სიახლეები
22.04.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში ახალი სარადარო სისტემა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში ახალი რადარი ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ახალი სისტემა საფრენი აპარატის სიგნალს 500 კილომეტრის რადიუსში, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში იჭერს. რადიოსალოკაციო სადგურის დათვალიერებისას, რომელიც უახლესი ტექნიკით ფრანგულმა კომპანია „თალესმა" აღჭურვა, საქართველოს პრეზიდენტი ტულუზაში მყოფ 16 ახალგაზრდასაც გაესაუბრა, რომლებიც იქ საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტში სწავლობენ. ახალგაზრდები, რომლებიც ამ საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელში იღებენ განათლებას, საქართველოს რეგიონებიდან არიან. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შერჩევის ასეთი მეთოდი გამართლებულია, რადგან მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობა სწორედ რეგიონებში მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტი ფრანგი სტუმრებისა და ადგილობრივი აუდიტორიის წინაშე სიტყვითაც წარსდგა. მიხეილ სააკაშვილმა ამ სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საფუძველს უყრის ფოთის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ბათუმს, ანაკლიასა და მესტიას მთელ მსოფლიოსთან დააკავშირებს. მისი თქმით, ფოთის აეროპორტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ტურისტების მოზიდვას. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს ფოთის პორტში დიდი ინვესტიცია ჩაიდება, ფოთშივე იგეგმება დიდი ქარხნებისა და საწარმოების გახსნაც. ამას გარდა, მან საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში საფრანგეთს დიდი წვლილი მიუძღვის.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრიც გამოვიდა. ტიერი მარიანმა ყურადღება საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობისა და საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრაგეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრებში, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. მისი თქმით, საფრანგეთი კმაყოფილია იმ ურთიერთობითაც, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის დამყარდა და დღითი დღე ღრმავდება.
„ის პოლიტიკური, ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ღრმავდება, განსაკუთრებულია და მუდმივად ვითარდება. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოდერნიზაციის პროცესს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვაფასებთ იმ შრომას, რომელიც ყოველი ვიზიტისას უფრო და უფრო პროგრესირებადი ხდება", - განაცხადა მან.
საქართველოს ახალი სარადარო სისტემა სრულად აკმაყოფილებს „იკაოს" სტანდარტებს.