Google+

სიახლეები

18.04.2011
მიხეილ სააკაშვილი ტაძრისის ახლადაშენებულ სკოლაში სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას.

ჯერ ერთი, მინდა მოგილოცოთ ახალი სკოლის გახსნა. ვიცი, რომ აქ უკვე რამდენიმე კვირაა სწავლა მიმდინარეობს.

მახსენდება 2008 წლის ომის ცხელი ფაზის დაწყების შემდეგ, როდესაც ეჭვქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი და ჩვენი ტერიტორიის ბევრად მეტი ნაწილი იყო ოკუპირებული, ვიდრე ამჟამად აქვს დაკავებული მტერს, ჩემთან შევიკრიბეთ და მაშინაც კი ჩემთვის ძალზე პრინციპული მოთხოვნა იყო ის, რომ არ შეგვეჩერებინა სკოლების მშენებლობა და საგანმანათლებლო პროცესი; გაგვეგრძელებინა ის, რასაც დაგპირდით და ძალზე მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციები ჩაგვედო განათლებაში. ეს, რა თქმა უნდა, შეგნებულად გაკეთდა.

თქვენი სოფელი ძალიან ბევრ ქართულ სოფელს ჰგავს ჯერ კიდევ ძალიან დიდი ეკონომიკური გაჭირვებით, ნაწილობრივ უგზოობით და უამრავი მოუგვარებელი სოციალური პრობლემით. ერთია, შევეგუოთ არსებულ მდგომარეობას - ვთქვათ, რომ ეს არის მოცემულობა და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება; და მეორეა ის, რომ აქ მყოფ ბავშვებს მივცეთ შანსი, ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიონ, სიღატაკე გადალახონ, არასდროს ჰქონდეთ საკუთარი საკუთარი ოჯახების გამოკვების პრობლემა, მოერგონ და ალღო აუღონ ახალ ცხოვრებას და მიაღწიონ წარმატებას.

ვითარება ძალზე კონკრეტულია, მაგრამ, ამავდროულად, მას ჭირდება განზოგადება.

2008 წლის აგვისტოში საქართველომ დამოუკიდებლობის ომის ცხელი ფაზა აწარმოა. ჩვენ დაგვესხნენ თავს და მას შემდეგ, რაც ეს დიდი ომი მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი ბევრად უფრო ჩქარა და ბევრად უფრო შეუქცევადად წავიდა.

ჩვენმა მტერმა დასახული მიზნის სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. მან ომი დაიწყო იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მოეღო  ბოლო,  და, რეალურად, ამ ომის შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობის გზაზე უკვე შეუქცევადად შემდგარი ქვეყანა, ბევრად უფრო დაჩქარებული პროცესები. მათ დაიპყრეს ჩვენი ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი, ძვირფასი და განუყოფელი ნაწილი - ჩვენი შავიზღვისპირეთის ორ მესამედზე მეტი, მაგრამ რუსეთმა, ამ ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარებით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის იდეას.

რეალურად, ამ დაპყრობილ ტერიოტორიაზე ის საბჭოთა კავშირის რეანიმაციას ცდილობს, მაგრამ, ამავდროულად, საბოლოოდ დაკარგა საქართველოში საბჭოთა კავშირის რეანიმაციის შანსი. შესაბამისად, საბოლოოდ დაკარგა იმის შანსი, რომ საქართველო როდესმე დაუბრუნდეს იმპერიის წიაღს. საქართველო, რომელიც განამტკიცებს საკუთარ დამოუკიდებლობას, რა თქმა უნდა, მოახერხებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. ეს შეუქცევადია და ჩვენი მოწოდებაა. ამ საქმეში მხარს გვიჭერს დანარჩენი მსოფლიო.

დამოუკიდებლობა ბევრი ელემენტისგან შედგება და ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი ქვაკუთხედი არის განათლების სისტემა. ჩვენი ბავშვებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ აქ აკეთებთ, ვიდრე უბრალოდ რაღაც სახელმძღვანელოების გაზიარება.

ჩვენ ვქმნით ახალ ქართულ სახელმწიფოებრიობას, ქართული სახელმწიფოებრიობის ახალ, აქამდე არარსებულ იდენტურობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მშენებარე განათლების სისტემა, პერსპექტივის თვალსაზრისით, ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისაა, ვიდრე, თუნდაც, ნებისმიერი  სახელმწიფო მოღვაწის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ნებისმიერი პარლამენტარის, პარლამენტის, პრეზიდენტის საქმიანობა.

ჩვენ ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც მკვეთრად განასხვავებს და სახელმწიფოებრივად სრულიად ახალ მენტალიტეტს წარმოშობს საქართველოში.

