სიახლეები
25.11.2011
მასწავლებლის სახლში მიხეილ სააკაშვილი გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მასწავლებლის სახლში დღეს გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა და ის ინიციატივები და პროექტები გააცნო, რომლებიც საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხალხის გადამზადების აუცილებლობაზე ისაუბრა. პედაგოგებს მან ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად, გლდანის რაიონში აშენდება პროფესიული გადამზადების ცენტრი, სადაც მსურველები ახალ პროფესიებს დაეუფლებიან. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასწავლებელს იგი პირადად უხელმძღვანელებს და მუშაობის პროცესშიც აქტიურად ჩაერთვება. პრეზიდენტმა სასწავლო დისციპლინებთან დაკავშირებით მასწავლებელთა მოსაზრებები მოისმინა და მათგან რჩევებიც მიიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა კვლავაც უმუშევრობაა, ახალი პროფესიების ათვისება კი, ხალხს დასაქმებაში დაეხმარება.
გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითზეც გაამახვილა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკისა და ფიზიკის იმ მასწავლებლებს, რომლებიც ამ საგნებში ტესტირებას გაივლიან, ხელფასი 75 ლარით გაეზრდებათ. პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია ტექნიკური დარგების განვითარება და ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ სწავლა ამ მიმართულებებით განაგრძონ, რისთვისაც ხელისუფლებას მათი წახალისების პროგრამაც აქვს შემუშავებული.
ქვეყნის პირველი პირი სკოლების კეთილმოწყობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, გლდანის სკოლების რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება, რათა ამ რაიონის სკოლებში ინფრასტრუქტურის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას.
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ყველა ასაკის ადამიანი უნდა ჩაერთოს. პრეზიდენტმა თბილისის გარეუბნების რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყველა რაიონი ისევე უნდა გალამაზდეს, როგორც აღმაშენებლის გამზირი და რიყის მიმდებარე ტერიტორია.