Google+

სიახლეები

26.05.2011
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ აღლუმზე

პატივცემულო ბატონებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ, უცხოური დიპლომატიური მისიების პატივცემულო ხელმძღვანელებო, წმინდა სინოდის პატივცემულო წევრებო, საქართველოში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებო, ჩემო მოქალაქენო! 

დღეს, XXI საუკუნის მეთერთმეტე წელს ჩვენი ქვეყანა მეოცეჯერ აღნიშნავს თავის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მეოცე წელია ჩვენი ქვეყანა ამ დღეს ხვდება, როგორც სუვერენული სახელმწიფო.

მეოცე წელია, რაც თავისუფლება არის არა რაღაც მიუწვდომელი მიზანი, რომელზეც  მხოლოდ ოცნება შეგვიძლია, არამედ ჩვენი ცხოვრების რეალობა, რასაც სიცოცხლის ფასად სჭირდება  დაცვა.   

ადამიანის წარმოსახვის ფარგლებს სცდება იმის გააზრება, თუ რამდენად ნეტარი იყო ჩვენი ხალხის ისტორიული სწრაფვა თავისუფლებისაკენ...

განუზომელია ჩვენი გმირი წინაპრების სისხლში, ოფლსა და ცრემლში ასწლეულების განმავლობაში ნაწრთობი თავგანწირვა ქართული სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად.

ისტორიული მასშტაბით, 20 წელი ერთი პატარა წამი, ერთი პატარა გაელვებაა.

მაგრამ სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, თუ რამდენად დიადი და ეს საოცარია მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის ეს ორი ათწლეული ...

თავად განსაჯეთ - ისტორიის განმავლობაში საქართველო 20 წლით ზედიზედ  დამოუკიდებელი იყო 1465 წელს.

546 წელია ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია თავისუფლების ერთად აღებული 20-წლიანი მონაკვეთი.

ნახევარ ათასწლეულზე მეტია - ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიცოცხლის ხალნგრძლივობა არ ყოფილა ისეთი ხანგრძლივი, როგორც დღეს.

ეს ისტორიული ფაქტი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს -

მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი ისტორიის ერი ვართ და, ამავდროულად, მოგვითხრობს, თუ რამდენად ახალგაზრდაა ჩვენი სახელმწიფო.

მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დაუშრეტელია ჩვენი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ და, ამავდროულად, მოგვითხრობს, თუ რამდენად დიდი ტრაგედიებით იყო სავსე ჩვენი თავგანწირული ბრძოლა ჩვენი გადარჩენისთვის, არსებობისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მონაპოვარია სუვერენიტეტის ოცი წელი დღეს ჩვენთვის და, ამავდროულად, მოგვითხრობს, თუ რამდენად მოსაფრთხილებელია ის, რაც დღესდღეობით გვაქვს.

რეალურად, ჩვენ მხოლოდ ახლა ვქმნით ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციას; ახლა ვუყრით ფუნდამენტს სუვერენულ ქართულ სახელმწიფოს...

სკეპტიკოსებისთვის ძალიან ადვილია წუწუნი და ქილიკი იმ ხარვეზებზე, რომლებიც ჯერაც აქვს ქართულ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ასეთი ხარვეზები არის.  

შესაბამისად, ჩვენ ახლა ვაყალიბებთ ქართულ მოქალაქეობრივ ტრადიციას, საკუთარი სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ორმხრივი პასუხისმგებლობის კულტურას.

ჩვენ ახლა ვეჩვევით აზრს, რომ ვცხოვრობთ საკუთარ სახელმწიფოში და არა დამპყრობლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ახლა ვაცნობიერებთ, რომ სისტემა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს, არის არა თავს მოხვეული რომელიმე უცხო ძალის მიერ, არამედ მას ვქმნით ჩვენ, ჩვენი ხელებით - საკუთარი შვილების, ოჯახების და ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ახლა ვაცნობიერებთ,  როგორც საზოგადოება, რომ კანონის უზენაესობა იმპერიის მორჩილების ნაცვლად, საკუთარი სამშობლოს წარმატებასა და გაძლიერებას ნიშნავს.

ახლა ვისისხლხორცებთ, რომ სამხედრო სამსახური არის არა ოკუპანტის, უცხო ჯარში სამსახური,   არამედ პატრიოტიზმისა და სამშობლოსათვის თავდადების უმაღლესი გამოვლინება.  ეს არის ჩვენი არმია, ჩვენი ძალა, ჩვენი სისხლი და ხორცი და სამშობლოს დაცვა ყოველი ჩვენგანის ვალია.

ჩვენ ახლა ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებას სჭირდება კანონის უზენაესობის დაცვა. კანონის უზენაესობის გარეშე არ არსებობს არც წესრიგი და არც დემოკრატია.

მეტიც, ჩვენ ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში, პირველად გვყავს ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალი საქართველოს შვილებად; რომლებმაც სამხედრო სკოლა გაიარეს დამოუკიდებელ საქართველოში,  რომელთაც სხვა სახელმწიფოს სამსახური არ უნახავთ და ესეც უნიკალური მონაპოვარია.

და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობის მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი ხალხი აღმოჩნდა უსაზღვროდ ნიჭიერი, უსაზღვროდ მონდომებული და უსაზღვროდ წარმატებული, როგორც ერი, რომელიც ახლა აშენებს საკუთარ სახელმწიფოს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს თავზე გადაიარა ყველა ქარიშხალმა, რისი წარმოდგენაც კი შეიძლებოდა.

ჩვენ გამოვიარეთ ქაოსისა და განუკითხაობის, ნგრევისა და სისხლისღვრის, სიბნელისა და შიმშილის, სამოქალაქო დაპირისპირებებისა, შიმშილის და სამამულო ომების ქარცეცხლი.