რას ნიშნავს ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება? ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებაა ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვემშვიდობებით კორუფციას, რადგან ის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთთან, საბჭოთა კავშირსა და იმპერიულ სივრცესთან არის დაკავშირებული.

აი, დღესაც კი, ბევრ ადამიანს არ ესმის როგორ შეიძლება იყო თანამდებობაზე და არ იყო კორუმპირებული. ხშირად ამბობენ: ვიცით, რომ კორუფცია აღარ არის ქუჩებში, მაგრამ ის სადღაც უნდა იყოს; ნუთუ აფუჭებენ ამ ადგილებს ეს ბედოვლათები - სააკაშვილი და მისი მინისტრები?

ჯერ ერთი, ვერც ერთ პოლიციელს, ვერც ერთ პროკურორს, ვერც ერთ გამგებელს ვერ მოსთხოვ იყოს პატიოსანი, თუ თავად არ ხარ პატიოსანი. ვისი მეშვეობით უნდა გააკეთო ფული? სწორედ ამ პოლიციელის, პროკურორის, ან გამგებლის.

თევზი თავიდან ყარს და მთელი ეს ზღაპრები „სადღაც" არსებული კორუფციის შესახებ სწორედ იმ მენტალიტეტს ემყარება, რომ ეს ქვეყანა ჩვენი არ იყო. ამიტომ, თუ მოპარავდი ვინმეს და ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა პოლიტბიურო, ჩახვიდოდი იქ კონიაკებით,  ფონდებს გამოიტანდი და რასაც წაგლეჯდი, შეგრჩებოდა. თუ სხვასაც გაუყოფდი კარგი კაცი იქნებოდი, ხოლო თუ შენ მიითვისებდი, პრინციპში, მაინც არ იქნებოდი ცუდი  - მათ ხომ წაგლეჯდი. სწორედ ეს ფსიქოლოგია გამოცვალა დღეს თანამედროვე თამაშის წესებმა.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კორუფციის გადალახვაზე, მარტო ის არ კმარა, რომ ქრთამს არ იღებდნენ - ეს არის მნიშვნელოვანი - ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში კადრების შერჩევა უნდა ხდებოდეს კონკურსით. მოკლედ რომ ვთქვათ, სამსახურში უნდა იღებდნენ ყველაზე ღირსეულს და არა ნათესავს, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს. გამგებლებად, მინისტრის მოადგილეებად, დეპარტამენტის უფროსებად ღირსეულები უნდა ინიშნებოდნენ. შერჩევა უნდა მოხდეს კონკურსის საფუძველზე, რომელიც ყველასთვის გამჭვირვალე იქნება.

ყველა ტენდერი უნდა იყოს ელექტრონული. აი, ეს სკოლა გაკეთდა ტენდერით.

ხშირად ისმის შეკითხვა როგორ ხდება ტენდერის მოგება-არმოგება. ძალიან მარტივია - კომპიუტერები ყველას აქვს, ყოველ შემთხვევაში, ამ სკოლაში. ვინც ნაკლებ ფასად უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ტენდერსაც ის მოიგებს. ამისთვის სულაც არ არის საჭირო თბილისში კაბინეტებში სიარული. კორუფციასთან ბრძოლის მეორე ქვაკუთხედი არის ეს.

ჩვენ შევძელით საქართველოში დანაშაულის დამარცხება. ხშირად ვამბობ, ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ საქართველო სუფთა იყოს დანაშაულისგან. ჩვენთან 5-ჯერ ნაკლებია დანაშაულის დონე, ვიდრე რუსეთში და 30 პროცენტით ნაკლები გერმანიასთან შედარებით. სხვათა შორის, უცხოეთში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ქართველები ჩაიდიან დანაშაულს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში დამნაშავეებს არ დაედგომებათ, სამწუხაროდ, მათი ექსპორტირებაც მოვახდინეთ.

ჩვენ შევძელით, რომ ქვეყანა გაგვესუფთავებინა დანაშაულისგან, კორუფციისგან და ახლა ვცდილობთ, ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაც ავაშენოთ იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ძალიან გვიჭირს.

დანაშაულის დაძლევა სწორედ იმის ხარჯზე მოვახერხეთ, რომ ვიგრძენით - ეს არის ჩვენი ქვეყანა. დაკავებულებს პოლიციაში აღარავინ აღარ აწამებს, აღარავინ აღარ ცემს, აღარავინ აღარ უერთებს ელექტროსადენს. ალბათ, გახსოვთ ის დრო, როდესაც ქვეყანაში ერთადერთი ადგილი სადაც იყო დენი, იყო პოლიციის განყოფილება - ადამიანს მიუერთებდნენ სადენს, დააწერინებდნენ იმას, რაც უნდოდათ რომ დაეწერა, შემდეგ გადაახდევინებდნენ ფულს და ამის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ.

