ პერსპექტივას ქმნის. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ისიც, რომ თურქეთის ბევრ მოქალაქეს ქართული წარმოშობა აქვს და თურქეთის ეს ლოიალური მოქალაქეები წარმოადგენენ ხიდს ჩვენ ორ ქვეყანას შორის. ისინი ძალიან მნიშვნელოვნად აკავშირებს ჩვენი ხალხისა და ერების, ჩვენი სახელმწიფოების ბედს. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ თურქეთი ყოველთვის განუხრელად იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე და მუდმივად გამოხატავდა მხარდაჭერას ძალიან რთულ ვითარებაშიც კი.
მოხარული ვარ, რომ პირადად მე ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებს პრემიერ–მინისტრ ერდოღანთან და პრეზიდენტ აბდულა გიულთან. ისინი საქართველოს უდიდესი გულშემატკივრები არიან და იმედი მაქვს, პარლამენტებს შრის ურთიერთობის განვითარება სტრატეგიულ ხასიათს შეიძენს. ვფიქრობ, ორი ქვეყნის პარლამენტის დასაახლოებლად, გასაკეთებელი ბევრად მეტია, რადგან ეს ხალხების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა. იმის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის უკვე ძალიან დიდი კავშირია, ვფიქრობ, ახლა დგება პერიოდი, როდესაც თურქეთმა ხელახლა უნდა აღმოაჩნოს საქართველო, არა უბრალოდ ისტორიული კავშირების გამო, არამედ როგორც ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანა, ძალზე საინტერესო მეზობელი და პარტნიორი ორივე ერისთვის ურთიერთხელსაყრელი, სასარგებლო ურთიერთობებისთვის. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის თურქეთთან ამ ორმხრივ ურთიერთობას სასიცოცხლო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენთთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის ეროვნული მეჯლისის 21-კაციანი დელეგაცია ბათუმში გაემგზავრა.