ამ ოცი წლის განმავლობაში ჩვენს ისედაც ჩვილი ბავშვივით უსუსურ სუვერენიტეტს, მრავალჯერადად, სხვადასხვა მზაკვრული მეთოდებითა და სულ უფრო დაუნდობელი ძალით ესხმის თავს ბევრად უფრო დიდი სამხედრო ძალისა და შეიარაღების მქონე თავზეხელაღებული მეზობელი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, აღიდგინოს თავისი იმპერია და ამას საფუძველი უნდა ჩაუყაროს სწორედ საქართველოში.

ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ, როგორც ერმა, ვიწვნიეთ გამოუცდელობითა თუ გულუბრყვილობით განპირობებული ყველა შესაძლო შეცდომის სიმწარე. ჩვენ ვიგრძენით უამრავი არასწარად გადადგმული ნაბიჯების გამოცდილება...

ჩვენ გამოვიარეთ არალეალური მოლოდინებისა და მათი დრამატული მსხვრევის მტკივნეული ეტაპები... გამოვცადეთ როგორია დაენარცხო ფსკერს, მაგრამ მაინც წამოდგე, წელში გაიმართო და დაიწყო ზემოთ ამოსვლა. არაერთხელ, აუტანელი სიცხადით შევიგრძენით გულაცრუება და უიმედობა...

მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენ, როგორც ერმა, შევძელით წარმოუდგენელი გამძლეობის, წარმოუდგენელი ნებისყოფისა და შემართების დემონსტრირება.  

შემართებისა, რომლის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, რომ დღეს ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპებით, მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოდ ვაშენებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

ამ მონდომების შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით წესრიგის დამყარება და ერთად ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, რომელიც დაიცავს საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს კრიმინალისა და უსამართლობისგან; რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას და მის წინაშე თანასწორობას...

ვერასდროს ორგანიზებული დანაშაული, კანონიერი ქურდების ბატონობა და ქუჩის შავი მენტალიტეტი ვეღარ დაბრუნდება საქართველოს ქუჩებში, საქართველოს სკოლებში და  საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებში. რამდენიც არ უნდა გვერბძოლოს კრიმინალების, ორგნიზებული დანაშაულებრივი სისტემის რეციდივებმა, პოლიტიკოსებად ქცეულმა ყოფილ კრიმინალებთან შეკრულმა ადამიანებმა, საქართველო იმ განუკითხაობაში უკან აღარასდროს დაბრუნდება.  

ამ ნებისყოფის შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით ტოტალურად კორუმპირებული, არშემდგარი სახელმწიფოს გარდაქმნა ერთ-ერთ ყველაზე სუფთა, ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ.

ამის შედეგია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა, არ დავთმეთ ჩვენი ეროვნული ღირსება. დიდი ზეწოლის მიუხედავად, ავაშენეთ ძლიერი ქართული არმია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს, არამედ ცივილიზებული კაცობრიობის მხარდამხარ ღირსეულად იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ ომში.

ჩვენი ერის განსაკუთრებული სიბრძნისა და წინდახედულობის შედეგია ის, რომ მყარად ვადგავართ ჩვენს კურსს დასავლური, ევრო-ატლანტიკური ფასეულობებისკენ; რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი ურყევი და თანმიმდევრულია; რომ ჩვენი გეზი ორიენტირებულია მხოლოდ დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროსკენ. შედეგად კი ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო თანდათან სულ უფრო და უფრო იძლიერებს პოზიციებს დასავლურ და ევროპულ ცივილიზაციაში; ცივილიზაციაში, რომელსაც ჩვენ ისტორიულად ვეკუთვნით. 

ძვირფასო მეგობრებო,

დამოუკიდებლობის ოცი წელი, ერთბაშად, ძალიან ცოტაც არის და ძალიან ბევრიც.

დღეს ჩვენ აღარ ვართ იმ უფსკრულში, რომელშიც ვიყავით 20 ან თუნდაც 10 წლის წინათ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე საბოლოოდ გავივაკებთ.

ჯერ ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ვერ დაიხსნა თავი გაჭირვების, უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების მარწუხებიდან.

ჯერ ჩვენი სახელმწიფო ვერ ახერხებს თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის სათანადოდ უზრუნველყოფას.

ჯერ კიდევ ძლიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ ერთად, რომ გარანტირებულად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფოს ურყევი დემოკრატიული ინსტიტუტები და შევქმნათ ცივილიზებული, ევროპული პოლიტიკური ტრადიცია.

ჩვენი ქვეყანა ჯერ ისევ იბრძვის კუთვნილი ადგილის მოსაპოვებლად საერთაშორისო სისტემაში.

ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანი ჯერაც არის საქართველოს გამთლიანება და მისი სრული დეოკუპაცია. 

თითოეული ამ გამოწვევის მიღება ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის ტიტანურ ძალისხმევას საჭიროებს.

მაგრამ ჩვენი ათასწლოვანი ისტორია, ჩვენი ეროვნული პოტენციალი, ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაგროვილი ჩვენი ცოდნა და გამოცდილებაა.  

ჩვენი გამძლეობა და შეუპოვრობა, მხოლოდ ერთის მანიშნებელია:

რომ საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი!

საქართველო იქნება წარმატებული!

საქართველო, მტრის ყველა ხრიკის მიუხედავად, საბოლოოდ, გამარჯვებული იქნება!

და საქართველო, როგორი პროვოკაციებიც არ უნდა განხორციელდეს, როგორი წნეხიც არ უნდა იყოს, როგორი მუქარებიც, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს საქართველო იქნება თავისუფალი!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და ერის მფარველი!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)