ასე რომ, ეს არის ის, რაც ჩვენ შევცვალეთ. იმით, რომ კორუფცია აღარ არის, დანაშაული შევამცირეთ, არსებითად გამოიცვალა დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი - ყოველივე ამით, ჩვენ იმპერიულ სივრცეს ვემშვიდობებით.

მართალია, უმაღლეს სასწავლებლებში კორუფცია იყო, მაგრამ შეიძლება იკითხოთ: რა შუაშია სკოლებიო? შესაძლოა, ხალხი იძულებული იყო ფული შეეკრიბა, რაც, თავისთავად, კარგი არ იყო, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა.

ყველაფრის საფუძველი სკოლაში იდება. სწორედ სკოლაში იქმნება ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საფუძველი. რა იყო საბჭოთა სკოლა? იდეა ასეთი იყო, რომ უნდა ყოფილიყო ციხე-კოშკი, გალავანი, რომლის შიგნით შეღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა და  წიგნები უნდა დაგვეზეპირებინა. მეც ასეთ სკოლაში გავიზარდე და თქვენც. პრინციპში, მოთხოვნაც ეს იყო, რადგან საბჭოთა კავშირი მორჩილ ქვეშევრდომებს ზრდიდა. ჩვენ გვინდა გავზარდოთ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები, ავტონომიური პიროვნებები, რომლებიც გლობალიზებული სამყაროს, დემოკრატიული საზოგადოების, საქართველოს მრავალეთნიკური და მრავალფუნქციური საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებენ, საკუთარ ადგილს მონახავენ და წარმატების მიღწევის სწორ გზას აირჩევენ.

განათლების ის სისტემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა, ხაზს უსვამდა ჩვენ განსხვავებას. ხაზგასმით მიგვანიშნებდნენ - იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ცხოვრობ, შენ ხარ სომეხი, შენ ხარ აზერბაიჯანელი, შენ ხარ აფხაზი, შენ ხარ ოსი, შენ ხარ კათოლიკე, შენ - მართმადიდებელი, შენ ვერელი ხარ, ხოლო შენ - ვარკეთილელი. პირადად მე, როდესაც ერთი სკოლიდან მეორეში გადავედი, პირველი შეკითხვა, რომელიც დამისვეს იყო: რატომ გადახვედი ამ უბნიდან იმ უბანში? ვის იცნობ? რა გაგების ხარ?

ჩვენ ვქმნით ისეთ სკოლას, რომელშიც ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენს ერთიანობას. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ქართული ენის გაძლიერებულ სწავლებას. არაქართულ სკოლებში საგნების 30 პროცენტი ქართულ ენაზე უნდა ისწავლებოდეს, რადგან საქართველოში ქართული ენის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. შემოგვაქვს ინგლისური ენა, რადგან გლობალიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და სწორედ ამიტომ,  აბიტურიენტების 70 პროცენტი წელს საქართველოში უცხო ენის გამოცდისთვის ირჩევს ინგლისურ ენას. შარშან კი ინგლისური ენისა და რუსული ენის ჩაბარების მსურველი თანაბარი რაოდენობით იყო - 40-40 პროცენტი. ახლა რუსულს მხოლოდ 10 პროცენტი აბარებს. რუსული არჩევითი ენა პირველი კლასიდან იმიტომ არ გამხდარა, რომ ჩვენ რუსულს ვემტერებით. თუ ხვალ რუსული გახდება კომუნიკაციის საყოველთაო ენა და თუ ყველა ჩინელისთვის, ნორვეგიელისთვის, ამერიკელისთვის წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება რუსულის ცოდნა, ჩვენც უნდა ვისწავლოთ რუსული. ჯერ-ჯერობით ეს ასე არ არის და, სამწუხაროდ, რუსულმა ენამ ის პოზიციაც დათმო, რომელიც ეკავა. ამიტომ, უნდა გადავიდეთ იმ ენაზე რომელიც ყველაზე  მეტად მოგვცემს ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.

ჩვენი ამოცანაა შეუქცევადად ვაქციოთ ის პროცესები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. ყოველივე ამაში კი, მასწავლებელთა როლი აბსოლუტურად გადამწყვეტია.

ვიცი, რომ მასწავლებლებს ბევრად ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე უნდა ჰქონდეთ.

ვიცი, რომ თქვენ, პრაქტიკულად, სასწაული მოახდინეთ 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩამოიშალა და უდენობის, უგზოობის, უხელფასობის, უიმედობის პირობებში სტანდარტების შენარჩუნება შეძელით.

თქვენ ასწავლიდით არა იმიტომ, რომ ამაში ფულს გიხდიდნენ, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეგეძლოთ; იმიტომ, რომ ეს იყო თქვენი ცხოვრების დანიშნულება და არსი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი პრიორიტეტი გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ ამაზე დიდი პრიორიტეტი ქართულ სახელწიფოს არ აქვს. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უფრო განათლებულნი, ვიდრე ბავშვები მეზობელ ქვეყნებში, უფრო წარმატებული, გონებაგახსნილი და უფრო წინწასული ცხოვრებაში. ამ სასწაულის მოხდენა, ბუნებასთან ერთად - ქართველი ხალხი ძალიან ნიჭიერია, შეგიძლიათ, უპირველეს ყოვლისა, თქვენ.

ამიტომ, ჩვენ შემოვიღეთ დამატებითი სტიმულები, რათა, ერთი მხრივ, სკოლებში სწავლის დონე  ავამაღლოთ, ვფიქრობ, ამას გაგებით ეკიდებით - ძალიან ბევრი გავიდა სასერთიფიკატო გამოცდებზე და, მეორე მხრივ, ამ გამოცდის ჩაბარების სტიმული მოგცეთ. არა როგორც ადრე, როდესაც გამოცდას მუქარის სახე ჰქონდა: „თუ არ ჩააბარებ, სკოლიდან გაგიშვებ" - ამის განხორციელება ამიტომაც ვერ შეძლეს.

სერთიფიკატი მართლაც სტიმულია, რადგან თუ გამოცდას ჩააბარებ მეტი ხელფასი, უფრო დიდი თანამდებობა და მეტი დაფასება გექნება ქვეყანაში. ყველაფერი თანამედროვე შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება.

ჩვენი ბავშვების მესამედი 180 ათასზე მეტი ბავშვი გავიდა წელს ოლიმპიადებზე. ოლიმპიადები რამდენიმე წლის წინათ საერთოდ გაუქმებული იყო. ეს არის ძალინ დიდი წინსვლა, რადგან აქედან ჩანს, რომ ჩვენი ბავშვები საბაზრო ეკონომიკას მოერგნენ და სურთ ერთმანეთს შეეჯიბრნონ.

ჩემს ბავშვობაში და, განსაკუთრებით, 90-იან წლებში, ძირითადად, გოგოები სწავლობდნენ კარგად, რადგან თუ ბიჭი კარგად სწავლობდა, თეთრი ყვავის როლში იყო. საერთოდ, კარგად სწავლას ცუდ ტონად მიიჩნევდნენ. ახლა, თანამედროვე ახალგაზრდობაში კარგად სწავლას დიდი ფასი აქვს. ამას ბევრმა რამემ შეუწყო ხელი. ხელი შეუწყო იმანაც, რომ მას შემდეგ, რაც მანდატურები გაჩნდნენ, დანაშაული სკოლებში 80 პროცენტით შემცირდა.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ამას ბევრი ეწინააღმდეგება და ებრძვის პოლიტიკურ სპექტრში, რა თქმა უნდა, ძალზე რთული პროცესია ახალი ელემენტების დანერგვა, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ წესრიგი და დისციპლინა დამყარდა. მეთორმეტეკლასელები დაბრუნდნენ სკოლაში. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მეთორმეტე კლასში საგნების სწავლება არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ  ხომ დაბრუნდენენ? ამაშია საქმე. ამბპბდნენ, რომ მთავრია თავისუფლად განვავითაროთ უნარები, მაგრამ უნარი და ცოდნა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

ასევე გამოვიდნენ ლოზუნგით „ჩვენ არ გვინდა ცოდნა, გვინდა უნარები". უნარი უნდა ეფუძნებოდეს ცოდნას, თავისუფლება კი უნდა ეფუძნებოდეს ინფორმაციას. ინფორმირებული ადამიანი ბევრად უფრო თავისუფალია და, ამავე დროს, ბევრად უფრო მეტად აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს არის ფუნდამენტური კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ახლა განათლების სისტემაში ვატარებთ.

რაც შეეხება სტიმულებს ხელფასებთან დაკავშირებით. საქართველოს სკოლებში საშუალო ხელფასი დღეს 380 ლარია, სერტიფიკატის გავლის შემთხვევაში, ეს პირველი საფეხურია და ყველაზე ადვილია, ემატება 75 ლარი ხოლო, სერტიფიცირებული მასწავლებლის ხელფასს ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კიდევ 125 ლარი ემატება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჰიპოტეთური რამ - 900 ადამიანი გავიდა ამ გამოცდაზე და როგორც მითხრეს, აბსოლუტურმა უმრავლესობამ პირველივე ცდაზე ჩააბარა. მოთხოვნა არის მინიმალური - ინტერნეტში, ლექსიკონის დახმარებით, მოძებნო ნებისმიერი რამ და PowerPoint-ის პროგრამაში გააკეთო პრეზენტაცია. საბოლოოდ, ყოველივე ეს საქართველოს საშუალო სკოლებში მოგვცემს 580 ლარს საშუალო ხელფასს.

ამას წინათ, სტატისტიკა ვნახე და რუსეთში, სადაც ჩვენთან შედარებით 10-ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ ერთ სულ მოსახლეზე ბოლო ხანებში ნავთობთან დაკავშირებით, ხელფასი ბევრად ნაკლებია.

სერტიფიცირებულ მასწავლებელთა საუკეთესო 25 პროცენტის ხელფასი 1000 ლარი იქნება. ეს ქულებით ითვლება და იმედია, ყველა ერთად დავხვეწთ გამოცდების სისტემას, რათა ეს სისტემა იყოს სამართლიანი. 1000 ლარი იქნება იმ პედაგოგის ხელფასი, რომელიც გაივლის სერთიფიცირების ყველა ზემოაღნიშნულ საფეხურს. 

მენტორი მასწავლებლის ხელფასი არის 160 ლარი, რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ ბევრად მეტი იყოს. მაღალმთიანი პროგრამის სახელფასო დანამატი თუ არ ვცდები 1000 ლარია.

ახლა ჩვენ ვუშვებთ სახელმძღავანელოებს, სადაც, მაგალითად, მათემატიკა ერთდროულად იქნება სომხურად და ქართულად, აზერბაიჯანულად და ქართულად, ოსურად და ქართულად, რუსულად და ქართულად. ბილინგვური სწავლების შემთხვევაში მასწავლებელს კიდევ 200 ლარი ემატება. ჩვენ, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 60-70 ასეთი მასწავლებელი გვყავს. რატომ? იმიტომ რომ კუნძულებად დარჩნენ, აქაც არის ასეთი მეზობელი სოფლები, სადაც ყველა საგანი ისწავლება სხვა ენაზე და ქართულის მასწავლებელი, მხოლოდ ერთ საგანს - ქართულს ასწავლის. ეს ხდება იმ პირობებში როდესაც, ვთქვათ, ჯავახეთში, თქვენს მეზობლად, ამხელა ეკონომიური აქტივობაა - ჰესების, ავტობანის, რკინიგზის სადგურისა და დიდი რკინიგზის მშენებლობა მიმდინარეობს; უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი გზები აშენდა, ზამთრის სათხილამურო კურორტს ვუშენებთ... ქართული ენის ცოდნა აუცილებელია წარმატებისთვის. ამიტომ, ის მასწავლებლები, რომლებიც ბილინგვურ სწავლებას შეძლებენ, დამატებით 200 ლარს მიიღებენ.

ამას გარდა, ბევრი იწუწუნეს იმის თაობაზე, რომ ჰუმანიტარულ დარგებზე მაგისტრატურას სახელმწიფო, პრაქტიკულად, ძალიან მცირე ნაწილს უფინანსებს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა პროფესიას, მაგრამ ვისაც სურს დავუფინანსოთ მაგისტრატურაში სწავლა ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე, წავიდეს ამ რეგიონებში და ასწავლოს ბავშვებს ქართული ენა. იმას გარდა, რომ ეს ახალგაზრდები მიიღებენ 500-ლარიან ხელფასს, მიიღებენ მაგისტრატურის დაფინანსებასაც. თუ გინდა კლასიკურ ფილოლოგიაში მაგისტრის ხარისხის გაკეთება, დაგიფინანსებთ, ოღონდ მანამდე წადი და ერთი წელი ასწავლე ეთნიკურ სომხებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ეთნიკურ რუსებს ქართული ენა. ამ ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღებენ 500 ლარს,  უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ფართით და კიდევ ის სტიმულები ექნებათ, რომლებზეც უკვე მოგახსენეთ.

წელს ჩვენ 60 ათას ნოუთბუქს დავარიგებთ, რომლებიც აწყობილი იქნება საქართველოში, ეს არის პირველი მაღალტექნოლოგიური წარმოება. ჩვენს რეგიონში მსგავსი წარმოება იყო მხოლოდ რუსეთში და ახლა იქნება საქართველოშიც. ამ კომპიუტერებზე გაჩნდება წარწერა „გამოშვებულია საქართველოში".  დაწყებითი კლასების სამი ათას მასწავლებელს ეს „ბუქები" გადაეცემა უფასოდ.

თქვენ ნახეთ როგორი სკოლა აშენდა აქ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრ სკოლაში არის მძიმე მდგომარეობა. 2013 წელს საქართველოში არ დარჩება არც ერთი სკოლა, რომელშიც ცუდი პირობები იქნება.

სხვათა შორის, ამას წინათ, თბილისში გავხსენი ფრანგული ლიცეუმი, სადაც სწავლა რამდენიმე ათასი დოლარი ღირს წელიწადში. იქ მხოლოდ ელიტური ოჯახების წევრები სწავლობენ. მინდა გითხრათ, რომ ეს სკოლა - ტაძრისის სკოლა, არაფრით არ ჩამოუვარდება იმ სკოლას. ეს არის ჩვენი სიამაყე. აქ სწავლა ტაძრისელებისთვის უფასოა. ის სკოლა არის თბილისის ცენტრში და იქ მდიდართა შვილები სწავლობენ, აქ კი, მართალია, ხალხს უჭირს, მაგრამ უკეთესი სკოლა აქვთ, სადაც სწავლა უფასოა.

სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ჩვენ გვექნება უკეთესი სკოლები, ვიდრე არის თბილისის ან ამსტერდამის ცენტრში, ან კოპენჰაგენის რომელიმე რაიონში. ჩვენ მათი მსგავსი ხელფასები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ როგორც ხედავთ, იზრდება, თუმცა ჩვენ გვექნება ისეთივე სკოლები. 

რამდენიმე თვეში ახალი სკოლა გვექნება ნოქალაქევში, ასევე ძალიან კარგ სკოლას ვაშენებთ ახალქალაქში, რომელიც მომავალი წლის დასაწყისიდან შევა ექსპლუატაციაში. გაზვიადაების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს მართლაც საშვილიშვილო, ისტორიული საქმეა.

ორ კვირაში კახეთში ვაზიანში ვხსნით ახალ სკოლას, ასევე სოფელ მელაანში. ამას გარდა სკოლები გაიხსნება მუხურაში, ფუთში, ახუთში, გურიაში - ხაჯალიასა და ჩიბათში, ჯახუნდერში - სვანეთში - ეს, პრაქტიკულად მიუსვლელი ადგილია და იმას გარდა, რომ მაღალმთიანი რაიონებში იხსნება სკოლები, მასწავლებლები ხეფასზე დანამატებს იღებენ.

აი, ეს არის ის, რის გაკეთებასაც ყველა ერთად ვცდილობთ.

ბევრი რამ იწვევს ინტერესს, მაგალითად ის, თუ რატომ მივიჩნევთ უპირატესად ტექნიკური საგნების შესწავლას. შეიძლება ხალხმა თქვას, რომ ისტორიაც გვჭირდება, მშობლიური ენა და ლიტერატურაც,  ყველაფერი დანარჩენი... მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემამ ადამიანები თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს უნდა მოარგოს.

ჩვენ არ გვჭირდება უმუშევარი სპეციალისტების გამოშვება. ჩვენ გვჭირდება ისეთი კურსდამთავრებულები, რომელიც სამსახურს იშოვნიან თანამედროვე მსოფლიოში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში (2008 წელს იყო მხოლოდ რამდენიმეთვიანი ჩავარდნა) უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება საქართველოში, ვიდრე აქედან მიდის. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნიდან აღარ მიდიან - მიდიან, მაგარამ უფრო მეტი ბრუნდება. ეს ნიშნავს რომ ახალგაზდრებმა შეწყვიტეს წასვლა. ახალგაზრდობა იმიტომ აღარ მიდის, რომ შანსები და იმედები გაჩნდა. ახალგაზრდები საკუთარ ქვეყანაში რომ გამაგრდნენ, ჩვენ გჭირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილები, სამუშაო ადგილებზე კი - კვალიფიციური კადრები.

უკვე დაწყებულია რამდენიმე დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და უახლოეს თვეებში 10 -15 ჰესის მშენებლობას ვიწყებთ. 30 ათასი სპეციალისტი გვჭირდება, ვინც ჰიდროენერგეტიკაში იმუშავებს. საიდან უნდა მოვიყვანოთ დღეს ეს ხალხი? უნდა მოვიდეს ის, ვინც იცის ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია - ტექნიკური დარგები, ვისაც დამთავრებული აქვს ტექნიკური სასწავლებლები. ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხმა გზა გაიკვალოს ცხოვრებაში.

კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს. რა არის ჩვენი, საქართველოს უპირატესობა ყველა სხვა ქვეყნებთან შედარებით? რატომ არის განათლება ასე მნიშვნელოვანი? მე ხშირად მომაქვს სინგაპურის მაგალითი არა იმიტომ, რომ სინგაპურის პოლიტიკური სისტემა მომწონს - ჩვენ არ მოგვერგება ეს სისტემა, ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს. ჩვენ არასდროს არ გვქონია უფროსის ასეთი კულტი, თუ არ ჩავთვლით დაპყრობის პერიოდებს. ჩვენი ხალხი არის თანასწორი, ქედმაღალი და ვერ იტანს ბატონობას, რადგან ჩვენი საზოგადოება სულით არის თავისუფალი. ჩვენი ხალხი ვერც გაწკეპვლას აიტანს და მოითმენს, როგორ ეს სინგაპურში ხდება, მაგალითად, საღეჭი რეზინის დაღეჭვისთვის ან არასწორ ადგილზე გადაგდებისთვის. ჩვენი ხალხი შეძლებს განვითარდეს მხოლოდ თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობებში. სინგაპური არის მრავალეთნიკური ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ძალიან მტრულ გარემოცვაში იმყოფებოდა, მაგრამ მან მოახერხა ახალი სახელწიფოებრივი ერთობის შექმნა. იქ არ აქვს მნიშვნელობა ჩინელი ხარ, მალაიზიელი, ინდოელი, ინდუსი - იქ ყველა სინგაპურელია.

აი ასეთივეა საქართველო. დაპყრობის პრობლემა სულ სხვა რამ არის, მაგრამ საქართველოს არ ექნება სეპარატიზმის პრობლემა, როდესაც წინ წავალთ და როცა განათლების სისტემა შექმნის მყარ საფუძველს არა მხოლოდ იდეოლოგიის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური წარმატებისთვის.

და მეორე, რას ეფუძნებოდა საქართველოს გავლენა საუკუნეების განმავლობაში? ეფუძნებოდა საგანმანათლებლო და კულტურულ უპირატესობას. საქართველოს ძალაუფლებლების გავრცობა, ძირითადად, იარაღის ძალით კი არ ხდებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ომები გამოვლილი გვაქვს, ძირითადად, თავდაცვითი ომები; რატომ არის რომ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე არის ქართული კულტურა და ქართული ძეგლები? უპირველესად, იმიტომ, რომ აქ იყო განათლების და ცივილიზაციის უფრო მაღალი დონე. რატომ აქვს საქართველოს ამხელა გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზე? იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის  ვიყავით ორგანიზებული და საუკუნეების განმავლობაში გვქონდა ცივილიზებული ცხოვრების წესი.

რატომ ჰქონდა საქართველოს გავლენა მთელ ამიერკავკასიაზე საუკუნეების განმავლობაში? რატომ იყვნენ განმანათლებლები ქართველები?.. მაგალითად, ანთიმოზ ივერიელი, რომელმაც რუმინეთში უზარმაზარი კულტურის ცენტრი შექმნა და, ალბათ, ერთ-ერთი პირველი განმანათლებელია რუმინეთის ისტორიაში; ან პეტრე იბერი, რომელმაც შექმნა პეტრიწონის მონასტერი. ეს უბრალოდ მონასტერი კი არა, განათლების დიდი კერა იყო -   ეს იყო ქართველების უზარმაზარი გავლენა ათონის მთაზე, რადგან საქართველოს ჰქონდა ცივილიზაციური უპირატესობა.

ჩემი თვალსაზრისით, მედეას მითის მიხედვით, იასონი არც ცხვირის ტყავის წასაღებად ჩამოსულა აქ და არც უბრალო მძარცველი იყო. იგი ჩამოვიდა უპირატეს ცივილიზაცისათან ამ ცივილიზაციის უპირატესობის გადაღების და შემდეგ თავისთან დანეგვის მიზნით. ჩვენი უპირატესობა სწორედ ეს არის.

ამიტომ, რაც უფრო მეტად გავძლიერდებით, მით უფრო შეუძლებელი იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის დამარცხება და მით უფრო ადვილად დავიბრუნებთ დაპყრობილ ტერიტორიებს. მათ [რუსეთის] მოდელს პერსპექტივა არ აქვს და ამას მათი ლიდერებიც აღიარებენ. მოუსმინეთ ჩემი რუსი კოლეგების ბოლო თვეების გამოსვლებს. ისინი ღიად ამბობენ ყველაფერს, მაგრამ ასე იყო ჩვენთანაც შევარდნაძის დროს. შევარდნაძეც აღიარებდა, რომ კორუფცია და განუკითხაობა სუფევდა - ათასგვარ კომისიას ქმნიდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა...  დღეს მათი საყრდენია სამხედრო ძალა, მათი ტანკები, თვითმფრინავები და  ნავთობის მაღალი ფასი - ამას აღიარებენ კიდეც. ჩვენი საყრდენი კი ჩვენი ცივილიზაციური განვითარება და უპირატესობაა.

ის, რომ დღეს აქ არის ყაზახეთის დელეგაცია, რომელიც სწავლობს საგადასახადო რეფორმას, პოლიციის  რეფორმას; ის, რომ გასულ კვირას აქ იყო მოლდოვას შინაგან საქამეთა მინისტრი და ერთი კვირა გაატარა, რათა ჩვენი რეფორმები გაეზიარებინა... რუსეთში პოლიციელებს „გენაცვალეებს"ეძახიან, რადგან მთელმა რუსეთმა იცის, რომ ყველაფერი საქართველოს გამოცდილებიდან „გადმოიხატეს" (სხვა საკითხია, რომ  ასლის გადაღებისას მთავარი სული იკარგება, მაგრამ ეს რეალურად ასეა); ის, რომ  უკრაინაში ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობს და ამაზე სომხეთშიც ლაპარაკობენ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ცივილიზაციური უპირატესობის ისტორიული როლი.

იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეუქცევადი იყოს, საფუძველი თქვენთან, სკოლაში ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს. ყველა ეს ინტიტუტი და ყველა წარმატება შეუქცევადი იქნება, თუ სკოლა გვექნება ძლიერი და ძლიერი მასწავლებლები გვეყოლება.

ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს და დღეს ამ პროგრესს აქვს შეუქცევადი ხასიათი.

დაკვირდით, რაზე მიდის დღეს პოლიტიკური დებატები და დავა: საზოგადოებას ჩვენ რაღაც ახალს ვთავაზობთ და ვნერგავთ, ხოლო პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი გაიძახის, რომ ეს ყველაფერი არ გვჭირდება. ჩვენ ვთესავთ სიმინდს, ისინი კი ამბობენ: არ გვინდა ახალი სიმინდი - დაგვიბრუნეთ ჩვენი ძირძველი ქართული სიმინდიო. რომელია ძირძველი ქართული სიმინდი? სიმინდი ევროპელებმა ამერიკიდან ინდიელებისგან გადმოიღეს და შემდეგ ჩვენ დავთესეთ საქართველოში. სხვათა შორის, აბაშის ექპერიმენტი იყო ჰიბრიდული სიმინდის დანერგვა აბაშაში... რამდენად გაუნათლებლები არიან ისინი, ვინც ამბობს: ჩვენს ძირძველ სიმინდს იშორებენ თავიდან და ამერიკული სიმინდით ანაცვლებენო. მაგრამ ეს ძირძველი სიმინდი ამერიკული რომ იყო, მათთვის არავის არ უთქვამს.

თუკი მიწებს არ მოვხნავთ, ვინ გამოგვკვებავს? ყველას თავისი გასჭირვებია, რადგან საკვები ყველგან გაძვირდა. ამიტომ მიწებიც უნდა დავამუშაოთ და რაც შესაწამლია - შევწამლოთ იმის მიუხედავად, რომ საწვავიც გაძვირდა და შესაწამლი მასალებიც, ასევე უამრავი სხვა ქიმიკატები, რაც დასამუშავებლად არის საჭირო. ამის ალტენატივა არ არსებობს. საკუთარი თავი ჩვენვე უნდა გამოვკვებოთ და ფეხზე დავაყენოთ.

რეალურად, დღესაც ბრძოლაა პროგრესსა და იმ ხალხს შორის, ვისაც პროგრესი არ უნდა და ეწინააღმდეგება კიდეც მას თავისი მოტივაციით. ჩვენთვის პროგრესის მიღწევა კაპრიზი კი არა, ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობის საბოლოო დამკვიდრების საკითხია.

მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გააკეთეთ. მინდა იცოდეთ, რომ თუკი რომელიმე ერთ პროფესიას ან რომელიმე ერთ ცალკე აღებულ მოღვაწეს საქართველომ ძეგლი უნდა დაუდგას, ეს არ იქნება არც პრეზიდენტის, არც რომელიმე მინისტრის ან  თუნდაც სხვა ძალიან ღირსეული პროფესიების წარმომადგენლის ძეგლი. ეს უნდა იყოს  პედაგოგის ძეგლი, რადგან თქვენ მოგვიყვანეთ აქამდე და მომავალშიც გაგვამაჯვებინებთ თქვენი მოკრძალებული, მაგარამ დიდად დასაფასებელი შრომით.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)